09/05/2024
Latest:
ეკონომიკა

2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87%–ით, 1,758 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

გასულ წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 87%–ით, 1,758 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს.

უწყების მონაცემებით,  ყველაზე დიდი მოცულობის, 725,993 მილიონი დოლარის ინვესტიცია მესამე კვარტალში შემოვიდა, ყველაზე მცირე, 196,245 მილიონი კი მეორეში. პირველ კვარტალში შემოსულმა ინვესტიციებმა 309,463 მილიონი დოლარი შეადგინა, მეოთხეში კი 526,722 მილიონი დოლარი შემოვიდა.

ამავე პერიოდში რეინვესტიციის ოდენობამ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 19 პროცენტი შეადგინა.

2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები ასე განაწილდა: ნიდერლანდები – 373.7 მილიონი, აზერბაიჯანი – 341.4 მილიონი, ჩინეთი 217.9, აშშ 181.9 მილიონი, ლუქსემბურგი 109.6, გაერთიანებული სამეფო – 107.6 მილიონი, რუსეთი 82.2 მილიონი, პანამა 70.7, თურქეთი 63.1, დანარჩენი ქვეყნები – 210.2.

რაც შეეხება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილებას ეკონომიკის სექტორების ჭრილში, 433.7 მილიონი ლარი მოდის ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე, მშენებლობა – 316.6 მილიონი ლარი, დამამუშავებელი მრეწველობა – 205.4 მილიონი, ენერგეტიკა – 189.9, უძრავი ქონება 138.7, სასტუმროები და რესტორნები – 124.9 მილიონი დოლარი,საფინანსოო სექტორი 115.3, დანარჩენი სექტორები 234.0.