17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 15 მლრდ დოლარია

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15 მლრდ აშშ დოლარი (35.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 107%-ია; 2015 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 357 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, აქედან ვალი ოპერაციული ცვლილებების გამო 441.1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

სებ-ის ინფორმაციით, სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 6 მლრდ აშშ დოლარი (14.5 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 43.3%-ია, რომლიდანაც სამთავრობო სექტორის ვალია 4.4 მლრდ აშშ დოლარი (10.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.5%), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 219.2 მლნ აშშ დოლარი (525.1 მლნ ლარი; მშპ-ს 1.6%), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები შესაბამისად – 782.5 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.6%) და 650.3 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 4.7%).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 2.9 მლრდ აშშ დოლარი (7.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 21.1 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.4 მლრდ აშშ დოლარი (10.6 მლრდ ლარი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3 მლრდ აშშ დოლარი (7.2 მლრდ ლარი).

მთლიანი საგარეო ვალის 94.7% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2015 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 9.4 მლრდ აშშ დოლარი (22.5 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტალის მშპ-ს 67.3%-ია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 3.5 მლრდ აშშ დოლარია (8.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 25%-ია.

2015 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 6.7 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო, ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 3.8 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2015 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა ვალდებულებებმა 219.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 199.5 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო იქნება საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წყარო: BPI