“ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამჭვირვალობის სახელით მმართველი პარტია გადის არჩევნებზე და რეალურად, ამ იარლიყის, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან არის ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყი” – იაგო ხვიჩია
რეალურად, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან არის ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყი და მმართველი პარტია ასე გადის არჩევნებზე – ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
“მე მგონი, ასეთი უცნაური ფორმით გვეხმარებიან “ქოცები” ოპოზიციას. უბრალოდ, ოპოზიცია არის ცოტათი უხეირო, ჩემი კოლეგები და შანსებს სათანადოდ ვერ იყენებენ, თორემ “ქართულმა ოცნებამ” მეტი რა ქნას, რით დაგეხმაროს წინასაარჩევნოდ? ფაქტობრივად, ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც გამჭვირვალობის სახელით მმართველი პარტია გადის არჩევნებზე და რეალურად, ამ იარლიყის, გამჭვირვალობის მოტრფიალის უკან არის ჩრდილოეთისკენ მიმავალი მთავრობის იარლიყი. უბრალოდ, დაუშვებელია, ოპოზიციამ ასეთი ტიპის დახმარება წინასაარჩევნოდ არ გამოიყენოს. თითქოს, ეს რაღაცნაირი შეთანხმებული თამაშია, რომ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ არ მოიგო და მეორე, მესამე, ან მეოთხე საპატიო ადგილზე გახვიდე,” – განაცხადა ხვიჩიამ.
იაგო ხვიჩია ასევე გამოეხმაურა ამერიკის მიერ საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებას:
“ჩემი აზრით, ეს ყველაფერი საჭიროა იმისთვის, რომ ქართველი ხალხი მიხვდეს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, რომ “ქოცები” პატრიოტობის ნიღბის მიღმა, სინამდვილეში ყველაფრის ფასად, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის ფასად, ცდილობენ, შეინარჩუნონ ძალაუფლება. მე არ მგონია, რომ “ქართული ოცნება” ახლა ამ სანქციების გამო გაჩერდეს, საბოლოო ჯამში, ჩვენ გვიწევს ამ არჩევანის გაკეთება და შემოდგომაზე ერთპიროვნული მმართველობის დასრულება, თუ გვინდა, რომ ამ მოჯადოებული კავკასიური ცარცის წრიდან გამოვიდეთ,” – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.