ეკონომიკა

საქართველოს წმინდა საერთასორისო საინვესტიციო პოზიცია გაუარესებულია

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, საქართველოს წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიციამ 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, –17,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (-39.3 მლრდ ლარი) რაც მშპ–ს 112,3 პროცენტია. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 607.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო წინა კვარტალთან შედარებით 356.7 მლნ აშშ დოლარით. 2015 წლის მეორე კვარტალის განმავლობაში საოპერაციო და სხვა ცვლილება უარყოფითი იყო, ხოლო საკურსო და ფასის ცვლილება – დადებითი.

წმინდა საერთაშორისო საინვესტიციო პოზიცია ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის მნიშვნელოვანი ინდიკატორია, რომელიც  ქვეყნის საგარეო ფინანსურ აქტივებსა და ვალდებულებებს შორის სხვაობას ასახავს. საგარეო ფინანსურ ვალდებულებებში დაანგარიშებულია სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ვალი, აქტივები კი მოიცავს სახელმწიფო და კერძო პირების მიერ ქვეყნის საზღვრებს გარეთ მათ მფლობელობაში არსებულ ფინანსურ რესურსებს.

ამასთან, 2015 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, მთლიანი საერთაშორისო აქტივები 6.4 მილიარდი აშშ დოლარია(14.3 მილიარდი ლარი), რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 500.3 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელს 305.5 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

მთლიანმა საერთაშორისო ვალდებულებებმა 23.8 მილიარდი აშშ დოლარი (53.6 მილიარდი ლარი) შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 1.1 მლრდ აშშ დოლარით აღემატება, ხოლო წინა კვარტალის მაჩვენებელთან შედარებით 662.2 მილიონი აშშ დოლარით მეტია.