“საქართველოს სასამართლომ უკვე გაითქვა სახელი თავისი უსამართლობით საზღვრებს გარეთ” -სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს სასამართლომ სახელი თავისი უსამართლობით საზღვრების გარეთ უკვე გაითქვა – ახლა კიდევ დაემატა ძალადობა სასამართლოში, რაც სრულად მიუღებელია, ეს ჩვენი ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის ძალიან სამწუხაროა,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოების მიზანია, რომ „სამართლიანი სასამართლო ყველა მხრივ დავიბრუნოთ“.
ამასთან, როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან გააგზავნა წერილი, სადაც გაჟღერებულია პლატფორმის მთავარი მოთხოვნები.
„ჩვენი ქვეყნისთვის და მისი იმიჯისთვის ძალიან სამწუხაროა ის ძალადობა, რაც სასამართლოში ვნახეთ. საქართველოს სასამართლომ უკვე გაითქვა სახელი თავისი უსამართლობით საზღვრების გარეთ. ახლა კიდევ დაემატა ძალადობა სასამართლოში, რაც სრულად მიუღებელია. სრულად მიუღებელია ის, რომ დღეს კიდევ კლინიკაშია ერთ-ერთი იქ დაშავებული ადამიანი, რომელი როგორც მეუბნებიან, ტვინის შერყევით არის კლინიკაში. ეს წარმოუდგენელია. ჩვენი, საზოგადოების მიზანია, რომ დავიბრუნოთ სამართლიანი სასამართლო ყველა მხრივ.
მინდა ასევე, გაცნობოთ, რომ „წინააღმდეგობის პლატფორმამ“ დააგზავნა წერილი უცხოეთში მყოფ ყველა ჩვენს კონტაქტთან სხვადასხვა ქვეყანაში, ან აღმასრულებელ ხელისუფლებაში, ან საპარლამენტო ხელისუფლებაში, სადაც ჩვენ წარვადგინეთ კოორდინაცია, ეს პლატფორმა და ასევე, ის, რა არის ის მთავარი მოთხოვნები, რომლებსაც აჟღერებს „წინააღმდეგობის პლატფორმა“ და რომელიც არის ქართველი საზოგადოების მთავარი მოთხოვნები -არალეგიტიმური ხელისუფლების არაღიარება, საზოგადოების მხარდაჭერის გაგრძელება, ახალი არჩევნების მოთხოვნა. ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ეს ქვეყანა ამ ღრმა კრიზისიდან გამოვა. ასევე, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა პატიმრების გათავისუფლება. ეს უკვე ნამეტანი დიდხანს გრძელდება. ცივილიზებულ ქვეყანაში, ჩვენ კიდევ ვთვლით ჩვენს თავს ცივილიზებულ ქვეყნად, მიუღებელია ასე ისხდნენ ახალგაზრდები ციხეში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ მზია ამაღლობელის საკითხიც ასევე, დგას წინა პლანზე, როგორც ჟურნალისტი. არავის არ უნდა დავავიწყოთ მისი სახელი, ამ ძალიან რთულ პირობებში მყოფი“,- განაცხადა სალომე ზურაბიშილმა.