მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა, შედეგები გაბათილდა
ქვემო ქართლში, მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე კენჭისყრა შეწყდა და შედეგები ბათილად გამოცხადდა. მიზეზი გავრცელებული ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, როგორ ყრიდა ერთი ადამიანი აღნიშნულ უბანზე ერტდროულად რამდენიმე ბიულეტენს. ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
მომხდარს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი შემდეგნაირად გამოეხმაურა:
„ვრცელდება მედია- და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის #69 საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში. ეს არის შემაშფოთებელი ინფორმაცია და საარჩევნო ადმინისტრაცია არ დაუშვებს – ამ ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში – იმის შესაძლებლობას, რომ ასეთმა იზოლირებულმა, მართულმა თუ მანიპულაციურმა შემთხვევებმა დააზიანოს ის მრავალთვიანი ძალისხმევა, რომელიც ჩვენ კენჭისყრის დღესთან მიმართებით ჩავდეთ“,- გიორგი კალანდარიშვილი.
ვიდეო , რომელიც ასახავს, ერთი ადამიანის მიერ საარჩევნო ყუთში რამდენიმე ბიულეტენის მოთავსების ფაქტს, ” საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.