ნახევარგამტარებთან, ჩიპებთან და სხვა მრავალ პროდუქტთან დაკავშირებით ტარიფები უახლოეს მომავალში გამოცხადდება – დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ნახევარგამტარებზე ტარიფები უახლოეს მომავალში ამოქმედდება, თუმცა ისეთ პროდუქტებზე ტარიფებთან დაკავშირებით, როგორიცაა iPhone-ები და პლანშეტები, გარკვეული „მოქნილობა“ იმოქმედებს.
„ტარიფები არც ისე შორეულ მომავალში ამოქმედდება. როგორც ფოლადის, ავტომობილების, ალუმინის შემთხვევაში გავაკეთეთ – რომლებიც ახლა სრულად მოქმედებს – იგივეს გავაკეთებთ ნახევარგამტარებთან, ჩიპებთან და სხვა მრავალ პროდუქტთან დაკავშირებით და ეს უახლოეს მომავალში მოხდება. გვინდა, რომ ჩიპები, ნახევარგამტარები და სხვა ნივთები ჩვენს ქვეყანაში დავამზადოთ“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს და დასძინა, რომ ტარიფს მომდევნო კვირის განმავლობაში გამოაცხადებს.