რობერტ ვეიდი: საქართველო – ნეოლიბერალიზმი და ინდუსტრიული პოლიტიკა
რობერტ ვეიდი არის პოლიტეკონომიისა და საერთაშორისო განვითარების პროფესორი ლონდონის ეკონომიკურ სკოლაში (LSE). სტატია პირველად გამოქვეყნდა Le Monde Diplomatique-ში.
აპრილის ბოლოს ტატო ხუნდაძის მოწვევით ვიყავი საქართველოში, “საზოგადოებრივი კვლევის ცენტრში”, რომელიც წარმოადგენს მცირე სოციალ-დემოკრატიულ thinktank ორგანიზაციას და რომელსაც მხარს უჭერს ებერტის ფონდი. მასპინძელ მხარეს ასევე წარმოადგენდა მცირე სოციალ-დემოკრატიული პარტიის (სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის) ლიდერი და გარემოს დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი.
საქართველო დიდ სარგებელს ნახულობს საკუთარი სტრატეგიული ადგილმდებარეობით შავ ზღვასა და კასპიის ზღვას შორის აღმოსავლეთიდან-დასავლეთისკენ და აღმოსავლეთ ევროპას და ერაყს, ირანს და სამხრეთ აზიას შორის მდებარე ჩრდილოეთიდან-სამხრეთისკენ გამავალი გზებით (ეს ადგილმდებარეობა საქართველოს მოწყვლადს ხდიდა დაპყრობისა და ძარცვისთვისაც). ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა საბჭოთა კავშირში და საბჭოთა კავშირამდე ცარისტულ რუსეთში. რუსებს უყვარდათ აქ არდადეგების გატარება მისი დახვეწილი კულტურის, თერმული წყლებისა და შავი ზღვისპირეთის გამო. დედაქალაქი თბილისი იკვეხნიდა თავისი ბრწყინვალე ოპერით, XIX საუკუნის შუა წლებში აშენებული შენობით. საბჭოთა კავშირის პერიოდში საქართველოს ჰქონდა მსხვილი ინდუსტრიული სექტორი და დასაქმებულთა საკმაოდ დიდი საშუალო კლასი. ინდუსტრია მოიცავდა რთულ წარმოებასაც, როგორებიცაა: მანქანები და საბრძოლო თვითმფრინავები – ქუთაისში (ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი) იყო მანქანათმშენებელი ქარხანა, რომელიც ასაქმებდა 18, 000 ადამიანს, და საქართველოს უხვი თიხის მარაგი, რომელმაც ააყვავა კერამიკული ინდუსტრია.
როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილმა პოსტსაბჭოთა მთავრობებმა ბიძგი მისცეს სწრაფ და შორს მიმავალ პრივატიზაციის პროგრამას. დაიშალა ასობით ქარხანა და ჯართად გაიყიდა. 1990-იანი წლებიდან 2000-იან წლებამდე, ლითონის ჯართი წამყვან საექსპორტო საქონელს წარმოადგენდა.
2005 წლამდე, სულ რაღაც 15 წლის განმავლობაში, საქართველო საბჭოთა კავშირის ყველაზე უფრო მდიდარი რესპუბლიკიდან გადაიქცა ყველაზე უფრო ღარიბ ქვეყნად. ზრდა 2000-იანი წლების შუა ხანებამდე არ აღდგენილა. 1990-იანების შუა წლებიდან დღემდე საქართველოს მოსახლეობა მესამედით – დაახლოებით 3,4 მილიონამდე შემცირდა. ქვეყნის დიასპორა უმეტეს წილად რუსეთში, თურქეთსა და ევროპაშია. თითქოსდა ვიღაცას ნათქვამი ჰქონდეს: “გარიგება ასეთია: თქვენ იღებთ თქვენ დამოუკიდებლობას და თავისუფალ საბაზრო ეკონომიკას, მაგრამ თქვენ კარგავთ თქვენი მოსახლეობის მესამედს”.
