,,მინისტრთა კაბინეტის წევრების ნაწილს პარტიულ თანამდებობებზე ვიხილავთ“
კოალიციაში პოლიტიკური დუღილი პიკს აღწევს. მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებები, დაპირისპირებები კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის, ბრძოლა გავლენების მოპოვებისა თუ განმტკიცებისთვის – დაახლოებით ასე გამოიყურება დღეს ქართული პოლიტიკური სივრცე. ამ ფონზე პარტები წინასაარჩევნო კამპანიის დაწყებას აჭიანურებენ, რაც დაძაბულ ატმოსფეროს კიდევ უფრო ამძიმებს. პოლიტიკური კულუარებიდან ჯერჯერობით მხოლოდ ის გახდა ცნობილია, რომ მმართველი გუნდი თუ ოპოზიცია პარტიების დაკომპლექტებას ახალი სახეებით ცდილობს. თუმცა, მათი ვინაობა ამ დრომდე არ კონკრეტდება.
რა შეცდომებსს უშვებს მმართველი გუნდი და ოპოზიცია, გამართლებულია თუ არა წინასაარჩევნოდ სამთავრობო კარუსელი, რატომ უნდა შექმნან პარტიებმა კოალიცია არჩევნების შემდეგ და არა მანამდე, რატომ არ სცემს პატივს ელექტორატს პოლიტიკური სპექტრი? – ინტერვიუ პიარისა და მარკეტინგული ტექნოლოგიების სპეციალისტ სოსო გალუმაშვილთან.
– გუშინ პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის კანდიდატად თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაასახელა. კოალიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, „რესპუბლიკელები” ხელისუფლების თითქმის ყველა შტოში გავლენების გაძლიერებას ხომ არ ცდილობენ?
– არჩევანი ისეთ ადამიანზე გაკეთდა, რომელიც საზოაგდოებისთვის თავისი პრინციპულობით, კონკრეტული წარსულითა და გარკვეული ღირებულებებითაა ცნობილი. აქედან გამომდინარე, თქვენს ამ შეკითხვაზე პასუხი პარლამენტშია. კოალიციაში შემავალი პარტიებისთვის რამდენად მისაღები კანდიდატურაა ანა დოლიძე, ეს პარლამენტში კენჭისყრის დროს გამოჩნდება. ზოგადად, ბოლო დროს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი აზრი გამოითქვა. დოლიძის კანდიდატურის დამტკიცება- არდამტკიცება სწორედ იმის ნიშანი იქნება თუ რამდენად მზადაა კოალიცია სასამართლოში სერიოზული რეფორმები გაატაროს.
– რაც შეეხება მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებს, უმრავლესობაში ითქვა, რომ პრემიერი მინისტრების ანგარიშით უკმაყოფილოა. ამდენად, ზოგიერთი მინისტრის ბედი უკვე გადაწყვეტილია. წინასაარჩევნოდ რამდენად მომგებიანია საკადრო ცვლილებები?
– რასაკვირველია ასეთი ცვლილებები გარდაუვალი იყო. თუმცა, საგულისხმოა, რომ ცვლილებების პროცესი ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნისთანავე არ განხორციელებულა. როგორც ჩანს, პრემიერს ახალი გუნდის კონფიგურაციის ჩამოყალიბებისთვის გარკვეული დრო დასჭირდა. სავარაუდოდ, მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები მარტში განხორციელდება. ალბათ ცვლილებები იმ სფეროების მიმართულებით იქნება, სადაც მთავრობას გარკვეული პრობლემები აქვს. ვგულისხმობ ეკონომიკურ გუნდს. ამ პროცესს შეიძლება ვუწოდოთ – ახალი პრემიერის ახალი გუნდის ჩამოყალიბებისთვის განხორციელებული ცვლილებები ან წინასაარჩევნოდ გადადგმული ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამდენად, მომავალში მინისტრთა კაბინეტის გარკვეული სახეები მთავრობის ნაცვლად პარტიულ თანამდებობებზე რომ ვიხილოთ, გამორიცხული არ არის.
