რუსულმა ძალებმა უკრაინაზე მორიგი იერიში მიიტანეს
რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი შეტევა მიიტანეს. დაზიანებულია სახლები და სხვა შენობები.
უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობის მიერ დღეს, 10 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, გასული ღამის განმავლობაში რუსეთმა გამოიყენა სხვადასხვა ტიპის 176 დრონი.
რუსებმა უკრაინის წინააღმდეგ დრონები სხვადასხვა მიმართულებიდან გაუშვეს, მათ შორის რუსეთის შატალოვოს, მილეროვოს, კურსკის, ბრაიანსკისა და პრიმორსკო-ახტარსკის ტერიტორიიდან და ასევე დროებით ოკუპირებული ყირიმიდან.
უკრაინის საჰაერო ძალებში აცხადებენ, რომ საჰაერო თავდაცვის მძლავრი მუშაობის მიუხედავად, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ობიექტები ხარკოვის, პოლტავასა და კიევის ოლქებში.