მაღალი ემიგრაციის დონის მიუხედავად, ოფიციალური უმუშევრობა დაახლოებით 13% შეადგენს. მაგრამ “დასაქმებულები” მოიცავს “თვითდასაქმებულებსაც”, სადაც იგულისხმება ადამიანები მიწის მცირე ნაკვეთით, რომელზეც საარსებო მოსავალი მოჰყავთ. მათი უმუშევართა კატეგორიაში მოქცევა მოგვცემდა სურათს 50%-მდე უმუშევრობით. ბევრი ადამიანი მათხოვრობს თბილისის ქუჩებში (მე დავინახე ხანში შესული მათხოვარი კაცი, რომელიც შავებში ჩაცმული ასევე ხანში შესული ცოლის გვერდით იჯდა. ცოლი თავის “აიფონს” ამოწმებდა).
ქვეყნის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი შეადგენს მშპ-ს 10%-ს, ხოლო ადგილობრივმა ვალუტამ განიცადა დევალვაცია. მაგრამ ოფიციალური კრედიტებისა და ვალების (მაგ. იპოთეკა) 70% გამოხატულია დოლარში. ადგილობრივი ვალუტის დევალვაციასთან ერთად ვალის ოდენობაც ეროვნულ ვალუტაში იზრდება ისე, რომ ბოლო ერთი ორი წლის განმავლობაში საშუალო შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე იკლო.
მთავრობა აცხადებს, რომ პრობლემური სესხების წილი საბანკო სისტემაში იმ დონემდე არ გაზრდილა, რომ საფრთხე შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას.
ინდუსტრიული განვითარების სტრატეგიის შესახებ ერთდღიანი კონფერენცია, რომელსაც მე დავესწარი და რომელიც დაიგეგმა გაბედული სოციალ-დემოკრატების მიერ (მათი არგუმენტები ხშირად შერაცხულია როგორც “კომუნისტური”) – ბოლო 25 წლის განმავლობაში იყო პირველი კონფერენცია ამ თემაზე, განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ის გაიმართა პარლამენტის შენობაში. კომუნიზმის დაცემიდან მოყოლებული ისეთი ფრაზა, როგორებიცაა: “ინდუსტრიულოი პოლიტიკა” აკრძალულია – თუ არ ჩავთვლით ზოგიერთი ეკონომიკის მინისტრის ხატოვან გამოთქმას: “საუკეთესო ინდუსტრიული პოლიტიკა -ინდუსტრიული პოლიტიკის არქონაა”.
ეკონომიკური პოლიტიკა დიდი ხანია წყდება ერთი კითხვის საშუალებით: თუ როგორ დავშორდეთ მაქსიმალურად იმას, რასაც საბჭოთა კავშირის მთავრობები აკეთებდნენ? ფრიდრიხ ჰაიეკსაც კი შერცხვებოდა ასეთი ექსტრემალური ნეო-ლიბერალიზმისგან. აქ ფაქტიურად არ არსებობს კეთილდღეობის სახელმწიფო. საშემოსავლო გადასახადი ყველასთვის თანაბრად 20%-ს შეადგენს, მოგების – 15%-ს, ხოლო დივიდენდების გადასახადი – 5%-ია. მთავრობა, რომელიც მხარდაჭერილია ბანკებისა და სათამაშო ფირმების მიერ, მიისწრაფის შემოიღოს ესტონური საგადასახადო მოდელი, რომლის მიხედვითაც, კომპანიები თავისუფლდებიან მოგების გადასახადისგან, თუკი ისინი მოახდენენ მოგების საკუთარ ბიზნესში რეინვესტირებას. თუმცა ტერმინი “რეინვესტირება” ბუნდოვანია, რაც იძლევა საკმაო საშუალებებს, რათა თავიდან აიცილონ კორპორატიული გადასახადები. ყველა “კარგი” განათლების მიღების საშუალება კერძოა. ყველაზე კარგად ორგანიზებულ და ყველაზე გავლენიან ლობის ამერიკის სავაჭრო პალატა წარმოადგენს, საქართველოს მეწარმეთა ასოციაცია ახლახან შეიქმნა.
