საზოგადოება

კვირიკაშვილი აცხადებს, რომ სასამართლოში მიდგომები შეიცვალა, დავებს კი კვლავ კეზერაშვილი იგებს

რამდენიმე დღის წინ პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა. ბიზნესმენებს მიაჩნიათ, რომ ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა ვერ მოხერხდა. პრემიერმა განაცხადა, რომ ეს ბრძოლა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე „ქართული ოცნების“ გუნდს ეგონა.

„სამართლიანობის აღდგენა გაცილებით რთული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით.

ჩვენ მოგვიწია უარი გვეთქვა ამ პრობლემის სესტემურად მოგვარებაზე. არ შევქმენით მექანიზმი, რომელიც ერთიან კონტექსტში განიხილავდა სამართლიანობის აღდგენის პროცესს.

მართალია, ჩვენ არ შევქმენით სისტემა, რომელიც სამართლიანობას მასობრივად აღადგენდა, მაგრამ თვალნათელია, რომ სასამართლოებში მიდგომები შეცვლილია.

სამართლიანობის აღდგენა ქვეყანაში კერძო დავების გზით მიმდინარეობს.

მე კარგად მახსოვს რა ხდებოდა 2007 წლიდან მოყოლებული. მე მაშინ ბანკირი ვიყავი და საბანკო სექტორში ვმუშაობდი. უამრავი სესხი გვაქვს გაცემული ვითომ „სამეურნეო მიზნით“, როდესაც ზუსტად ვიცოდი, რომ ფულს ადამიანებს ციხიდან გამოსაყვანად ვაძლევდით.  ზოგი თავად იყო პატიმარი, ზოგის ძმა, ბიძაშვილი, ოჯახის წევრი….

სასამართლოში მიდგომა შეცვლილია და მჯერა, რომ 4 წლის შემდეგ აღდგენილი სამართლიანობის ქვეყანაში ვიცხოვრებთ.“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას.

სწორედ ასეთი საქმეების რიცხვს განეკუთვნება „სენტა პეტროლიუმის“ დამფუძნებლების ზაალ იაკობიძის და დავით მიმინოშვილის სასამრთლო დავა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ.  კეზერაშვილმა “სენტა პეტროლიუმისა” და „ბემონს“ მფლობელები  მუქარით  აიძულა „გალფის“ ბრენდის ქვეშ მოქმედ შპს-ებზე -„სან პეტროლიუმ ჯორჯია Sun Petroleum Georgia -სა და შპს „ჯორჯიან პეტროლიუმ”-ზე გადაეფორმებინათ.

იმ სასამართლომ, რომელზეც პრემიერმა განაცხადა, რომ მიდგომები შეცვლილია, კვლავ თავდაცვის ყოფილი მინისტრი გაამართლა – სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში კეზერაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილებით დასრულდა.

მიუხედავდ იმისა, რომ მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის საეჭვო დასკვნა, რომელსაც ალტერნატიული ექსპერტიზა აბათილებდა და თავად კეზერაშვილის მოადგილის ჩვენება ბიზნესის გამოძალვის დასტურად საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, მოსამართლე თეა ხამხაძემ გარიგებაში საეჭვო ვერაფერი აღმოაჩინა და დაადგინა, რომ ბიზნესმენებმა მაღალჩინოსანს ქონება და ბიზნესი საკუთარი სურვილით აჩუქეს.

სასამართლო პროცესზე დაიკითხა კეზერაშვილის მოადგილე მამუკა მუჯირი, რომელმაც დაწვრილებით უამბო მოსამართლეს, თუ როგორ იბარებდა დავით კეზერაშვილი „პიქსელის“ შენობაში ზაალ იაკობიძეს და დავით მიმინოშვილს და მათგან ბიზნესის და ქონების დათმობას ითხოვდა. მოსამართლე თეა ხამხაძემ აქ საეჭვო ვერაფერი ნახა.

