საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო
დღეიდან, 16 სექტემბრიდან საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სასწავლო პროცესი დაიწყო.
წელს ქვეყნის მასშტაბით სკოლებში 50 000-ზე მეტი პირველკლასელი მივიდა.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით , განათლების მინისტრი გიორგი ამილახვარი თბილისის 160-ე საჯარო სკოლას ეწვია. მან აღნიშნა, რომ სკოლები სრულ მზადყოფნაშია .
ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს სკოლებში 50 000-ზე მეტმა პირველკლასელმა დაიწყო სწავლა. პირველკლასელთა რეგისტრაციის წესში განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, დამატებით კიდევ 7000-მდე ბავშვს მიეცა სკოლაში დარეგისტრირების შესაძლებლობა. პირველკლასელთა გაზრდილი რაოდენობის გათვალისწინებით, სამინისტრომ დამატებით უზრუნველყო სკოლების შესაბამისი საგანმანათლებლო რესურსითა და ინვენტარით აღჭურვა.
საჯარო სკოლების ყველა მოსწავლე კვლავ უზრუნველყოფილია წიგნებითა და რვეულებით. ახალი სასწავლო წლისთვის საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელებმა და დამრიგებლებმა მიიღეს პორტაბელური კომპიუტერები, – აღნიშნულია ინფორმაციაში.