ბოლო სიახლეები
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა
რეკლამა

გია მაისაშვილი ამერიკაში სიღატაკეში ცხოვრობს

ცნობილი ქართველი პოლიტოლოგი, გია მაისაშვილი, უკვე 2 წელია სიმსივნეს ებრძვის. რამდენიმე ხნის წინ თავის ტვინში არსებული წარმონაქმნი თურქეთში ამოკვეთეს, მაგრამ დაავადებამ ისევ იჩინა თავი. მალე 1 წელი შესრულდება, რაც ამერიკაში წავიდა სამკურნალოდ. საბედნიეროდ, თავს უკეთესად გრძნობს და იმედოვნებს, რომ სიმსივნის დამარცხებას სამუდამოდ შეძლებს.

შემდეგ კი დიდი გეგმები აქვს, რომლებიც ”სარკეს” გაანდო _ საქართველოში ჩამოსვლას და წალკის რაიონში, ბერთას მონასტერში, სკოლის დაფუძნებას აპირებს. მანამდე კი უფროს დასთან ერთად, რომელიც ამ განსაცდელში გვერდით უდგას, ამერიკაში, ერთ-ერთი ეკლესიის თავშესაფარში ცხოვრობს.

გია მაისაშვილი დაახლოებით 2 წლის წინ, როცა სიმსივნე დაუდგინეს, თბილისის კლასიკური გიმნაზიის დირექტორზე, თამუნა კაპანაძეზე დაქორწინდა. ცოლი ახლა მასთან ყოფნას ვერ ახერხებს და ამას ორივე ძალიან განიცდის. პირველი ქორწინებიდან ორივეს სამ-სამი შვილი ჰყავთ.

_ ბატონო გია, როგორია თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

_ უკეთესად ვარ, რადგან აშკარა პროგრესი შეიმჩნევა. ჰიუსტონში, ანდერსონის სამედიცინო ცენტრში ვმკურნალობ, რომელიც სიმსივნის მსოფლიო ცენტრად ითვლება. 2016 წლის ივნისიდან აქ ვარ.

_ რა მეთოდით მკურნალობთ?

_ ქიმიოთერაპიით, მაგრამ წამალია ახალი. ავასტენი ჰქვია. ეს წამალი თბილისშიც არის ცნობილი, მაგრამ აქ მისი გამოყენების განსაკუთრებული წესი აქვთ.

ამერიკაში რომ ჩამოვედი, ძალიან ცუდად ვიყავი და სასწრაფოს დახმარებით გადმომიყვანეს კლინიკაში. აქ კი ფაქტობრივად გადამარჩინეს. მოგეხსენებათ, ოპერაცია გამიკეთდა და მერე მოხდა პოსტოპერაციული გასიება, შეშუპება. ლათინურად ამას ედიმა ჰქვია. ის ტვინს აწვება, ყველა შეგრძნებას გაკარგვინებს და ითიშები.

ავასტენს ორი მიზანი აქვს _ შეშუპებას აცხრობს და სიმსივნეს დაპატარავებაში ეხმარება. ჩემს შემთხვევაში ორივე შეასრულა. რაღაც ეტაპზე მდგომარეობა სტაბილური უნდა გახდეს და ამას თითქმის მივაღწიეთ.

ექიმები ამბობენ, რომ ეს ავადმყოფობა მკურნალობას ექვემდებარება, მაგრამ მორჩენას _ არა. თუმცა ყველაფერი ინდივიდზეა დამოკიდებული.

ჩემს ქართველ მეგობარს 10 წელია იგივე დიაგნოზი აქვს. წელიწადში ერთხელ იკეთებს ტომოგრაფიას და მეტს არაფერს. ლონდონში ცხოვრობს და იქ 2 თუ 3 წლიანი ქიმიოთერაპიის კურსი გაიარა. ახლა ეს აღარ სჭირდება. მეც მჯერა, რომ ამ დონეს მივაღწევ _ მხოლოდ ტომოგრაფია დამჭირდება და სხვა არაფერი.

ვცდილობ, რწმენა არ დავკარგო. ისე კი, არავინ იცის, ვინ რამდენ ხანს იცოცხლებს. მთავარია, რამდენსაც იცოცხლებს, ის იყოს ნაყოფიერი.

ჩემმა დისშვილმა, უახლოესმა მეგობრებმა ძალით წამომიყვანეს აქ და ეს სწორი გადაწყვეტილება აღმოჩნდა. თბილისში რომ დავრჩენილიყავი, ალბათ რამდენიმე კვირაში ცოცხალი აღარ ვიქნებოდი.