– კოალიციაში შემავალ პარტიებს შორის არსებული დაპირისპირების ფონზე, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „ადრე თუ გვიან” კოალიციის დაშლა არ გამორიცხა. თუმცა, იქვე დასძინა, რომ ეს პროცესი წინასაარჩევნოდ არ მოხდება. როგორ ფიქრობთ, წინასაარჩევნოდ კოალიციაში სერიოზული წმენდაა მოსალოდნელი?
– დისკუსიები, რაც მედიის საშუალებით ვიხილეთ, ევროპულ დემოკრატიაში ჩვეულებრივი ამბავია. ზოგადად, საკუთარი ადგილის დამკვიდრებისთვის სიტუაციების გარკვევები და ცხარე დისკუსიები მიღებულია. თუმცა, არა იმ სახით, რაც ამ დაპირისპირებამ ჩვენთან მიიღო. ვფიქრობ, კონკრეტული პრეტენზიების გამოსათქმელად საინფორმაციო საშუალებები ძალიან უდიერად გამოიყენეს. რასაკვირველია, მსგავსი ხდება შვედეთში, პოლონეთში, სადაც კონკრეტულ პარტიებს უმრავლესობა არ აქვთ და იძულებულნი არიან კოალიციები შექმნან. თუმცა, როგორც წესი, ეს არჩევნების შემდეგ ხდება. ჩემი აზრით, საქართველოს მხრიდან დემოკრატიისკენ კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი იქნება თუ არჩევნებში მონაწილეობას არა კოალიციის, არამედ ბლოკის სახით მიიღებს. კოალიციის შექმნა პარლამენტშია შესაძლებელი. შესაძლოა, კოალიციაში სხვადასხვა ბლოკების პარტიებიც გაერთიანდნენ, რათა უმრავლესობა შეიქმნას. ძალიან ბევრ ქვეყანაში კოალიციები სწორედ ასეთი პრინციპით იქმნება.
2012 წლის არჩევნები მაინც განსაკუთრებული იყო. აქედან გამომდინარე, არავინ უყურებდა პარტიები რამდენად კლასიკურად მიდიოდნენ არჩევნებზე. ჩემი აზრით, დღეს საზოგადოება, ხელისუფლება და ოპოზიციაც მზად არის, რომ ჩვენთან ასეთი ტიპის დემოკრატიული ცვლილებები მოხდეს, რაც განვითარებულ და დემოკრატიულ დასავლეთთან კიდევ უფრო დაგვაახლოვებს, სადაც კოალიციების ჩამოყალიბება სწორედ პარლამენტში ხდება და არა მის გარეთ… თუმცა, უცნაური ფორმის ბრძოლები, რისი მოწმეც გავხდით, მიუღებელია. ეს იმ პოლიტიკოსებისა და პარტიების უმწიფრობაზე და ახალი რეალობის მიმართ მათ მოუმზადებლობაზე მეტყველებს. საზოგადოებას აინტერესებს, ამგვარი კინკლაობების ნაცვლად კონკრეტული პოლიტიკოსისგან რას მიიღებს და ქვეყანას რა სარგებელი ექნება. საზოგადოება ძალიან კარგად ხვდება, რომ ასეთი კინკლაობებით მოგებული შეიძლება პარტია დარჩეს, რომელიც პოპულარულობას მოიხვეჭს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში საზოგადოება. რაც კოალიციის კულუარებში უნდა გადაწყდეს, გარეთ ასეთი ფორმით არ უნდა გამოდიოდეს.
– სანამ პოლიტიკური პარტიები კინკლაობენ, ბოლო კვლევის შედეგმა აჩვენა, რომ ამომრჩევლის 61%-ს ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცეს ხმა. საზოგადოების მხრიდან ქართული პოლიტიკის მიმართ ერთგვარი ნიჰილიზმი იგრძნობა. არსებული სიტუაცია 2016 წლის არჩევნებზე ელექტორატის მოსალოდნელ დაბალ აქტივობაზე ხომ არ მიანიშნებს? პოლიტიკურ სპექტრს, ვისაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, ამ მხრივ სერიოზული საფიქრალი გაუჩნდა.