თბილისის მოსახლება ერთ მილიონს სცდება, რაც მთელი მოსახლეობის მესამედია. ქუჩები ისეთივე სუფთაა, როგორც ლონდონში, მაგრამ საგზაო მოძრაობის გადატვირთულობა შემზარავია, თვალების მწველი ჰაერი ყველა გამონაბოლქვზე მავნეა (თუმცა არც ისეთი საშინელი როგორ დელიში ან პეკინში). საჯარო ტრანსპორტი არც ისე ბევრია და ცოტა თუ გაბედავს ველოსიპედით მოძრაობას.
ურბანული დაგეგმარება თვალშისაცემია მისი არარსებობის გამო. საბჭოთა ეპოქის პარკები და სხვა საზოგადოებრივი შენობები ბულდოზერებითაა დანგრეული, რათა გზა დაეთმოს თვალშისაცემად მახინჯი, ერთმანეთზე მიჯრით მდგარი მრავალბინიანი საცხოვრებლებისთვის, რომელთაც არც პარკები გააჩნიათ და არც ავტოსადგომები.
პრივატიზებული ქუჩები
თუ სამშენებლო ფირმას სურს, რომ ცარიელ ადგილას ააშენოს საცხოვრებელი კომპლექსი, მან ხელმძღვანელობისთვის უნდა გაიღოს “რაიმე” საკმარისი და დიდი ალბათობით მოიპოვებს უფლებას. რამდენიმე უკვე არსებული ქუჩა “პრივატიზირებულია” – ისე რომ ქუჩის “მფლობელი” კრეფს გადასახადს თითოეული სატრანსპორტო საშუალებიდან. როგორც წესი, ცნობილი არაა, ვინ “ფლობს” ამ კერძო ქუჩებს, მაგრამ ნათელია, რომ ეს ქუჩები აგებულია სახელმწიფო სექტორის და არა კერძო მფლობელის მიერ. შეგვიძლია დავასახელოთ როგორც მინიმუმ ერთი შემთხვევა: დიდი სასტუმრო ისეა განლაგებული ქუჩაზე, რომ ტაქსებს, რომლებიც მიდიან სასტუმროს მიმართულებით უწევთ საფასურის გადახდა. მეორე მხრივ, წინა და ახლანდელი ხელისუფლების პირობებშიც უწინ არსებული ყოველდღიური წვრილმანი კორუფცია თითქმის აღმოფხვრილია, რაც არსებითად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს ყოველდღიურობის დონეზე. და თბილისს დღემდე აქვს ლამაზი ბოტანიკური ბაღი – სადაც შესვლისას ფულს იხდი.
მოქმედი მთავრობაა კოალიცია სახელწოდებით “ქართულ ოცნება” (აერთიანებს მემარცხენე ცენტრისტულ პარტია “ქართულ ოცნებას”, მრეწველების ცენტრისტულ პარტიას და საქართველოს მემარჯვენე კონსერვატიულ პარტიას). მთავრობას ზურგს უმაგრებს ქართველი ოლიგარქი (ბიძინა ივანიშვილი), 2012 წლის ფორბსის მსოფლიო მილიარდერთა სიაში 153-ე ადგილს იკავებს. მან წარმატებას 1990-იან წლებში რუსეთში მიაღწია და თავისთვის აშენებული აქვს გრანდიოზული სასახლე მაღალ მთებზე, რომელიც თბილისს გადმოყურებს. 2016 წლის არჩევნებისთვის კოალიციას კონკურენციას მარჯვნიდან გაუწევს მასზე უფრო ნეო-ლიბერალური ოპოზიციური პარტია. ეს პარტია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – იყო მმართველი პარტია კოალიციის მოსვლამდე, მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით (პრეზიდენტი 2004-7 და 2008-13 წლებში), რომელიც დღეს უკრაინაში ოდესის მთავრობაშია.
