უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე ქვეყნის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა – ვოლოდიმირ ზელენსკი
უკრაინის ნორმალურად აღდგენის პირობა გაყინული კონფლიქტის გარეშე უკრაინის ევროკავშირსა და ნატო-ში წევრობაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიაში გამართულ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე – “ამბროზეტი” განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინა უნდა იყოს ევროკავშირის, ევროპის ოჯახის, ასევე [ჩრდილოატლანტიკური] ალიანსის, უსაფრთხოების კავშირის, ნატო-ს ალიანსის ნაწილი.
“რას გვაძლევს ეს? ეს შეუძლებელს ხდის რუსეთის ან ვინმეს აგრესიის დაბრუნებას”, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კიევთან უსაფრთხოების გარანტიები მინსკის შეთანხმებებისგან უნდა განსხვავდებოდეს, რომლებიც “ხაფანგი იყო”, ვინაიდან მინსკის შეთანხმებებმა კონფლიქტი გაყინა, რამაც რუსეთს ფართომასშტაბიანი ომისთვის მომზადების საშუალება მისცა, “ამიტომ მინსკის [შეთანხმებების] უკრაინასთან რეალური უსაფრთხოების გარანტიებთან შედარება არ შეიძლება”. “მაშინ ნორმანდიის ფორმატზე ჩავედი, გვქონდა შეხვედრა გერმანია-საფრანგეთი-რუსეთი-უკრაინა. ვესაუბრე მას [პუტინს]. და მასთან შევთანხმდით, რომ იქნება ცეცხლის შეწყვეტა… რაღაც დროის შემდეგ მათ კონტაქტის ხაზზე ჩვენი დახოცვა დაიწყეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.