06/05/2024
Latest:
საზოგადოება

ახალი პრემიერის მთავარი გამოწვევები      

წარმატებული მენეჯერი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერი გახდა

ამ წლის უმთავრეს თავისებურებას მისი საარჩევნო ხასიათი წარმოადგენს. საარჩევნო კამპანია მყარი ეკონომიკის მქონე ქვეყნებსაც შეაზანზარებს ხოლმე. ამიტომ, ახალი პრემიერის უმთავრესი გამოწვევა კოალიცია “ქართული ოცნების” არჩევნებში გამარჯვებაა, სხვა ყველაფერი ამ უმთავრეს მიზანს უნდა დაექვემდებაროს. არადა, ის ცაიტნოტშია. პოლიტიკური ბეგრაუნდის არმქონე მაღალი კლასის მენეჯერმა ქვეყნის პოლიტიკური ლიდერის მისია იტვირთა. მას თვეებიც კი არ აქვს, მხოლოდ რამდენიმე კვირა პოლიტიკურად ლიდერად ტრანსფორმაციისთვის. ახალ საკონსტიტუციო რეალობაში მთავარსარდალი პრეზიდენტია, თუმცა, ქვეყნის პირველი პირი პრემიერ-მინისტრი. ბიძინა ივანიშვილმა არც ამჯერად უღალატა თავის თავს და უმაღლეს თანამდებობაზე არაპოლიტიკოსი შესთავაზა საზოგადოებას. ამაში მას არამარტო “რესპუბლიკელები”, “ნაციონალებიც” კი დაეთანხმნენ, თუმცა, ეს ამ გამოწვევის სერიოზულობას სულაც არ ამცირებს. ივანიშვილს ურჩევნია, რომ მის მიერ დაწინაურებული პერსონები არ იყვნენ პოლიტიკური ტვირთის მატარებლები, რადგან საქართველოში ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში პოლიტიკაში ყოფნა, თუნდაც ხუთი წლით, თუნდაც წასვლა-მოსვლის ციკლებით, გვარიანი კომპრომატის დაგროვების წინაპირობა იყო. ამიტომ, ივანიშვილი არჩევს შედარებით გამოუცდელ, მაგრამ სუფთა ბიოგრაფიის ადამიანებს, რომლებსაც პოლიტიკოსის, მით უფრო პოლიტიკური ლიდერის ტვირთის ზიდვა უჭირთ. საქართველოში ჯერაც ვერ გაუგიათ, რომ პოლიტიკოსობა ზუსტად ისეთივე პროფესიაა, როგორც ექიმობა, ფიზიკოსობა, ინჟინრობა, მეწაღეობა, პურის ცხობა-ხაბაზობა, მიწის მუშაკობა და ასე შემდეგ. განსხვავება ერთია და საკმაოდ უმნიშვნელო – ყველა მეცნიერს, მსახიობს, მწერალს, ეკონომისტს და ასე შემდეგ, აქვს შანსი, გახდეს პოლიტიკოსი, ერთადერთი დათქმით, რომ მას აღმოაჩნდება საამისო უნარ-ჩვევები. საქართველოში კი ყველაფერი, ძირითადად, თავდაყირაა. ამას თავად ბიძინა ივანიშვილიც ხვდება და შიგადაშიგ ინანიებს, რომ შეცდა მარგველაშვილის პრეზიდენტად “დანიშვნისას”, სხვა კანდიდატებთან და საკანონმდებლო ორგანოსა თუ თანამდებობებზე საზოგადოებისთვის შეთავაზებულ კანდიდატურებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს ჩვენთვის, მოქალაქეებისთვის დიდი შვება, მოგეხსენებათ, არ გახლავთ.

წინა პრემიერი იყო პირდაპირი, შეუპოვარი, თანმიმდევრული, ხისტი და შესაძლებლის მაქსიმუმიც დადო. თუმცა, საზოგადოების და “ქართული ოცნების” ელექტორატის იმედგაცრუებული ნაწილი ვერ მიიმხრო. მიუხედავად ამისა, კარგი პიროვნება, განათლებული კაცი და შესანიშნავი მეოჯახე, ღირსეულად წავიდა თანამდებობიდან.