ენმ-ი და მისი საგარეო მხარდამჭერები (ამერიკის რესპუბლიკური პარტიის სენატორები და ევროპის სახალხო პარტია ევროპის პარლამენტში) ქართულ ოცნებას უტევენ როგორც “პრორუსულს” და აცხადებენ, რომ მისი არჩევნებში გამარჯვება რუსული კონტრ-რევოლუციის ნაწილია. ისინი მიუთითებდნენ იმ ფაქტზე, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ქონება რუსეთში იშოვა, საინვესტიციო პორთველით რომელიც მოიცავს გაზპრომის მნიშვნელოვან წილს, ფარმაცევტულ ქსელსა (“დოქტორი სტოლეტოვი”) და ბანკს (“რასიისკი კრედიტი”), აგრეთვე სამშენებლო, უძრავი ქონებისა და სასოფლო-სამეურნეო ბიზნესს. ენმ-ი ყურადღების მიღმა ტოვებს რამდენიმე უხერხულ ფაქტს. პირველი, კოალიციურმა მთავრობამ გადადგა ისტორიული ნაბიჯი საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დაახლოებაში – ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, რაც მოიცავს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ ვაჭრობას (DCFTA). მეორე, საქართველომ გააძლიერა თავისი ურთიერთობები NATO-სთან.
მემარჯვენეების მიერ შევიწროებული “ქართული ოცნება” ცდილობს შექმნას პოზიტიური დღის წესრიგი, რითაც განასხვავებს საკუთარ თავს ენმ-ისგან; რამდენიმე მისი უფროსი წარმომადგენელი გაუბედავად განიხილავს გარკვეული სახის წარმოების აღდგენის შესაძლებლობას სულ ცოტა რიტორიკის დონეზე. ამგვარი გაუბედაობა არ ვლინდება ტურიზმის, როგორც საქართველოს სამომავლო ზრდის სტიმულაციასთან მიმართებაში.
მე შევხვდი დიმიტრი ქუმსიშვილს, ვიცე-პრემიერსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს. მას ისე მიჰყავდა მთელი საუბარი, თითქოსდა მე პოტენციური ინვესტორი ვყოფილიყავი. ის და მისი მთავრობა შეყვარებულია მსოფლიო ბანკის ანგარიშში ბიზნესის კეთების სიმარტივის შესახებ, სადაც საქართველო იკავებს მაღალ ადგილს (18 – დან 24 – მდე ბოლო წლების განმავლობაში) ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალთან მიმართებით (დაახლოებით 3.500-4.000 აშშ დოლარი). ეს მაღალი მაჩვენებელი თავისთავად არის პოლიტიკის პრიორიტეტების პირველ ნუსხაში; ისინი არაპირდაპირ ამტკიცებენ, რომ თუ შექმნიან “თანაბარ პირობებს” (მათ შორის კარგი ტრანსპორტი და ინფრასტრუქტურა) პროფესიონალი მოთამაშეები ჩაერთვებიან თამაშში. დასავლური მულტი-ნაციონალური კორპორაციები დაიწყებენ საქმეს იმისთვის, რომ მოახდინონ ექსპორტი ჩინეთში; ჩინური ტრანსნაციონალური კორპორაციები კი გააკეთებენ იგივეს, რათა გაიტანონ საქონელი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.
ძირითადი ვარაუდი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო უკან მიდის “სახელისუფლებო” და არა საბაზრო ჩავარდნის გამო. და როცა სამთავრობო შეზღუდვები მოგვარდება, ბაზარი იმუშავებს “თავისთავად” რათა განავითაროს ზრდის მაღალი ტემპები.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მცირე სამმართველოს თავმჯდომარეს, რომელსაც დავალებული აქვს, დაარეგულიროს ინდუსტრიული პოლიტიკა, სურს გაიგოს მეტი “ინდუსტრიული პოლიტიკის შესახებ”. იგი გაოგნებული იყო ჩემი სიტყვებით, როდესაც ვთქვი, რომ შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია წარმოადგენს ეფექტურ “დეველოპმენტალისტურ” სახელმწიფოს და, რომ CIA-ისაც კი აქვს ვენჩორული ფონდი, რითაც ხელს უწყობს ინოვაციების განვითარებას. მოგვიანებით მან მითხრა, რომ კონფერენციის დასრულებისთანავე მას ჰქონდა ვრცელი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან, მის თანაკურსელთან. როდესაც პრემიერმა შეიტყო, რომ შეერთებული შტატები არის ეფექტური “დეველოპმენტალისტური” სახელმწიფო და რომ ჩIA-იც კია ინოვაციის განვითარების საქმეში ჩართული, ისიც გაოცდა.
