08/05/2024
Latest:
საზოგადოება

აფბა: „ნაციონალების“ დროს სამუშაო ადგილები 90 ათასით შემცირდა – მათ სამუშაო ადგილების შექნა არ შეუძლიათ

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცემულ დაპირებას, რომელიც მათი არჩევის შემთხვევაში, პირველივე წელს 45 ათასი, ხოლო ყოველ მომდევნო წელს 30 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს.

აფბა-ს ანალიტიკოსის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცემული დაპირება პოპულისტურია და მათი პროგრამის მიხედვით, დასაქმებული მოქალაქეების რაოდენობის ასეთი ტემპით ზრდა  განუხორციელებელ დაპირებად დარჩება.

„წინასაარჩევნო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან, ხშირად ისმის საკმაოდ გაუაზრებელი და ტყუილზე დაფუძნებული დაპირებები. „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცემული დაპირება ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება შეფასდეს პოპულისტურ დაპირებად. რამდენადაც, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, სტატისტიკის სამსახურის მონაცემების თანახმად, სამუშაო ადგილები 1 მილიონ 814 ათასიდან 1 მილიონ 724 ათასამდე შემცირდა. შესაბამისად, „ნაციონალების“ 9 წლიანი მმართველობის პერიოდში სამუშაო ადგილების რაოდენობამ 90 ათასით იკლო. ამავე მონაცემებზე დაყრდნობით, პროცენტულ გამოხატულებაში, 2003 წელს ქვეყანაში უმუშევრობის დონე 11,5% იყო, ხოლო 2012 წელს უმუშევრობამ 15% შეადგინა. ამდენად, აბსოლუტურად გაუგებარია რა იწვევს აღნიშნული პარტიის დაპირებებში მსგავსი ოპტიმიზმის საფუძველს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს სამუშაო ადგილების შექმნის გამოცდილება.

გარდა ამისა, „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, გარკვეული საგადასახადო რეფორმების შედეგად ვარაუდობს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ლიბერალური საგადასახადო სისტემა ბევრ ქვეყანაში მოქმედებს და პრაქტიკა აჩვენებს, რომ გადასახადების შემცირებას, დასაქმების კუთხით ასეთი ეფექტი არ აქვს. შესაბამისად, აღნიშნული საკითხი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გაცემული დაპირება არის პოპულისტური“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.