ახალი არჩევანი უფრო წინასაარჩევნო კონიუნქტურითაა გაჯერებული. საარჩევნო წელს სიხისტეზე მეტად მოქნილობა დაფასდება. სოლიდურობა, საფუძვლიანი განათლება და ცხოვრებისეული გამოცდილება კვირიკაშვილისთვის კარგი პლატფორმაა წარმატების მისაღწევად. ოღონდ მან უნდა გაითვალისწინოს ირაკლი ღარიბაშვილის ზოგიერთი ნაკლოვანება – ავტორიტეტულ საზოგადოებასთან მეტი კონტაქტი, კვალიფიციური მრჩევლების გარს შემოკრება (ირაკლი ღარიბაშვილს მხოლოდ ორი მრჩეველი ჰყავდა, ყოველშემთხვევაში მედია და საზოგადოება, ორ მათგანს იცნობდა – ყოფილ კულტურის მინისტრ, გურამ ოდიშარიას და ქალბატონს, გენდერული პრობლემების კუთხით), გარდა იმ ბევრი მრჩევლისა, რომელიც ჩხენკელის დროიდან ეკონომიკურ საბჭოში მუშაობს და რომელთა არც გვარები იცის საზოგადოებამ და არც გაკეთებული საქმე უნახავს. კვირიკაშვილმა უნდა მიიღოს მისთვის აუცილებელი ინდულგენცია ივანიშვილისგან, რომ ექნება თავისუფალი მოქმედების მეტი არეალი, მეტი დამოუკიდებლობა, რაც საქმეს წაადგება, რადგან ივანიშვილთან ყველა მნიშვნელოვანი საკითხის შეთანხმების დღეს არსებულ პრაქტიკას ჩიხში შეჰყავს, როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლება და შიგადაშიგ სერიოზულ წინაღობად იქცევა ხოლმე. კვირიკაშვილმა უნდა მიაღწიოს კოალიცია “ქართული ოცნების” სტრუქტურისა და მართვის მკაფიო კონცეფციის შექმნას და რეალიზაციას, რადგან კულუარებში მთელი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების სპექტრის გადატანა, ისევ და ისევ ბევრ პრობლემას წარმოშობს. კვირიკაშვილი მართალია, როცა ამბობს, რომ ეკონომიკა არის მთავარი ფრონტი, მაგრამ ამ ფრონტს სისტემური ხედვა და სტრატეგია ექნება და არ იქნება დამოკიდებული იმპულსური მექანიზმებით ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენების მართვაზე.

 