საუკეთესო ეკონომიკა
ჩვენში აღფრთოვანებას უნდა იწვევდეს ის, თუ რაოდენ ეფექტურად მუშაობდა ათწლეულების განმავლობაში ორი ორგანო ეკონომისტების, პოლიტიკოსების და საზოგადოების დარწმუნებაში მთელი მსოფლიოს გარშემო, იმის თაობაზე რომ ნეო-ლიბერალური იდეები ეს “უდავო ჭეშმარიტებაა”, რომელსაც ეკონომიკურ თავისუფლებამდე და მატერიალური ცხოვრების ზრდამდე მივყავართ. ეს ორგანოებია: მონ პელერინის საზოგადოება (Mont Pelerin Society დაარსებული ჰაიეკის, ფრიდმანის და სხვათა მიერ 1947 წელს) და ატლასის ქსელი Atlas Network (შექმნილი 1981 წელს ენტონი ფიშერის მიერ – MPS წევრი, რომელმაც დაარსა ეკონომიკის ინსტიტუტი ლონდონში 1955 წელს). მათ არა მხოლოდ იდეოლოგია შექმნეს და გადაიყვანეს ეს იდეოლოგია პოლიტიკის პარადიგმაში, არამედ დაარსეს ორგანიზაციული არქიტექტურა, რათა ეს პარადიგმა გადაქცეულიყო ეკონომიკური პოლიტიკის წარმმართველ ძალად – ყოველ კონტინენტზე ნეო-ლიბერალური ტჰინკტანკ ორგანიზაციების გაჩენით, დაფინანსებით და იდეების ინექციით ისეთ ორგანიზაციებში, როგორებიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი.
მათ გვიანდელ 60-იანებში ეხმარებოდნენ შვედეთის ცენტრალურ ბანკზე (RiksBank) პასუხისმგებელი ჭკვიანი ნეოლიბერალები. ამ უკანასკნელთ გაუჩნდათ ეკონომიკაში პრიზის დაწესების იდეა.
მათ ამას მიაღწიეს ნობელის ფონდის, ნობელის ოჯახის და შვედეთის პარლამენტის სურვილის საწინააღმდეგოდ. დიდწილად მათ მიერ წინასწარ დანიშნულ შესარჩევ კომიტეტს უნდა უზრუნველეყოთ, რომ სულ მცირე პირველი 25 წლის განმავლობაში პრემია ძირითადად ნეოლიბერალებს გადასცემოდათ. ამგვარად დაწესებული პრემია მსოფლიოში აგზავნიდა მესიჯს, რომ ნეოლიბერალური ეკონომიკა “საუკეთესო” ეკონომიკაა; ამან იმოქმედა შვედი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების დარწმუნებაზე, რომ ეკონომიკა წარმატებული მეცნიერებაა და რომ ცენტრალური ბანკი უნდა იმართებოდეს მეცნიერი ეკონომისტების მიერ, რომლებიც არ შეიზღუდებიან სახელმწიფო დირექტივებით. ყველაფერმა ამან ძირი გამოუთხარა შვედეთის კეთილდღეობის სახელმწიფოს და სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობას – კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზანი მათთვის, ვინც პასუხისმგებელია ცენტრალურ ბანკზე.
მოკლედ რომ ვთქვათ, მონ პელერინის საზოგადოება, ატლასის ქსელი და ე.წ. ნობელის პრემია ეკონომიკაში არის 3 სვეტი რაზეც გლობალური ნეო-ლიბერალური პროექტი დგას. 1980-იან წლებიდან 3 სვეტს დაემატა მეოთხე – საერთაშორისო სავალუტო ფონდისა (უფრო მეტი კვალიფიკაციით) და მსოფლიო ბანკის სახით. ამასთან შედარებით მემარცხენე ცენტრისტებს არაფერი გაუკეთებიათ ექვივალენტური. აქედან გამომდინარე ნეო-ლიბერალური იდეები მოგვევლინენ როგორც “უდავო ჭეშმარიტებად”, მათ შორის ყოფილ საბჭოთა კავშირში.
