09/05/2024
Latest:
ეკონომიკა

რეგიონული კრიზისი და გამოსავლის ძიება

მსოფლიოში ნავთობის ფასი ფაქტობრივად ყოველდღიურად კლებულობს და უკანასკნელი მონაცემებით, ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი უკვე ფსიქოლოგიურ ზღვარს – ერთ ბარელზე 30 აშშ დოლარს ჩამოცდა, რაც სავსებით მისაღები იქნებოდა ქართველი მომხმარებლებლისთვის, რომ არა ერთი პატარა დეტალი, ჩვენი 2 მეზობელი (ერთიც მეგობრული, მეორე კი მტრულად განწყობილი) ძლიერ არის დამოკიდებული მოცემული ნახშირწყალბადის რესურსებზე.

კერძოდ, აზერბაიჯანმა 2014 წელს საქართველოში შემოდინებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 20% განახორციელა, 2015 წლის პირველი სამი კვარტლის მონაცემებით, ის თითქმის 40%-ს უტოლდება. ვაჭრობის თვალსაზრისით, აზერბაიჯანი ქვეყნების ჭრილში ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარი გახლავთ საქართველოსთვის, 2014 წელს ქართულმა ექსპორტმა აზერბაიჯანში 544 მილიონი აშშ დოლარი ან/და ექსპორტის 19% შეადგინა, 2015 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით კი 11%-ს აღემატება. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია რომ აზერბაიჯანი გახლავთ საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი უამრავ რეგიონულ პროექტში, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაზეა გათვლილი, მაგალითად, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, შავი ზღვის ტერმინალი, საქართველოს შეღავათიანი პირობებით გაზით მომარაგება და ა.შ.

ნაკლები დამსახურება ქართული ეკონომიკის წინაშე არც რუსეთს გააჩნია, მიუხედავად იმ უდიდესი ზარალისა, რომელსაც რუსეთის მტრულად განწყობის შედეგად იღებს საქართველო. კერძოდ, რუსეთი წლების განმავლობაში იყო და არის ქართველი ემიგრანტების დასაქმების ადგილი და საქართველოში გადმორიცხული ფულადი გზავნილების წყარო. აღსანიშნავია, რომ წლების მანძილზე ეს მაჩვენებელი თითქმის მილიარდიან მაჩვენებელს და შესაბამისად მთლიან უცხოური ინვესტიციებს უტოლდებოდა, უფრო მეტიც, მიუხედავად რუსეთში შექმნილი სირთულეებისა ის კვლავინდებურად რჩება ნომერ პირველ ქვეყნად საქართველოში შემოდინებული ფულადი გზავნილების თვალსაზრისით.

უახლესი მონაცემების თანახმად, ფულადმა გზავნილებმა რუსეთიდან 2015 წელს, წინა წელთან შედარებით 276 მილიონი აშშ დოლარით იკლო (39%-ით), რაც საკმაოდ სოლიდური და მნიშვნელოვანი ოდენობის თანხაა, იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯამურმა მაჩვენებელმა 2014 წლის 1.44 მილიარდიდან, 2015 წელს 1.08 მილიარდამდე (25%-იანი კლება) იკლო. ფაქტობრივად გამოდის რომ ფულადი გზავნილების ნაკადის შემცირება ѕ-ით მხოლოდ რუსულ ფაქტორზეა დამოკიდებული (ამ შემთხვევაში, ნავთობის ფასების კლება და რუსული ვალუტის გაუფასურება 76 რუბლი 1 დოლართან, პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოში განხორციელებულ ფულად გზავნილებზე).

რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, საინტერესოა რომ რუსეთის მიერ პოზიციების დათმობის კვალდაკვალ, აბსოლუტურ მონაცემებში დაიკლო (121-დან 109 მილიონამდე) ფულადმა გზავნილებმა იტალიიდან, თუმცა, სტრუქტურაში მისი წილი 8-დან 10%-მდე გაიზარდა. 22%-ით ან/და 18 მილიონით გაიზარდა ფულადი გზავნილები ამერიკის შეერთებული შტატებიდან. გასაკვირი არაა საბერძნეთიდან ფულადი გზავნილების ფაქტობრივი განახევრება 205-დან 117 მილიონიდანამდე. ხუთეულს ხურავს თურქეთი საიდანაც ფულადი გზავნილები დაახლოებით 1%-ით გაიზრდა და 69 მილიონი აშშ დოლარის მაჩვენებელს მიაღწია.