– ძალიან კარგი შეკითხვაა… ამ მხრივ არამარტო ხელისუფლებას მართებს დაფიქრება, არამედ მთლიანად პოლიტიკურ სპექტრს. რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს პოლიტიკური აისბერგის ზედა ნაწილია, ქვედა ნაწილში უფრო მეტი დუღილი მიმდინარეობს. ამასობაში ძალიან ბევრი პარტია და ახალი სახეები გამოჩნდნენ, რაც მისაღებია. თუმცა, წინასაარჩევნო ბრძოლა პრაქტიკულად ჯერ არ დაწყებულა. ეს ცოტა უცნაურია. საზღვარგარეთის ქვეყნების საარჩევნო მაგალითზე გეტყვით, რომ არჩევნებამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე ყველა პარტიული მუშაკი გამოვლენილია, საზოგადოებამ მომავალი კანდიდატების შესახებ იცის. ჩვენთან კი, ნებისმიერი 100 მოქალაქე რომ გავაჩეროთ, პარტიების პირველ ხუთეულსაც ვერ ჩამოთვლის. რაც ელექტორატის უპატივცემულობაა. რატომღაც წინასაარჩევნო სიების შედგენა მალულად ხდება. სახელისუფლებო თუ ოპოზიციურ პარტიებს ამის შესახებ ჯერ განაცხადი არ გაუკეთებია. ერთადერთი, ვინც მინიშნებასავით გააკეთა, ეს იყო ექსპრეზიდენტი და ოდესის ამჟამინდელი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი, მან თქვა, რომ პარტიაში რეორგანიზაცია მოხდება და ახალი ხალხი გამოჩნდება. თუმცა, ჩემი აზრით ეს უკვე დაგვიანებულია. მაგრამ, მის ნათქვამში საინტერესო ფრაზა იყო, რაც პოლიტოლოგებმა ვერ ან არ შეამჩნიეს. კერძოდ, სააკაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, ახალი სახეები კი არა, არამედ ახალი ხალხი იქნება. ფაქტობრივად, წინასაარჩევნოდ პარტია იმ ადამიანებით დაკომპლექტდება, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილია, მაგრამ აქამდე „ნაციონალური მოძრაობის” წევრები არ იყვნენ. ასეთი მინიშნება არჩევნებამდე რვა თვით ადრე გვაქვს, ეს მაშინ როცა უკვე წინასაარჩევნო შეხვედრები და ბანერების გაკვრა უნდა მიმდინარეობდეს. რატომღაც ისე დამკვიდრდა, რომ ბოლო მომენტამდე სიები არ ქვეყნდება. რაც პოლიტიკურ ლანდშაფტზე მოღვაწე პოლიტიკური პარტიების მხრიდან ძალიან დიდი შეცდომაა…
რაც შეეხება ამომრჩეველთა იმ 61% -ს, რომელიც შეიძლება ითქვას დაბნეულია და არ იცის ხმა ვის მისცეს. მნიშვნელოვანია პოლიტიკურმა პარტიებმა წინასაარჩვნო ბრძოლა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყონ. წესით, ეს ხელისუფლების ინტერესებში უნდა შედიოდეს, რომ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი მივიდეს არჩევნებზე. დანარჩენ პარტიებს, ვისაც მეტ-ნაკლებად თავისი ელექტორატი უკვე ჰყავს, რაც უფრო ნაკლები ადამიანი მივა არჩევნებზე, მათი პარლამენტში მოხვედრის შანსი გაიზრდება. აქედან გამომდინარე, სახელისუფლებო პარტიამ სტრატეგია უნდა აირჩიოს, რომ არჩევნებზე ხალხი მოიყვანოს. სხვათა შორის, იგივე სტრატეგია ახლადშექმნილ პარტიებსაც უნდა ჰქონდეთ. დანარჩენებს რაც შეეხებათ, იგივე „ნაციონალური მოძრაობა”, „თავისუფალი დემოკრატები”, ბურჯნაძის პარტიას, მათ თავისი გარკვეული მიმდევრები უკვე ჰყავთ.