საქართველოს უნივერსიტეტებში ეკონომიკის სწავლება თითქმის სრულიად ეფუძნება გრეგორი მენქიუს “ეკონომიკის პრინციპებს”. მენქიუ უკომპრომისო ნეოლიბერალია იმ დონემდე, რომ 2011 წელს ჰარვარდში მის კურსზე ეკონომიკის შესავალში პროტესტის ნიშნად მოაწყვეს გაფიცვა მის მიერ გაკეთებული უვარგისი პრეზენტაციის გამო, ეკონომიკური ცოდნის მდგომარეობის შესახებ.
საქართველოში არავის აქვს მცირედი წარმოდგენაც კი თუ როგორ შეიმუშაონ სიცოცხლისუნარიანი ინდუსტრიული პოლიტიკა. საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკს ოფისები აქვთ თბილისში და ყოველთვის ფლობდნენ დიდ გავლენას ერთმანეთის მონაცვლე ხელისუფლებებზე, ადრეულ 90-იანებში ეხმარებოდნენ რა საქართველოს მიმდინარე ანგარიშის უზარმაზარ დეფიციტთან გასამკლავებლად. ეკონომიკის მინისტრმა ახლახან მიწერა UNIDO-ს დახმარების სათხოვნელად ინდუსტრიული პოლიტიკის განვითარების სტრატეგიის შექმნაში; თუმცა წერილი დაიწერა ინდუსტრიული პოლიტიკის ძალიან მცირე ჯგუფის შიგნით 6 თვის წინ, ხოლო მინისტრი იცდიდა გასაგზავნად – ერთი დღით ადრე ჩვენ კონფერენციამდე.
გორში, სტალინის მუზეუმში, შემახსენეს, რომ სტალინი აქ დაიბადა; სტალინის მამა მეწაღე იყო. მისი მშობლები გაეყარნენ როდესაც ის ახალგაზრდა იყო. მას ამზადებდნენ სასულიერო პირობისთვის. მუზეუმი გაგონებთ ეკლესიის ტიპის მავზოლეუმს. შენობის აშენება სანქცირებული იყო ბერიას მიერ – საბჭოთა საშინელებით მოცული გასაიდუმლოებული პოლიციის ხელმძღვანელი, იგი იკავებს გამორჩეულ ადგილს მსოფლიოს ყველაზე ბოროტმოქმედ ადამიანთა ჩამონათვალში. ბერია სიკვდილით დასაჯეს, როდესაც 1953 წელს ხელისუფლებაში ხრუშჩოვი მოვიდა და მისი ფიგურა წაშლილია იმ პერიოდში საბჭოთა კავშირში გადაღებული უმეტესი ოფიციალური სურათებიდან. ბერია, ისევე, როგორც სტალინი, ქართველი იყო და სტალინი მას ”ჩემ ჰიმლერს” უწოდებდა.
რამდენიმე წლის წინ გორში ჯერ კიდევ შეიძლებოდა შეხვედროდით ქალაქის სახელგანთქმული შვილის შთამბეჭდავ ძეგლებს. ნაციონალურმა მოძრაობამ შემდეგ მათი აღების ბრძანება გასცა, გარდა დიდი ბიუსტისა მუზეუმის გარეთ – როგორც ტურიზმის განვითარებისთვის მათი ძალისხმევის ნაწილი. მუზეუმში ჩემი ინგლისურად მოსაუბრე გიდი არ ერიდებოდა იმის მოყოლას, თუ რა სასტიკ დანაშაულებებს ჩადიოდა სტალინის მთავრობა.
აშშ და ჩინეთი ერთმანეთს კონკურენციას უწევენ კონტრაქტების დადებაში, თუ ვინ განახორციელებს დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამერიკული კომპანიები დღემდე იგებენ. თუმცა, ჩინეთის საგარეო ინფრასტრუქტურული ალიანსის ერთი სარტყელი – ერთი გზის სტრატეგია მთელი ევრაზიის გასწვრივ კვლავ განვითარების ადრეულ სტადიაშია. საინტერესო იქნება იმის ხილვა, თუ როგორ განვითარდება ამერიკა-ჩინეთის კონკურენცია სტრატეგიულად განთავსებულ საქართველოს მიკროკოსმოსში.
თარგმანი მოამზადა მარიამ გაჩეჩილაძემ