მოსამართლემ იცის და უტყუარი ფაქტია, რომ ზაალ იაკობიძე და დავით მიმინოშვილი, ნებით ბიზნესის დათმობაზე უარის შემდეგ, დააპატიმრეს. დეტალურად იცის მოსამართლემ, რომ დავით იაკობიძე საპატიმროდან კეზერაშვილის მოთხოვნების შესასრულებლად და გადაფორმების საბუთებზე ხელის მოსაწერად გამოუშვეს, ხოლო ზაალ იაკობიძე პატიმრობაში დატოვეს „ბიზნესის“ საბოლოოდ წართმევამდე. მოსამართლე თეა ხამხაძემ აქ საეჭვო ვერაფერი ნახა.

ზუსტად ასეთ დაპატიმრებებზე განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრისას – დაპატიმრებებზე, რომელსაც, როგორც წესი, ფულის გამოძალვა და ბიზნესის წართმევა მოსდევდა ხოლმე შედეგად. სწორედ ამ სასამართლოზე თქვა პრემიერმა, რომ მიდგომები შეიცვალა.

ზაალ იაკობიძის და დავით მიმინოშვილის შემთხვევა, სამწუხაროდ, გამონაკლისი არ არის. სამწუხაროდ, ქართული სასამართლოსთვისაც არ აღმოჩნდა ისეთი ადვილი სამართლიანობის აღდგენა, როგორც ქართული ოცნების გუნდს ეგონა. წინა ხელისუფლების მიერ დაზარალებულ და დაშინებულ ბევრ ბიზნესმენს უკვე იმედიც კი გადაეწურა, რომ სამართლიანობა აღდგება და წართმეულ ქონებას დაიბრუნებენ.

საყურადღებოა „სამხარაულის“ ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა „სენტა პეტროლიუმის“ საქმეზე. ამ სამსახურის ექსპერტების დასკვნები ხშირად უშლის ხელს ჭეშმარიტების დადგენას და დაზარალებული ბიზნესმენების საწინააღმდეგო მტკიცებულებები ხდება. სასამართლო ამჯერადაც ექსპერტის გიორგი ჩადუნელის დასკვნას დაეყრდნო, რომელიც კეზერაშვილის სასარგებლოდ დაიწერა.

სასამართლოზე მოსარჩელე მხარემ წარადგინა ალტერნატიული ექსპერტიზის დასკვნა, რომელმაც დაამტკიცა, რომ „სამხარაულის“ ექსპერტს გიორგი ჩადუნელს „სენტა პერტოლიუმ ჯორჯიას“ და შპს „ბემონის“ ბიზნესი ან არ შეუფასებია, ან შეაფასა არასწორი მეთოდოლოგიით განზრახ, რომ შეუსაბამოდ დაბალი ფასი დაედგინა. მოსამართლემ თეა ხამხაძე, „სამხარაულის“ ექსპერტიზის“ დასკვნას ენდო და ალტერნატიული ექსპერტიზის მსჯელობა არ გაიზიარა. სამწუხაროდ, არც ეს შემთხვევაა გამონაკლისი და აქაც თვალნათელია, რომ სასამართლოს მიდგომები არ შეცვლილა.

ზაალ იაკობიძისა და დავით მიმინოშვილის საჩივრის საფუძველზე, 2013 წლიდან აღძრულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურაში და მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიებას თავდაპირველად  აწარმოებდა საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია. მას შემდეგ, რაც მთავარ პროკურატურაში, სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი შეიქმნა, აღნიშნული საქმის გამოძიება ზემოთ აღნიშნულ დეპარტამენტში გაგრძელდა და ამჟამადაც მიმდინარეობს.

აღნიშნული საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოშიც გაგრძელდება, რადგან მოსარჩელე მხარე საქალაქო სასამართლოს  გადაწყვეტლების გაასაჩივრებას აპირებს.