დაულაგებელი ბიზნესი, ბიზნეს-კლანებს შორის გადანაწილებულ ქვეყანაში

კვირიკაშვილის მთავრობის მთავარი პრობლემა და მთავარი გამოწვევა ისევ ისაა, რაც იყო. ბიზნეს-კლანები დომინირებენ საქმიან სამყაროში. მათ ყველაფერი აქვთ მკაფიოდ გადანაწილებული, თავიანთი აქტივები, ძირითადად, გადატანილი აქვთ ოფშორებში და სავარაუდოდ, დასავლურ სამყაროში გავლენიანი ლობისტები ამ ბიზნესების მოწილეებს წარმოადგენენ. ამის შეცვლა ღარიბაშვილის დროს ვერ მოხერხდა. თავდაპირველად, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულმა გია ხუხაშვილმა იკისრა “ბიზნესის დამლაგებლის” ფუნქცია, ლაშა ნაცვლიშვილთან და სხვებთან ერთად, რაც როგორც ამბობენ, კეზერაშვილის კუთვნილ ,,პიქსელის” შენობაში წილების გადანაწილებაზე საუბრებით შემოიფარგლა. იქნებ ამიტომაც, თუ სხვა მიზეზთა გამო, პროცესმა არამართლზომიერი ხასიათი მიიღო, რასაც ასეთ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის მყისიერი რეაქცია მოჰყვა და ივანიშვილი და ხუხაშვილი ერთმანეთს დაშორდნენ. არადა, ორივეს განზრახვა თავისთავად სწორი და ლოგიკური იყო, რომელმაც შემდეგ ის სახე მიიღო, რაც მიიღო. ფაქტი, ფაქტად რჩება – “ბიზნესის დალაგება” არ შედგა, “ჩრდილოვანი” ნაცები დღემდე აკონტროლებენ ყველა შემოსავლიან ბიზნესს საქართველოში, ოფშორებში მათი მიჩქმალვით, ან ცრუმაგიერი პირების მეშვეობით, რომელთაგან ზოგიერთი პარლამენტშიც კი ზის და “ოცნებასთან” გვარიან სიამტკბილობაშია. ასეთ პირობებში კვირიკაშვილის ამოცანაა, რომ კანონის სრული დაცვით, მესაკუთრეთა უფლებების ხელყოფის გარეშე, რეალურად გაათავისუფლოს ისევ და ისევ ნაცების ტყვეობიდან ბიზნესები და მიაღწიოს მათ მიერ ქვეყნიდან გატანილი დიდი რესურსის რეინვესტირებას საქართველოში. ამ ამოცანის გადასაწყვეტად, ბუნებრივია, ახალ პრემიერს ერთი წელი არ ეყოფა, მაგრამ თუ ვიქნებით რეალისტები, უნდა ვაღიაროთ, რომ “ქართული ოცნება” მომავალ არჩევნებს მოიგებს, ოღონდ ელექტორატის ნახევარის მხარდაჭერის გარეშე. ამიტომ, კვირიკაშვილის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იქნება მომავალი კოალიციური მთავრობის პარტნიორების შერჩევა და მათთან ერთად სასიცოცხლო მნიშვნელობის პრობლემების გადაწყვეტის გზების ძიება, მომავალი ხუთწლიანი ციკლის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ასე რომ, გამოცდილ და სოლიდურ კაცს, მაგრამ ახალბედა პოლიტიკოსს, მთავრობის მეთაურის პოსტზე ბევრი გამოწვევა ელის, მითუმეტეს, იმ რეალობის გათვალისწინებით, რომ PR-ტექნოლოგიები სისტემურად ჩამოყალიბებული და გააზრებული, მმართველ კოალიციურ ძალას არ გააჩნია, – საინფორმაციო სივრცეს – როგორც ელექტრონულ მედიას, ისე ბეჭდურ და ინტერნეტ-მედიას “ნაციონალები” და კონკრეტული ბიზნეს-ინტერესების მქონე კლანები აკონტროლებენ, “ნაციონალებთან” ასოცირებული არასამთავრობოები (“საია”, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, “სამართლიანი არჩევნები” და სხვა) ახლა უფრო მეტად არიან დისტანცირებულნი “ნაციონალების” პოლიტიკური გუნდისგან, მაგრამ უფრო მეტი გაფაციცებით ელიან დირექტივებს თავიანთი დამფინანსებლის – “იუესეიდისგან”. თუმცა, აშშ-ს ახალი ელჩის, ბატონ კელის საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მათ შეწყვიტეს თავდასხმები მმართველ კოალიციაზე და უფრო ობიექტურ, მიუკერძოებელ კომენტარებს აკეთებენ. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ ამერიკელებმა, მათთვის დამახასიათებელი პრაგმატული ხედვით, გააცნობიერეს, რომ “საგარეჯოს სინდრომის” განმეორება ქვეყნის მასშტაბით, როცა “პატრიოტთა ალიანსის” წევრ ირმა ინაშვილს არჩევნები გაუყალბეს, სერიოზული საფრთხის შემცველი იქნებოდა ქვეყანაში სტაბილურობისთვის. ამიტომაც გახდა რეალობასთან უფრო მიახლოებული NDI-ს გამოკითხვის შედეგებიც. ამ ყველაფრის გათვალისწინება და აქედან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირება, ასევე იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გიორგი კვირიკაშვილისთვის.

