ცესკოს ოპოზიციონერი წევრები ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოპოზიციონერი წევრები ცესკო-ს კომისიის სხდომის სასწრაფოდ ჩატარებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
“ცესკო-ს ოპოზიციონერი წევრები მოვითხოვთ ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა სასწრაფო წესით მოიწვიოს კომისიის სხდომა, სადაც არჩევნები არჩატარებულად გამოცხადდება და მოვითხოვთ ხელახალი არჩევნების ჩატარებას”,-განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ცესკოში, დავით კირთაძემ.
„ერთი რამ ყველასთვის ცხადია, რომელსაც არ ხელისუფლება, არც ცესკო და არავინ უარყოფს, ეს გახლავთ ის, რომ ამომრჩევლის ფარულობა ტექნოლოგიზებულ უბნებზე მასობრივად იყო დარღვეული. თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ შექმნა პრეცედენტი და შესაბამისი უბნების შედეგები გააუქმა. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს სამართლებრივი საფუძველი არჩევნების არჩატარებულად გამოცხადებისა და ხელახალი არჩევნების დანიშვნისთვის“, – განაცხადა ცესკო წევრმა გიორგი სიორიძემ, რომელიც პარტია „ძლიერ საქართველოს“ წარმოადგენს.