_ ამერიკაში წასვლამდე ბერთას მონასტერში ცხოვრობდით. იქ გაგიძლიერდათ იმედი და რწმენა?

_ დიახ და მინდა, ამ მონასტერში გავაგრძელო ჩემი საგანმანათლებლო-სასწავლო მუშაობა. იქ პატარა საზოგადოებრივი სკოლის დაარსება მინდა. ხომ ხედავთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში? სამოქალაქო საზოგადოების სისუსტის გამო ქვეყნის განვითარება სწორი მიმართულებით არ მიმდინარეობს. ერს საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბება სჭირდება.

მონასტერში ცხოვრება ადამიანს უფრო დიდზე, უფრო მთავარზე, ცხოვრების არსზე გაფიქრებს და ეგოისტურ ფიქრებზე ორიენტაცია იცვლება, რადგან იცი, რომ ყოველ წუთს შეიძლება ამქვეყნიურ ცხოვრებას განერიდო. საკუთარი თავის სიყვარულიდან სხვების სიყვარულზე გადადიხარ. ჩემშიც ეს მოახდინა მონასტერში ცხოვრებამ და ამ დიდმა განსაცდელმაც.

მხურვალე ლოცვაში საკუთარ თავს კარგავ და უფრო ახლოს მიდიხარ შემოქმედთან. ლოცვით ესაუბრები უფალს და თან უსმენ. ეს კი დამამშვიდებელი და შემოქმედებითი იდეების მომტანია.

გონება უფრო ეფექტურად და კრეატიულად მუშაობს, როცა ლოცვით ექსტაზს მიაღწევ. როცა გრძნობ, რომ თავს ვეღარ აკონტროლებ და სხეულს ვეღარ ფლობ, მერე იწყებ ძებნას და დაბლდები, ანუ უფრო თავმდაბალი ხდები. ამ დროს წინა პლანზე გადმოდის არა საკუთარი თავის, არამედ სხვისი სიყვარული. ეს აადვილებს სიკვდილის განცდას, თორემ სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვა მედუზასავით არის, დამანგრეველია.

ამ დროს სხვების სიყვარული ფარივით არის და გაძლიერებს. თითქოს ფოლადი ჩაგასხესო სულში, ისე მაგრდები. ოპტიმიზმი იღვიძებს და რწმენა გიძლიერდება, თორემ ძნელია ამ ყველაფერს გაუძლო და, მით უმეტეს, ასე შორიდან და ასეთ მარტოობაში. ყველაზე დიდ განსაცდელს რომ მარტო ეგებები, ამაზე რთული არაფერია.

_ კლინიკაში რამდენ ხანს მოგიწიათ ყოფნა და ახლა სად ცხოვრობთ?

_ კლინიკაში ერთი კვირა ვიწექი. აქ სხვადასხვა ქრისტიანული კონფესიის ეკლესიებს აქვთ პატარ-პატარა საცხოვრებლები, სადაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფებს აცხოვრებენ კლინიკასთან შეთანხმებით. დაბალ გადასახადს ახდევინებენ და მინიმალურ პირობებს გიქმნიან.

ასეთ გარემოში ვართ მე და ჩემი და. კიდევ რამდენიმე თვე მოგვიწევს აქ ყოფნა. თუ სიმსივნემ ზრდა შეაჩერა, მხოლოდ მეთვალყურეობა დასჭირდება და, უარეს შემთხვევაში, 3 კვირაში ერთხელ წამლის მიღება. ეს წამალი საქართველოში ძვირი ღირს. აქ კი, როგორც ამერიკის მოქალაქეს, ისეთი დაზღვევა მაქვს, ამ ხარჯებს ფარავს. სამწუხაროდ, თბილისში ამის საშუალება არ მექნება, თორემ ჩამოვიდოდი.

ჩემი და, ციცინო, ჩემთან არის პირველივე დღიდან, მაგრამ მაინც მარტოობას ვგრძნობ, რადგან სამშობლოს, მეგობრებს, ცოლს, ოჯახს მოწყვეტილი ვარ. ეს დიდი სევდაა.

თუმცა ყველაფერს აქვს მეორე მხარე _ განსაცდელი გაძლიერებს და რაღაც რომ გაკლია, იმის სასწავლებლად მოდის. ფიზიკურად თუ გადარჩება კაცი, მისთვის კარგია ამ განსაცდელისგან ნასწავლი გაკვეთილი. ბევრი სიბრძნის მომცემია, მაგრამ ფასია დიდი. სამწუხაროდ, დიდის მიღება მხოლოდ ასევე დიდის გაღების ხარჯზე ხდება და აქ მოკლე გზა არ არსებობს.