ზემოთ ხსენებულ მოვლენებს თუ დავუმატებთ რუსეთსა და აზერბაიჯანში ადგილობრივ ეროვნულ ვალუტებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემებს, ნათელია, რომ საქართველოსთვის ძალზე რთული პერიოდი დგება საჭიროა მაქსიმალური კონცენტრაცია. საქართველოს ეროვნული ვალუტის კურსის შესანარჩუნებლად და მისი მომდევნო დევალვაციის შესაჩერებლად საჭიროა ზემოთ მოცემული ნეგატიური ფაქტორების განეიტრალება და ქვეყანაში მეტი უცხოური ვალუტის მობილიზების უზრუნველყოფა ან/და მასზე მოთხოვნის შემცირება, ეროვნულ ვალუტაზე როგორც გადახდის ერთად-ერთ კანონიერ საშუალებაზე აქცენტის გაკეთების გზით.

აზერბაიჯანსა და რუსეთში ეროვნული ვალუტების გაუფასურება, 1 დოლარის 76 რუბლამდე, ხოლო აზერბაიჯანული მანათის 1.57-მდე დაცემა ქართული ეკონომიკისთვის არასახარბიელო მოვლენაა. მითუმეტეს რუსეთის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება შესაძლო დეფოლტთან დაკავშირებით პირდაპირ კავშირშია მთლიანად რეგიონის კეთილდღეობასთან და ის პირდაპირაც და ირიბადაც აისახება საქართველოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რა თქმა უნდა ნეგატიურ ჭრილში. ამას თუ დავუმატებთ რეგიონში არსებულ რეალურ მდგომარეობას, კერძოდ სომხეთის, თურქეთის და უკრაინის ეკონომიკების შესუსტების ფაქტორებს, ნათელია რომ საქართველო მაქსიმალურად უნდა ეცადოს შედარებით ძლიერ და მოქნილ ამ შემთხვევაში ევროკავშირითან და ამერიკასთან, აგრეთვე სხვა ქვეყნებთანაც ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ქართულ ეკონომიკას საკმაოდ რთული პერიოდი დაუდგება. საჭიროა ასოცირების ხელშეკრულების მაქსიმალური ამოწურვა და მისგან მაქსიმალური სარგებლის მიღება, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.

შეიძლება ითქვას, რომ ერთი შეხედვით უწყინარი, ხოლო მეორე მხრივ ზოგიერთისთვის გასახარი ფაქტი – რუსეთის ეკონომიკის შესუსტება, საკმაოდ ნეგატიურად აისახება ქართულ ეკონომიკაზეც. ანალოგიური შეიძლება ითქვას აზერბაიჯანზეც. თუმცა, მეორე მხრივ საქართველოს უამრავი სხვა პარტნიორი ქვეყანა ჰყავს, რომელთან ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესებამ შესაძლოა ზემოთ მოცემული ორი ქვეყნის ნეგატიური გავლენა შეუმჩნეველი დატოვოს, პირველ რიგში კი ამ მიმართულებით აღსანიშნავია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შესაძლებლობები, რომელიც წარმატებული განხორციელება დიდწილად სწორედ საქართველოზეა დამოკიდებული.

ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა იმპორტ-ჩამნაცვლებადი ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის სტიმულირება სამთავრობო პროგრამების დახმარებით, მეტი უცხოური ინვესტიციების და ფულადი გზავნილების მოზიდვა, მეტი ტურისტული შემოსავლების თავმოყრა და ნაკლები საგარეო ვალების აღება (თუ ამას განსაკუთრებული საჭიროება არ მოითხოვს), მოზომილი საბიუჯეტო ხარჯვა და ეროვნული ბანკის მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, და რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანიც იყოს გრძელვადიანი სახელმწიფო ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება და მისი ცხოვრებაში გატარება სხვადასხვა სამინისტროებში აქტიური იმპლემენტაციის გზით. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის კლასტერიზაცია და თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება ადგილზე არსებული და პერსპექტიული მიმართულებების ხელშეწყობა და განვითარება.

ვახტანგ ჭარაია

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრი