05/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ინვესტორები ნაკლებად უწყობენ ხელს მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას

 

გლობალიზაციის თანამედროვე პირობებში, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, როგორც განვითარებად, ასევე განვითარებულ ეკონომიკებში, მისი განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე – სასიცოცხლო აუცილებლობას წარმოადგენს.

საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2015 წელს 1.35 (2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 23%-ით ნაკლები), ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე კი – 14.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. აღსანიშნავია რომ უცხოური ინვესტიციების უდიდესი ნაწილი დედაქალაქზე მოდის (ბოლო 5 წლის განმავლობაში – 75%), მეორე ადგილს კი სტაბილურად აჭარის რეგიონი იკავებს (იხ. ცხრილი 1).

ცხრილი 1. პირცაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოს რეგიონების მიხედვით (ათასი აშშ დოლარი).

საქართველოს და აგრეთვე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მასშტაბური და გრძელვადიანი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას მრავალი მაჩვენებელის ერთობლიობა განაპირობებს. საქართველოსთვის ნეგატიურ ფაქტორებში შეგვიძლია განვიხილოთ: მცირე სამომხმარებლო ბაზარი; სამუშაო ძალის დაბალი კვალიფიკაცია (მიუხედავად წერა-კითხვის და დიპლომიანთა თითქმის ასპროცენტიანი მაჩვენებლისა მოსახლეობის ერთ სულზე); ორი კონფლიქტური რეგიონის არსებობა; მუდმივი პოლიტიკური არასტაბილურობა და მრავალი სხვა. თუმცა, არსებობს პოზიტიური მხარეებიც, როგორებიცაა: საკანონმდებლო ბაზრის მუდმივი გაუმჯობესება; დაბალი გადასახადები, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა ევროკავშირთან, საქართველოს ადგილმდებარეობის უპირატესობა და სხვა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის ჭრილში საქართველო მიმზიდველ ქვეყანათა რიცხვს განეკუთვნება. თუმცა, ჯერჯერობით, უცხოელი ინვესტორები საქართველოში მაინც იაფი სამუშაო ძალის გამოყენებით, ადგილობრივი ბაზრის ათვისებით არიან დაკავებულნი და ნაკლებად უწყობენ ხელს მაღალტექნოლოგიური, ექსპორტზე ორიენტირებული დარგების განვითარებას.

საინტერესოა, რომ საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის საინტერესო დარგებია: ენერგეტიკა; ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა; საფინანსო სექტორი, უძრავი ქონებისა და სამშენებლო ბაზრები, აგრეთვე დამამუშავებელი მრეწველობა – ჯამურად უცხოური ინვესტიციების 80%-ზე მეტი, 2015 წლის წინასწარი მონაცემებით. სხვა სფეროებში ინვესტორთა დაინტერესება საკმაოდ დაბალია, მაგალითად: საქართველოს მთავრობის მიერ სოფლის მეურნეობის მიმართულების ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადების მიუხედავად, ინვესტიციები ამ სფეროში მიზერულია და ბოლო 5 წლის განმავლობაში მთლიანი ინვესტიციების 2%-ზე ნაკლებია (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები დარგების მიხედვით (მილიონი აშშ დოლარი)

საქსტატის თანახმად, დღეისთვის ქართულ-უცხოური წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციების ექსპორტის წილი მთლიან ექსპორტში 50%-ს აღემატება, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოური ინვესტიციები აქტიურ როლს თამაშობენ ქართული ექსპორტის ფორმირებაში. თუმცა, როგორც ზემოთ ვახსენეთ, ეს ძირითადად დაბალტექნოლოგიური დარგების ექსპლუატირების ხარჯზე ხორციელდება. ქართული ეკონომიკის თვისობრივად ახალ დონეზე გადასაყვანად და მისი ექსპორტის, როგორც აბსოლუტურ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში გასაუმჯობესებლად, საჭიროა გეზის აღება ისეთ მიმართულებაზე, როგორიცაა – თანამედროვე ტექნოლოგიები, რომელიც, თავის მხრივ, განათლებაში (პროფესიული და ტექნოლოგიური ცენტრები; საშუალო და უმაღლესი განათლება) მნიშვნელოვანი რესურსების დაბანდების გარეშე წარმოუდგენელია, ხოლო ასეთის განხორციელების შემთხვევაში კი გრძელვადიანი მდგრადი განვითარების საწინდარი გახდება.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით საქართველოში ყველაზე აქტიური რეგიონად ბოლო 5 წლის განმავლობაში ევროკავშირი გვევლინებოდა, თუმცა აღსანიშნავია რომ 2015 წლის წინასწარი მონაცემების თანახმად მან პირველობა დსთ-ს ქვეყანათა ჯგუფს დაუთმო (იხ. დიაგრამა 1), სადაც დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან განხორციელებული პირდაპირი ინვესტიციების მნიშვნელოვანი მატება (341-დან 542 მილიონამდე), ხოლო რუსეთიდან კი მათი თითქმის განახევრება (82-დან 49 მილიონამდე). თავის მხრივ აზერბაიჯანიდან განხორციელებული ინვესტიციების უდიდესი ნაწილი კი რეგიონული მასშტაბის სატრანსპორტო და კავშირგაბმულობის ინვესტიციებთანაა დაკავშირებული, რაც საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის აუმჯობესებს.

დიაგრამა 1. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით (მილიონი აშშ დოლარი)

დეტალური ანალიზის საფუძველზე, გაეროს სტანდარტების თანახმად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში (2011-2015 წწ) საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განმახორციელებლები ძირითადად საშინაო ბაზრის ათვისებით იყვნენ დაინტერესებულნი (80%), მეორე ადგილზეა ეფექტიანობის მაძიებელი ინვესტიციები (17%), ხოლო მესამეზე კი რესურსების მაძიებელი (3%).

ზემოხსენებული მონაცემების ბოლო 20 წლის დინამიკაში განხილვის შემთხვევაში კი დავინახავთ, რომ საქართველო უცხოელი ინვესტორებისათვის უკვე აღარ წარმოადგენს მხოლოდ იაფი რესურსების ბაზარს, არამედ სახეზე გვაქვს მოტივაციების დივერსიფიკაცია და მათი უფრო მეტად გადახრა ეფექტიანობის მაძიებელი დარგებისაკენ, რაც მთლიანობაში ადგილობრივი ბაზრის განვითარებაზე და პროგრესზე მეტყველებს (თუმცა, სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია).

თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი

ვახტანგ ჭარაია