პარლამენტმა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა „გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება.
ცვლილების თანახმად, გრანტად არ მიიჩნევა საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლობის მიერ გაცემული ის სახსრები, რომლებიც ხმარდება ან შეიძლება მოხმარდეს ისეთ საქმიანობას, რომელიც უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხოური პოლიტიკური პარტიის პოლიტიკური ან საჯარო ინტერესებიდან, მიდგომებიდან ან ურთიერთობებიდან გამომდინარეობს.
აგრეთვე, უცხოური გრანტის გამცემის მიერ გრანტის გაცემის წესი არ გავრცელდება როგორც „საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ორგანიზაციისათვის, ასევე ამავე ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტებზე.
აღნიშნული წესი ასევე არ გავრცელდება საფინანსო-საკრედიტო ინსტიტუტის მიერ გაცემულ გრანტებზე.