_ გქონდათ უიმედობის, დეპრესიის მომენტები თუ არასდროს დაგიყრიათ ფარ-ხმალი?

_ დეპრესია არ მქონია, სევდა კი სულ მაქვს. დეპრესიის დროს პარალიზებული ხდები, მართლა ყრი ფარ-ხმალს. სევდა კი სხვაა. ამ დროს ფარ-ხმალს არ ყრი და ფიქრობ, რა გააკეთო, რომ სხვებისთვის მაგალითი იყო. ეს მშველის აქ, თორემ ძნელი იქნებოდა ცხოვრება.

აქ ერთი საძინებელი გვაქვს. ქვემოთ არის ბიბლიოთეკა, მისაღები… ყველაზე მეტ დროს ბიბლიოთეკაში ვატარებ. ახლაც ბიბლიოთეკიდან გესაუბრებით. წინ პატარა ეზო გვაქვს და იქ გამუდმებით ვვარჯიშობ, რომ ფიზიკური სხეულის დამორჩილება შემეძლოს და არ დავკარგო. გაწელვით, იოგისებურ ვარჯიშებს ვასრულებ. კუნთი უნდა იყოს როგორც მაგარი, ასევე მოქნილიც. ამისთვის იოგას ვარჯიშებია მნიშვნელოვანი.

ჩვენ ადრე აქ ვცხოვრობდით. ჩემი შვილები ჰიუსტონში დაიბადნენ. ჩემი შვილის ნათლიაა ზურა ავსაჯანიშვილი, რომელიც აქ ცხოვრობს. ასევე აქ ცხოვრობს ექიმი ირაკლი გიორბერიძე. სამ ოჯახს გვაქვს ერთმანეთთან ურთიერთობა და ველოდები ხოლმე მათ მოსვლას, მათთან ერთად გასეირნებას.

_ დაზე გვიამბეთ, რომელმაც ყველაფერი მიატოვა და თქვენ გამოგყვათ.

_ ჩემს დას მეუღლე გარდაცვლილი ჰყავს და ერთი შვილიც გარდაეცვალა. ერთი შვილი დარჩა და ის თბილისში ცხოვრობს. ჩემზე 11 წლით უფროსია და ფაქტობრივად მისი გაზრდილი ვარ.

როცა ასეთი დიდი დაავადება დაემართება ადამიანს, ის არამხოლოდ მას, მთელ მის ოჯახს ემართება. ყველაზე დიდი ტვირთი მას დააწვა მხრებზე. ჩემთან არც ჩემი მეუღლეა და არც შვილები არიან, მხოლოდ დაა, რომელიც ჩემი დიდი განძია. ჩემი დაც არის, დედაც და ყველაფერი. მივლის, ყველაფერს მიკეთებს.

ჭამის დიდად მოყვარული ჯანმრთელად ყოფნის დროსაც არ ვყოფილვარ. ახლა, მით უმეტეს, უსუსური გავხდი და პატარა ბავშვივით მივლის ციცინო. ჩემი და რომ არ ყოფილიყო, არ ვიცი, რა უნდა მექნა და როგორ უნდა გადავრჩენილიყავი.

ერთ ოთახში ვართ შეყუჟულები. არასოდეს მიყვარდა სიღატაკის გაკეთილშობილება და იდეალიზება, მაგრამ ახლა ამ უკიდურეს სიღატაკეში ყოფნაც ბედნიერება მგონია. ვცხოვრობ მატერიალურ სიღატაკეში და სულიერ სიმდიდრეში, მაგრამ არ მინდა, დიდხანს გაგრძელდეს ასე. არ წარმოიდგინოთ, რომ მშიერ-მწყურვალები ვართ, მაგრამ შეჭირვებულები კი გვქვია და ესეც მასწავლებელია ცხოვრების.

ამას წინათ ჩემს დას ვეუბნებოდი, არ მეგონა, ასეთ სიღატაკეში თუ მომიწევდა სიკვდილი და ჩემს ქვეყანაში მაინც წამიყვანეთ, იქ უფრო ადვილი იქნება ასეთი ყოფის ატანა-მეთქი.

