რომან გოცირიძე: ფინანსთა სამინისტრომ კანონი დაარღვია
“ფინანსთა სამინისტრომ კანონი დაარღვია” – ამ თემაზე საკუთარი ფეისბუქის გვერდზე მოსაზრებას აქვეყნებს ეკონომიკის ექსპერტი რომან გოცირიძე.
“სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დაადგინა, რომ ფინანსთა სამინისტრომ კანონი დაარღვია. მას არ ჰქონდა კომერციული ბანკიდან ამ მიზნით სესხის აღების უფლება.
იღებს სესხს და უკანვე უბრუნებს ბანკს ზედმეტი ერთი პროცენტით. რატომღაც ამას უაზრო ტერმინით ხსნის, რომელსაც ”ფულის დაგრძელებას” უწოდებენ.
რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს მთავრობას?
რაღაც კაპიკებს იგებსო, ეს არაა არგუმენტი. მთავრობა მევახშე არ არის. აუდიტის სამსახურს ხელშეკრულებები უნდა შეესწავლა.
რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს კომერციულ ბანკს? ამ გარიგებით ბანკი აშკარად აგებს ერთ პროცენტს. რატომ მიდის ამაზე? ეს მხოლოდ ხელშეკრულებაში ჩანს, რომელიც გასაიდუმლოებულია. ბანკს ორი სტიმული შეიძლება ჰქონდეს:
1. სახაზინო ვალდებულებები შეიძლება გამოიყენოს ეროვნულ ბანკში რეფინანსირების სესხების ასაღებად. მთავრობა კი ამით აიძულებს ბანკებს ასესხონ ფული ბიუჯეტს. თანაც სახაზინო ვალდებულებით გარანტირებულად შეიძლება აიღო აუქციონის გარეშე ე.წ. მუდმივმოქმედი რეფინანსირების სესხი( ერთკვირიანი, ზედმეტი ერთი პროცენტის გადახდით). ამაზე იყო რომ ყვიროდნენ, ქადაგიძემ სეხი გასცაო. სინამდვილეში არაა მისი თანხმობა საჭირო. ავტომატურად ხდება, თუ გაქვს უზრუნველყოფა სახაზინო ვალდებულების სახით.
2.ხომ არ არის გათავისუფლებული ეს ფული, ანუ მთავრობის მიერ კომერციულ ბანკში განთავსებული დეპოზიტი დარეზერვებისაგან. თუ ასეა, არ იქცევა სწორად ეროვნული ბანკი. თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ასე იყოს. ეს ღიად უნდა ეთქვა მაშინ ეროვნულ ბანკს, რადგან ირღვევა სამართლიანი კონკურენციის პრინციპი. 3. რაღაც სხვა წერია ხელშეკრულებაში. რატომ არ შეამოწმა ეს რაღაც აუდიტის სამსახურმა?
ფაქტია, რომ ფინანსთა სამინისტრომ კანონი დაარღვია და ამაზე უნდა აგოს პასუხი ” – წერს გოცირიძე საკუთარ სოციალურ ქსელში.