პრეზიდენტის გამბიტი, ბრძოლა ეროვნული ბანკისათვის და თამაშგარეში აღმოჩენილი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტო

 

პრეზიდენტი მარგველაშვილი თავისას არ იშლის. პარლამენტში კანდიდატურის წარდგენის კანონიერ უფლებას თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს და ცდილობს გავლენების გადანაწილებასა და წესით აპოლიტიკური ინსტიტუციების დენაციზაციაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს. ამით ის ახალი პროდასავლური ცენტრის თავის გარშემო შემოკრებასაც ცდილობს და ჩვენი ამჟამინდელი სტრატეგიული პარტნიორების ნდობის მოპოვებასაც. ის იგნორირებას უკეთებს იმ მომენტს, რომ არჩევიდან სულ მალე ივანიშვილისა და ოცნების პოლიტიკური გუნდისგან გამიჯვნამ, მისი ლეგიტიმაციის ხარისხი მნიშვნელოვნად შეამცირა და საყოველთაო სახალხო არჩევნების გზით, პრეზიდენტის პოსტზე მოსვლამაც, გაფერმკრთალება იწყო. სხვა მხრივ, განათლებული და განსწავლული პიროვნება მხოლოდ დადებით შეფასებებს იმსახურებს, მაგრამ მისი დამოკიდებულება ნაცების აქტივისტებით დაკომპლექტებულ საკონსტიტუციო სასამართლოსთან, სხვა ინსტიტუციებთან იმავე ელექტორატის კრიტიკას ვერ უძლებს, რომელმაც ის ამ მაღალ პოსტზე აირჩია.

ჩვენ ამჯერად სხვა თემა გვაინტერესებს, – პრეზიდენტ მარგველაშვილის როლი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არჩევის, ამ ეტაპზე კი ეროვნული ბანკიდან მიმავალი გიორგი ქადაგიძის ჩანაცვლების პროცესში. მას ევალება კანდიდატურის წარდგენა, მაგრამ მკაფიოდ არ არის ჩამოყალიბებული, როგორ უნდა შეარჩიოს მარგველაშვილმა კანდიდატი. ის საზოგადოებას სთავაზობს ექსპერტების ჯგუფის და არასამთავრობოების ნაწილის მიერ შეთავაზებული კანდიდატებიდან, მის მიერ არჩეული ერთის წარდგენას. მიუხედავად პრეზიდენტისადმი პატივისცემისა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ადმინისტრაციის უფროსს, ახალგაზრდა შესანიშნავ ინტელექტუალსა და ეკონომისტს, გიორგი აბაშიშვილს ვაფასებ, მაინც არ მომწონს და კატეგორიულად არ ვეთანხმები შერჩევის შემოთავაზებულ პროცედურას, რამაც ეროვნული ბანკის საბჭოს წინა წევრის შერჩევასთან დაკავშირებით, უკვე განიცადა აპრობაცია და საკმაოდ წარუმატებლად. რამდენადაც ცნობილია, პრეზიდენტის აპარატის თვალთახედვით შერჩეულმა ექსპერტთა ჯგუფმა და არასამთავრობოების ნაწილმა ეროვნული ბანკის საბჭოს პრეზიდენტად დაასახელეს ცნობილი ფინანსისტები და ეკონომისტები მერაბ კაკულია, ემზარ ჯგერენაია, ლევან კალანდაძე და ნიკოლოზ ყაველაშვილი. თუმცა, იმავე ექსპერტებისთვის არავის აუხსნია რატომ მიენიჭა უპირატესობა ნიკოლოზ ყაველაშვილს, რომელსაც არჩევიდან დღემდე ერთი საჯარო განცხადება არ გაუკეთებია და უმწვავეს პრობლემებთან დაკავშირებით ერთი საჯარო გამოსვლა არ ჰქონია, თან გაუგებარია რაში უხდის სახელმწიფო მას ძალიან მაღალ ხელფასს, 6500 ლარს. ახლა იმავე სტილით უნდათ შეარჩიონ ფაქტობრივად გიორგი ქადაგიძის მემკვიდრე. გაუგებარია, “ნაციონალების” მიერ წლების განმავლობაში მხარდაჭერილი ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, რომელიც კარგად არის დაფინანსებული სოროსის ფონდის მიერ, შესაბამისი ქვეტექსტით, რატომ უნდა აყენებდეს ეროვნული ბანკის წევრის კანდიდატურას და რატომ უნდა მონაწილეობდეს ფორმალურად გადამწყვეტი ხმის უფლებით იმავე საკრებულოში, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე, რისი საწინააღმდეგოც არაფერი მაქვს, მაშინ როცა ამ ჯგუფის პრეზიდენტთან და აბაშიშვილთან შეხვედრებზე აღარ ჩანს კვალიფიციური ფინანსისტი და ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულია. შერჩევის კრიტერიუმებიც საკმაოდ ზოგადია და ისიც ალოგიკურია, რომ პარლამენტის უმრავლესობას მხარდასაჭერად მისაგან გამიჯნული, თუ დაპირისპირებული არა, პრეზიდენტი თავისი შეხედულებებით შერჩეულ კანდიდატს სთავაზობდეს დასამტკიცებლად.

