მსოფლიო

ჰაკერებმა Yahoo-ს თითქმის 500 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვეს

2014 წელს ჰაკერებმა კომპანია Yahoo-ს თითქმის 500 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მოიპოვეს.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ეს არის კიბერუსაფრთხოების ისტორიაში ყველაზე მსხვილი კიბერთავდასხმა, რომლის შესახებაც ინფორმაცია გასაჯაროვდა.

კომპანია Yahoo-ს ცნობით, ჰაკერებმა მოიპოვეს 500 მილიონი ადამიანის სახელ-გვარები, დაბადების თარიღები, ტელეფონის ნომრები, პაროლები და ელექტრონული მიმოწერა.

Yahoo-ში აცხადებენ, რომ კიბერდამნაშავეები ერთ-ერთი სახელმწიფოს მხარდაჭერით მოქმედებდნენ.

აშშ-ის გამოძიებათა ფედერალური სამსახური აღნიშნულ ფაქტს იძიებს.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, ამერიკულ დაზვერვაში ვარაუდობენ, რომ კიბერთავდასხმა ერთ-ერთი სახელმწიფოს დაკვეთით ან მხარდაჭერით განხორციელდა, რადგან მომხდარი ფაქტი იმ კიბერთავდასხმებს ჰგავს, რომელსაც რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ჰაკერები ახორციელებენ.