_ როცა მძიმე დაავადება დაგიდგინდათ, მაშინ დაოჯახდით მეორედ. თამუნა კაპანაძე ამ განსაცდელში გახდა თქვენი ცოლი. ახლა ვერ ახერხებს თქვენ გვერდით ყოფნას?

_ თამუნა ჩემთან რამდენჯერმე ჩამოვიდა. მას სამი შვილი ჰყავს. შვილები, სამსახური, მე… ასეთი მძიმე დილემის წინაშეა. უაღრესად თავდადებული მეუღლეა. პირველ ეტაპზე უფრო მეტად იყო ჩართული ჩემს საქმეში, როდესაც თურქეთში ვიყავით და ადვილად შეიძლებოდა წასვლა-წამოსვლა. აქ ჩამოსვლა კი რთულია. ინტერნეტით ვესაუბრებით ერთმანეთს.

გასაჭირის გაძლება ერთი გამოწვევაა და მარტოობის შეგრძნება _ მეორე. როცა ცოლ-ქმარი ერთმანეთისგან შორს არიან, ეს ძალიან მძიმე გადასატანია.

_ თქვენი შვილები სად არიან?

_ შვილები დიდ ბრიტანეთში დედასთან ერთად ცხოვრობენ. მარტის ბოლოს 2 კვირით უნდა ჩავიდე მათთან და დღეებს ვითვლი. მათ არ იციან ამ ავადმყოფობის მთელი საშიშროება და ვცდილობ, შევაპარო, მოვამზადო, რა შეიძლება მოხდეს.

უფროსი შვილი 16 წლის არის და ტყუპები _ 14-ის. გარდატეხის ასაკი აქვთ, ახლა ყალიბდება მათი აზროვნება. სამწუხაროდ, ძალიან შეზღუდულია ჩემთვის მათთან ყოფნის დრო და განვიცდი, რომ არ მაქვს საშუალება, ჩამოყალიბების პროცესში დიდი გავლენა მოვახდინო მათზე.

უფროს შვილს, სოფიკოს, დებატების კლუბი აქვს სკოლაში და ადამიანის უფლებებზე დაწერილი ნაშრომი, რომლითაც დებატირება მოახდინა, მეც გამომიგზავნა. მომხიბვლელი უნარი აქვს, სიტყვები დარაზმოს და ბრძოლის ველზე გაუშვას. იმდენად ახალი და სულისშემძვრელი იყო ეს ყველაფერი ჩემთვის, რომ რამდენიმე კვირა გახარებული ვიყავი მისი ამ ესეს წაკითხვით.

_ ალბათ ისევ წერთ რამეს.

_ დიახ, მთავარ წიგნზე ვმუშაობ. მინდა, შვილებს და შთამომავლობას დავუტოვო ჩემი ნააზრევი, თუ საიდან მოვდივართ, პატარა ერებმა როგორ უნდა მოახდინონ ნავიგირება ამ საშიშ ქაოსად ქცეულ სამყაროში.

ჩემი მდგომარეობა უკიდურესად საშიშია, მაგრამ იმდენად დაუცლელი ვარ მენტალურადაც და ფიზიკურადაც… წესით, არ უნდა წაიყვანოს შემოქმედმა უფალმა იმქვეყნად ადამიანი, რომელიც ასეთი დაუცლელია. მის სიბრძნეს რას გაუგებს კაცი, მაგრამ რატომღაც მჯერა, რომ უნდა გადავრჩე. ეს გადარჩენა კი მინდა, დიდი მიზნისთვის მოხდეს. მინდა, რაღაც მნიშვნელოვანისთვის ვიცხოვრო.

ჩვენი ქვეყანა ახლა გაუგებარ მდგომარეობაშია. ჩვენ კი სამრეკლოზე არ ავდივართ, რომ იქიდან მთელი ბრძოლის ველი დავინახოთ. თითქოს პატარა სანგარშია მთელი ქვეყანა ჩამალული, სადაც ერთმანეთის მეტს ვერავის ხედავენ. საკუთარ თავზე გაბრაზებულებს კი სხვაზე გადააქვთ ბრაზი. ზიზღის და ბრაზის მდგომარეობიდან უნდა ამოვიდეთ. ამას კი მაგალითის მიმცემი სჭირდება.

ის გასაჭირი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვა თვალსაზრისით, მთლიანად საზოგადოების გასაჭირია. საკუთარ თავს უფრო მსუბუქად, თავმდაბლობით უნდა შევხედოთ. ”მე”-სა და საკუთარი ოჯახის იქითაც უნდა გავიხედოთ.