ეროვნული ბანკი, ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, ფინანსური ზედამხედველობა, ეროვნული ვალტის კურსი, ეს ფაქიზი და ურთულესი თემებია. გასაგებია, რომ ამ სფეროს გაკონტროლებაზე ხელს “ნაციონალები” და მათი დასავლეთელი ლობისტები არ აიღებენ. მაგრამ როდემდე უნდა იდგეს ჩვენი ეროვნული ვალუტის ნორმალური დრეიფის სადარაჯოზე ელჩი კელი, ან რატომ უნდა სჭირდებოდეს გარანტიები ეროვნული ბანკის მიმავალ პრეზიდენტს. თუმცა, ეროვნული ბანკი მნიშვნელოვანი ინსტიტუტია. წამყვან ბანკებთან “საქართველოს ბანკთან” და “თიბისი” ბანკთან მიმართებაში ინტერესთა მრავალგვარობა გასაგებია, ისინი ხომ სერიოზული მოთამაშეები არიან და ამ მიმართულებით ბევრი სხვადასხვაგვარი ინტერესია აკუმულირებული. მაგრამ ეროვნული ბანკის საბჭოს ლეგიტიმური პროცესის გზით შერჩევის გარეშე, რა ფასი აქვს ან ხელისუფლებაში ყოფნას, ან ჩვენს სუვერენიტეტს საერთოდ.

ესეც კვირიკაშვილის ერთი დიდი გამოწვევა იქნება.

ვითომ ამ სიტუაციაში ვიცე-პრეზიდენტ მესტვირიშვილის გაპრეზიდენტება იქნება გამოსავალი? არჩევნების შემდეგ, სებ-ის საბჭოს კიდევ სამი ახალი წევრი უნდა შეირჩეს და მაშინ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი იქნება ცხადი? ხვალისა ხვალემ თქვას? სავარაუდოდ, პრეზიდენტის მიერ გამოკლებული ქადაგიძის ნაცვლად წარდგენილ საბჭოს წევრობის კანდიდატს, პარლამენტის უმრავლესობა არ დაამტკიცებს?

ან კი ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან დაკავშირებული მასკარადი რას ჰგავს? ხალხი წამოვიდა ადრინდელი სამსახურებიდან, პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ნაცი აქტივისტებით დაკომლექტებულმა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს სააგენტო ქუჩაში დატოვა. აქ სად არის პრეზიდენტის, როგორც კანონიერების დარაჯის როლი, ფინანსური ზედამხედველობის სააგენტოსთან მისი დამოკიდებულების მიუხედავად.

ასეთი გამოწვევებით ხვდება ახალ 2016-ს, ახალი პრემიერი.

ბექა ციხისელი