ეკონომიკა

“ინდექსში მცირე განსხვავებაა ქულის თვალსაზრისით, თუმცა ადგილის თვალსაზრისით წავიწიეთ წინ”

გლობალურ ეკონომიკურ თავისუფლებაში ცვლილებებია. საქართველო თანაბარი შეფასებით V-IX  ადგილებს იყოფს 159 ქვეყანას შორის. რეიტინგი ემყარება მონაცემებს 2014 წლიდან და ზომავს ეკონომიკური თავისუფლების დონეს (არჩევანის თავისუფლების, ბაზრებზე შეღწევადობის, კერძო საკუთრების დაცულობის, მართლწესრიგის და ა.შ.) 159 ქვეყნის პოლიტიკის და ინსტიტუციების ანალიზით.

2015 წელს საქართველო მე-11 ადგილს იკავებდა აღნიშნულ რეიტინგში. განახლებული, 2016 წლის მონაცემებით კი ექვსი საფეხურით წაიწია წინ და მეხუთე პოზიციაზე გადავიდა.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე რეიტინგში პოზიციის გაუმჯობესებას დადებითად აფასებს და სხვა ქვეყნების მიერ პოზიციის გაუარესებაზეც მიუთითებს, რამაც გარკვეულწილად რეიტინგში საქართველოს წინსვლა განაპირობა.

– უნდა დავაზუსტოთ, რომ ჩვენ ვიყავით მეთერთმეტე ადგილზე და ახლა მეხუთე-მეცხრე ადგილებს ვიყოფთ. ეს ნიუანსი გასათვალისწინებელია. მეხუთე ადგილი კი ქვია, მაგრამ სინამდვილეში მეხუთე-მეცხრე ადგილს ვიყოფთ, მაგრამ ეს არ აკნინებს შედეგს. კვლევა შედგება ხუთი კომპონენტისგან. ხუთიდან ორში გვაქვს კლება, ორში წინსვლა, ხოლო ერთში იგივე მდგომარეობა. საბოლოო ჯამში წინსვლამ გადაწონა უკუსვლა და ჩვენ დავწინაურდით. პირველი კომპონენტი არის მთავრობის ზომა, გვაქვს გაუარესება მცირედით. მთავრობამ უფრო მეტი დახარჯა მშპ-სთან მიმართებაში ვიდრე წინა წელს, იყო 18% და გახდა 19,6%. მთავრობამ სინამდვილეში თავისი მოქმედებით პროვოცირება გაუკეთა რეიტინგში გაუარესებას ამ თვალსაზრისით. მეორე, სადაც მთავრობის როლი უარყოფითად აისახა არის რეგულირებების ნაწილი. თვითონ რეგულირების ნაწილი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება და იქ გვაქვს რამდენიმე ნაწილში გაუარესება. აქაც მთავრობა ვერ დაიტრაბახებს რომ მას ჰქონდა კარგი შედეგები.

არის კარგი ფაქტორებიც, თუმცა ჯამში ამ ნაწილში გაუარესება გვაქვს. წინსვლა გვაქვს მყარი ფულის ნაწილში და აქ ეს არის ეროვნული ბანკის პოზიცია თავიდან ბოლომდე. წინსვლა გვაქვს იმ გაგებით, რომ 2014 წელს, რომელსაც ეხება ეს კვლევა, ეროვნული ბანკი შედარებით ნაკლებ ფულს ბეჭდავდა. ფულის ემისიას ჰქონდა შედარებით მოკრძალებული მასშტაბები. შესაბამისად, აქ არის გაუმჯობესება. მეორე კომპონენტი არის სამართლებრივი სისტემის გამჭვირვალობა და ქონებრივი უფლებების დაცულობა, თუმცა ეს ნაწილი ძირითადად საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის ინდექსის მონაცემებზე დაფუძნებით კეთდება, რაც თავის მხრივ მეტწილად გამოკითხვებს ეფუძნება. ასე რომ იქაც გაუმჯობესება  გვაქვს მნიშვნელოვანი, მაგრამ ხშირად უფრო სუბიექტური ხასიათის შეფასება შეიძლება იყოს, ამიტომ მე ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ აქ წინსვლა გვაქვს, მაგრამ ხშირად ამისი გადამოწმება არის რთული. ხოლო სადაც არც გაუმჯობესება გვაქვს და არც გაუარესება, ანუ იგივე მდგომარეობა  გვაქვს, არის საერთაშორისო ვაჭრობის თავისუფლება. ამ წელს არანაირი ცვლილება არ გაუკეთებია მთავრობას, რაც არც კარგია არც ცუდი და მონაცემიც შენარჩუნებულია. ჯამურად გამოდის რომ წინსვლამ გადაწონა წარუმატებელი ნაბიჯები. ოდნავ წავიწიეთ წინ. ძალიან მცირე განსხვავებაა ქულის თვალსაზრისით, თუმცა ადგილის თვალსაზრისით წავიწიეთ წინ. იმიტომ დავწინაურდით, რომ სხვა ქვეყნებმა გაიუარესეს პოზიციები და ჩვენ დონეზე ჩამოვიდნენ, მათთან ქულები გაგვითანაბრდა და შესაბამისად ადგილებიც გაგვითანაბრდა.