ისრაელსა და ჰეზბოლას შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ამოქმედდა
ისრაელის და ლიბანის დროით 04:00 საათზე ამოქმედდა აშშ-ის მონაწილეობით მიღწეული შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ისრაელსა და ლიბანში მოქმედ რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფება ჰეზბოლას შორის საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას.
26 ნოემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, 60 დღის განმავლობაში ისრაელის სახმელეთო ჯარებმა ლიბანის ტერიტორია უნდა დატოვონ, ჰეზბოლამ კი დაახლოებით 40 კილომეტრით უკან უნდა დაიხიოს ლიბანი-ისრაელის საზღვრიდან და ეს რაიონები ლიბანის არმიის სამხედროებმა უნდა გააკონტროლონ. ისრაელმა უნდა გააუქმოს ლიბანის სამხრეთში შექმნილი ბუფერული ზონა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდება ლიბანში. მისი განმარტებით, ისრაელი ინარჩუნებს სამხედრო მოქმედების სრულ თავისუფლებას და თუ „ჰეზბოლა“ დაარღვევს შეთანხმებას და შეეცდება შეიარაღებას, თავს დაესხმება.