– ანუ სახელისუფლებო თუ საპარლამენტო უმცირესობისთვის ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ ახალი სახეებია?
– პირდაპირ გეტყვით, ამ არჩევნებზე ახალი სახეები არ გვეყოლება. იმისათვის, რომ ახალი სახე ელექტორატისთვის მისაღებ ორიენტირად ჩამოყალიბდეს, ამას გარკვეული დრო სჭირდება. პრაქტიკულად, ამისთვის ოთხი თვეა დარჩენილი. შემდეგ უკვე ძალიან რთული იქნება ახალი სახეების წარმოჩენა.
– პარტიებისთვის ამომრჩეველთან საურთიერთო ენა მათი პროგრამებია, თუმცა, ამ დრომდე პროგრამა არც ერთს წარუდგენია. „პოლიტკომერსანტთან” საუბარში კოალიციის ზოგიერთმა წევრმა აღნიშნა, რომ ახალ პროგრამაში ძირითადი აქცენტი იგივე მიმართულებებზე გაკეთდება, რაზეც საუბარი 2012 წელს იყო. თქვენი აზრით, რატომ აყოვნებენ პარტიები პროგრამის წარდგენას და ეს რაზე მიანიშნებს?
– იგივე მიმართულებებზე აქცენტის გაკეთება კოალიციის მხრიდან ძალიან დიდი შეცდომა იქნება. რადგან პროგრამა, რომელიც ოთხი წლის წინ წარადგინეს, ფაქტობრივად, არ შეასრულეს. ჩემი აზრით, ვინც ეს გითხრათ, დიდი შეცდომა დაუშვა. ეს გამორიცხულია… რაც შეეხება პროგრამების წარდგენას, ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს. ჩემთვის ცნობილია მხოლოდ „გირჩის” ეკონომიკური პოგრამა, რომელსაც ალბათ, მალე პოლიტიკური პროგრამაც მოჰყვება. კარგია, რომ ასეთი ტიპის პროგრამა გამოქვეყნდა, რომლის გარშემო დებატები უკვე მიმდინარეობს. ამასთან დაკავშირებით მთავრობიდანაც იყო გამოხმაურებები, რაც იმას ნიშნავს, რომ „გირჩმა” სხვა პოლიტიკურ პარტიებს ერთი ნაბიჯით გაასწრო. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ეს ელექტორატისადმი პატივისცემის გამოხატვის ერთ-ერთი ფორმაა. პროგრამის განხილვაში მოსახლეობის ჩართვა ძალიან კარგ ტონად ითვლება, რაც ხარისხს აუმჯობესებს. ამიტომ, უნდა არსებობდეს მოთხოვნა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროგრამების წარდგენა, რომ ამომრჩეველი ინფორმირებული იყოს კონკრეტულად რას აძლევს ხმას, რატომ ირჩევს ამა თუ იმ პარტიას.
დღემდე არაინფორმირებული ამომრჩეველი გვყავს, რომელიც გარკვეული ემოციური ფაქტორების გავლენით აკეთებს თავის არჩევანს. მერყევი ელექტორატის ასეთი დიდი არმიაც იმიტომ გვყავს, რომ პარტიებს პროგრამები წარდგენილი არ აქვთ. როგორც ჩანს, არამარტო მოსახლეობა, არამედ პოლიტიკური სპექტრიც დაბნეულია. ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმები ჯერ არ აქვთ. ეს აქედანვე ჩანს. თუ პოლიტიკურმა პარტიებმა ამომრჩევლის ინფორმირებულობაზე არ იზრუნეს, ძალიან ცუდ შედეგს მივიღებთ. რაც ქვეყნისთვის და პოლიტიკური სისტემის გამართულად ჩამოყალიბებისთვის ცუდი იქნება.