ნებისმიერ მთავრობასა თუ ადამიანს როგორც კი მიეცემა საშუალება, თავის თავს წარმოსახავს, როგორც შეუცდომელს. ეს კი ყველაზე დიდი საშიშროებაა. ერთმა ჩემმა კოლეგამ სააკაშვილს მოუსმინა და მითხრა, მეგონა, საქართველო წარმატებული იყო, მაგრამ თუ იქ ეს კაცია პრეზიდენტი, რომელსაც საკუთარი პროპაგანდის სჯერა, ასეთ იდეალურ ფერებში ხედავს ყველაფერს და ერთ სიტყვასაც არ ამბობს თავის შეცდომაზე ან რა პრობლემაა ქვეყანაში, იმის ნიშანია, რომ ქვეყანას უჭირსო.

დღევანდელი მთავრობაც ისე ხატავს სურათს, თითქოს ყველაფერი იდეალურადაა, რაც ქვეყნის ავადმყოფობის დიდი ნიშანია. სანამ ეს არ შეიცვლება, არაფერი შეიცვლება. მათ არ ენდობიან და სადაც ნდობა არ არის, დიდი საქმე არ კეთდება. ასეა ოჯახშიც და სამეგობროშიც.

ბერთას მონასტერს ძალიან კარგი და მოაზროვნე წინამძღვარი ჰყავს. იქ ჩავატარე კიდეც დიდი ლექცია, თუ როგორი წარმომიდგენია სკოლა. თუ დავაარსებთ სკოლას, იქ ახალგაზრდობასაც მივიზიდავთ. ქართული მოსახლეობა თითქმის არ არის, ბერძნების მიერ მიტოვებული მიწები და კარმიდამოებია და მონასტრის წინამძღვარი ფიქრობს, ეს ადგილები უნდა მივცეთ ქართველ ახალგაზრდობას და დავეხმაროთ.

გვინდა, პატარა ქართული სოფელი შევქმნათ ამ სკოლისა და მონასტრის ირგვლივ. თუ შევძელი იმ მდგომარეობამდე მისვლა, რომ წამალი აღარ დამჭირდება, სკოლას ავაგუგუნებთ. ამაზე ვლოცულობ. იქნებ ეს წამალი, რომელსაც ვიღებ, საქართველოში რაიმე პროგრამაში მოხვდეს და მისი თბილისში მიღებაც გახდეს შესაძლებელი.

ძალიან ოპტიმისტურად და რწმენით ვარ განწყობილი. ადრეც ვიცოდი, რომ რწმენას მთების დაძვრა შეეძლო, მაგრამ, როცა საკუთარ თავზე გამოცდი, ეს ცოდნა სულ სხვაა. იქნებ გამოგვივიდეს და, რამდენიმე წელი თუ დამრჩენია, ამ საქმეს შევალიო.

_ აუცილებლად გამოგივათ! ახლა ხომ უფრო მხნედ გრძნობთ თავს?

_ დიახ, შედარებაც არ არის იმ პერიოდთან, როცა აქ ჩამოვედი. ახლა ოდნავ გამხდარი ვარ, ვიდრე ვიყავი. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევდი, როგორ გამოვიყურებოდი და უამრავი კოსტიუმიც მქონდა. ახლა აღარ მაინტერესებს, მაგრამ მაინც მენატრება ის დრო, როცა გამოწკეპილი დავდიოდი.

როცა საქართველოში ჩამოვალ, ალბათ ისევ ასე ჩავიცვამ, აქ კი არ მაინტერესებს. ბევრი ტანსაცმელი მაქვს და ვურიგებ, ვისაც ერგება. ჩემმა შვილმა გამასწრო ახლა სიმაღლეში და ალბათ ის შემეზიარება ამ ამბავში.

წყარო: „სარკე“

ჟურნალისტი: რუსუდან ადვაძე

კომენტარები

კომენტარი

ავტორი: აკაკი წოწონავა

ჩვენი მთავარი მიზანია სწორი და მიუკერძოებელი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას! პატივი ვცეთ ხალხის აზრს! კონტაქტი: (+995) 577 18 06 19 info@gnn.ge www.gnn.ge ყველა უფლება დაცულია!
x

ასევე ნახეთ

სამტრედიაში სასულიერო პირმა ადგილობრივი ქალი და მისი მეუღლე სცემა

სამტრედიაში სასულიერო პირმა, რამდენიმე კაცთან ერთად ადგილობრივ ქალს და მის მეუღლეს სცემა, რომელიც უცხო ქვეყნის ...