რუსული MTC-ის განმარტება თბილისში გადაღებულ კლიპთან დაკავშირებით
„MTC”-ის პასუხი „პოლიტკომერსანტის“ კითხვაზე – „კლიპს იდეალურად უხდებოდა შემოდგომის თბილისის ხედები”
“по всей Росии” – MTC-ის ახალმა სარეკლამო რგოლმა საქართველოში პროტესტი გამოიწვია და სრულიად სამართლიანადაც. MTC-ის ვიდეორგოლში, რომელიც ძირითადად თბილისშია გადაღებული, საუბარია იმაზე, რომ „კომპანიის ახალი სერვისით სარგებლობისას, მოსაუბრეთა ხმა მთელს რუსეთში იდეალურად ისმის”. რუსულენოვანი ტექსტების ფონზე თბილისის ხედებია გამოსახული – აღმაშენებლის გამზირი, იუსტიციის სახლი, „მშვიდობის ხიდი”, მეტროსადგური, ვაკის პარკი და ა.შ.
„პოლიტკომერსანტმა” განმარტებისთვის რუსეთის მობილური კომუნიკაციების ერთ-ერთი მსხვილი კომპანია „MTC”-ის წარმომადგენლებთან დაკავშირება სცადა. კითხვა მივწერეთ „MTC”-ის „ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზეც.
რა კავშირი აქვს „MTC”-ს თბილისთან და რას გულისხმობს ფრაზა – “по всей Росии”, როცა კლიპი აშკარად თბილისშია გადაღებული?
„MTC”-მა ჩვენს კითხვას ასე უპასუხა:
„MTC, რუსული აუდიტორიისთვის, უცხოეთში სარეკლამო კლიპებს ხშირად იღებს. ცოტა ხნით ადრე გადაღებები მიმდინარეობდა ლოს-ანჟელესში, ისრაელში, მალიორკაზე და სხვა ადგილებში, რუსეთის საზღვრებს გარეთ. ამჯერად, კლიპს იდეალურად უხდებოდა შემოდგომის თბილისის ხედები: იქ ჩვენ შევძელით ისეთი მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა, როგორიცაა მზიანი სცენების გადაღება თანამედროვე არქიტექტურის, ქალაქის მყუდრო ხეივნების გარემოცვაში. კლიპის გადაღების სამუშაოების ძირითადი ნაწილი ქალაქის ისტორიულ ნაწილში მიმდინარეობდა. მნიშვნელობა არა აქვს სად ხდება რეკლამის გადაღება, მთავარია რა ემოციებს იწვევს ის. ჩვენთვის ეს გადაღებები დაუვიწყარი გამოცდილება იყო მსოფლიოს ერთ-ერთი უმშვენიერესი ქალაქიდან!”,
– აღნიშნავენ „MTC”-ში.
დღეს კლიპთან დაკავშირებით გაკეთდა ოფიციალური განცხადებები. თუმცა, ჟურნალისტების საპასუხოდ, კულტურის მინისტრსა და თბილისის მერს ერთი პასუხი ჰქონდათ – ამგვარი კლიპების გადაღებას ოფიციალურ უწყებასთან შეთანხმება არ სჭირდება.
„ამ კლიპის გადაღებასთან დაკავშირებით, შეთანხმების საჭიროება მერიის მხრიდან არ არსებობს,”
– განაცხადა დავით ნარმანია.
ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ საგანგაშოა ის ფაქტი, რომ საქართველოს ტერიტორიებს ნათლავენ როგორც რუსეთს.
„ძალიან მაგარია, რომ რუსეთში, ოკუპანტ ქვეყანაში ვერ მოძებნეს ვერაფერი და საქართველოში ჩამოდიან და საქართველოს ახალ სიმბოლოებს თავისუფლების ხიდს, იუსტიციის სახლს, ახალ ქუჩებს აჩვენებენ მთელ რუსეთში.
სამწუხარო და საგანგაშოა ის, რომ ამას ნათლავენ როგორც რუსეთს. ჩვენ ეს უნდა მივიტანოთ ეხლა რუსეთის მოსახლეობამდე, რომ ეს არის საქართველო, ეს არის ის თავისუფლება რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით და ეს არის სრულად ახალი, ევროპული სტანდარტის ქვეყანა”,-
ასე გამოეხმაურა ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი ვაშაძე MTC-ის სარეკლამო კლიპს.
pilitcommersant.ge
