02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

დავით საგანელიძე: რუსეთის ბაზარი მაქსიმალურად უნდა დავაკმაყოფილოთ

“რუსეთსა და თურქეთს შორის დაძაბულ ურთიერთობას ზოგადად თუ შევაფასებთ, ეს ჩვენს ქვეყანას არ არგებს. მინუსს უფრო მეტს მივიღებთ, ვიდრე დადებითს. ცხადია, ორ ქვეყანას შორის ვართ მოქცეული და მათი დაძაბული ურთიერთობა ცუდად გადაედება ქვეყანას”, – ამის შესახებ “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” “საზოგადოება 2030”-ის ინიციატივით გამართული ფორუმის, ფინანსური სტაბილურობა, ევროასოცირების ეკონომიკა და საქართველოს განვითარების კორპორაციის მომავალის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ცხადია, რუსეთში შეიზღუდება თურქეთიდან ექსპორტი და ნაკლებად მიიღებს იმპორტირებულ სასოფლო სამეურნეო პროდუქტებს. როგორც ჩანს, ასე მოხდება. ბუნებრივია, დეფიციტი რაღაცით შეივსება.

ჩვენ გვაქვს შანსი, რუსეთში ციტრუსებისა და გაზაფხულზე სხვადასხვა პროდუქტების მიწოდების. ჩვენ იმ დიდ დეფიციტს ვერ შევავსებთ, რადგან ძალიან დიდია. სამწუხაროდ, საქართველო ვერ შეძლებს ამდენი პროდუქციის წარმოებას, თუმცა რაღაც ნიშას დაიკავებს. მე მიმაჩნია, რომ ჩვენ ეს მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ. ეს იმიტომ კი არა, რომ გვიხარია მათ შორის დაძაბულობა, არამედ იმიტომ, რომ ბიზნესს თავისი კანონი აქვს და მოსახლეობას სჭირდება გარკვეული რაოდენობის პროდუქტი. თავისთავად ცხადია, ჩვენ რისი საშუალებაც გვაქვს, უნდა მივაწოდოთ რუსეთს. ამავე დროს, ჩვენ შეიძლება თურქეთიდან პირიქით, გარკვეული ინვესტიციები მოვიზიდოთ, გავაძლიეროთ გავაორმაგოთ სხვადასხვა დარგში ჩვენი წარმადობა. იმიტომ, რომ ბაზარი უფრო ხელმისაწვდომი გახდება ჩვენთვის”, – განაცხადა საგანელიძემ.

თუმცა, “საპარტნიორო ფონდის” ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური დაძაბულობა ან პირიქით, პოლიტიკური ურთიერთობის დათბობა, მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკურ სიახლოვეს ან დაცილებას.

“ბიზნესი მაინც თავისი გზით მიდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ რუსეთთან არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა, მიუხედავად იმისა, რა პერიოდიც გავიარეთ, ქართული პროდუქცია მაინც იყდება რუსეთის ბაზარზე. ღვინო, მინერალური წყლები, ხილისა და ბოსტნეულის ნაწილი გაძლიერდება, გაორმაგდება გაყიდვები, რაც ჩვენთვის კარგია. ჩვენს ქვეყანას ეს წაადგება.

რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობა ვიცით რაც არის, მაგრამ უკრაინა რუსეთიდან ღებულობს გაზს და სხვა პროდუქტს. ასევე, უკრაინა რუსეთში ბევრი თავისი პროდუქტის ექსპორტს ახორციელებს. მათ შორის ხორბლის, შაქრისა და ა.შ.

იმის თქმა, რომ უნდა ჩაიკეტოს ყველაფერი, ბიზნეს გზა გადავუკეტოთ… ბიზნესს თავისი გზა აქვს და თავისი გზით ივლის, თუმცა რა თქმა უნდა, პოლიტიკა ბიზნესის განვითარებაზე გავლენას ახდენს”, – განაცხადა დავით საგანელიძემ.