ოქტომბრიდან შსს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე კონტროლის გამკაცრებას იწყებს
„დანაშაული არსებობდა ყოველთვის და არსებობს დღესაც. ხოლო პოლიცია არსებობს იმისთვის, რომ დანაშაულს ებრძოლოს. შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ უკანასკნელ პერიოდში შემთხვევათა დიდი ნაწილი ცხელ კვალზე იხსნება. ეს ნიშნავს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ოპერატიულად და პროფესიონალურად მუშაობენ. არის მიმართულებები კრიმინალისტიკაში, სადაც რეალურად მართლაც არის ზრდის ტენდენცია. ასეთია, მაგალითად, კიბერდანაშაული – თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, მთელ მსოფლიოში იმატა კიბერდანაშაულის შემთხვევებმა. გამონაკლისი არც საქართველოა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიდგომებიც ვითარდება და ამ ტიპის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში, უკანასკნელ ხანს მართლაც საგულისხმო პროგრესს მივაღწიეთ,“
– განაცხადა მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა პროექტზე, რომელიც გაამკაცრებს პოლიციელთა მიმართ დანაშაულისა და სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობას. პარალელურად, იგეგმება ღონისძიებები, რომელიც კიდევ უფრო გაზრდის პოლიციელთა მომზადების დონესა და ეფექტურობას.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რას ფიქრობს გიორგი მღებრიშვილი ნულოვანი ტოლერანტობის შესახებ, რაც, ზოგიერთთა განცხადებით, კრიმინალთან ბრძოლის მხრივ საკმაოდ ეფექტური პოლიტიკა იყო.
„ჩვენი ხელისუფლების პირობებში კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლა არის უკომპრომისო. დამნაშავემ უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე და, თუ საჭიროა, მთელი სიმკაცრითაც. ეს აუცილებელია მთელი საზოგადოების, ჩვენი მომავლის უსაფრთხოებისთვის. ამავდროულად, აუცილებელი პირობაა, რომ ეს არ მოხდეს ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე. იმ ტიპის „სიმკაცრე“, რომელიც თქვენ მიერ ნახსენებ ნულოვან ტოლერანტობას უკავშირდებოდა, ჩემთვის მიუღებელია, რადგან ამას თან ახლდა ადამიანის უფლებების, მათ შორის, სიცოცხლის უფლების ხელყოფა. საბოლოო ჯამში, დღეს ყველა თანხმდება, რომ წარსულში ამ პოლიტიკის არასწორი განხორციელებით ჩვენმა ქვეყანამ მეტი წააგო, ვიდრე მოიგო. ამიტომ საჭიროა დავიცვათ ზღვარი, რათა, ერთი მხრივ, კრიმინალმა იგრძნოს კანონის მთელი სუსხი და სიმკაცრე და, მეორე მხრივ, ფეხქვეშ არ გავთელოთ ადამიანის უფლებები,“
– განაცხადა მინისტრმა.
შსს-დან უშიშროების სამსახურების გამოყოფასთან დაკავშირებით კი გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და პოლიციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების ფუნქციების გაყოფამ შექმნა დამატებითი შესაძლებლობები ორივე მიმართულების შემდგომი განვითარებისთვის.
„ჩვენ ამჟამად ვმუშაობთ პროექტებზე, რომელმაც შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი რეფორმირება უნდა უზრუნველყოს. დავნერგავთ ანალიზზე დაფუძნებულ საპოლიციო სისტემას, გავაფართოებთ საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის არეალს, კიდევ უფრო ეფექტურს გავხდით საგანგებო სიტუაციების მართვის პროცესს, ბოლომდე მივიყვანთ საზღვრის მართვის რეფორმას, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ საპატრულო პოლიციის ფუნქციონირებას და პოლიციის აკადემიის შესაძლებლობებს. ეს არის იმ მიმართულებების არასრული ჩამონათვალი, რომელშიც ვაპირებთ, ჩავდოთ ჩვენი დრო და ენერგია,“
– აცხადებს შინაგან საქმეთა მინისტრი და დაგეგმილ პროექტებზეც საუბრობს.
მისი თქმით, ოქტომბრის დასაწყისში, იწყება მასშტაბური პროგრამა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში.
„დღეს ეს ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რაც გულისხმობს არა მარტო საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე კონტროლისა და რეაგირების გამკაცრებას, არამედ, რაც ყველაზე მთავარია, სამართალდარღვევათა პრევენციის მიმართულების მაქსიმალურად გაძლიერებას. ამ კუთხით ნოვაციებსაც ვგეგმავთ, რაც არსებულ პრობლემაზე პოზიტიურად უნდა აისახოს. ეს საკმაოდ საინტერესო და მოცულობითი პროექტია, რომელშიც არა მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს, არამედ სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებისა და საზოგადოების თითოეული წევრის ჩართულობა და მხარდაჭერა იქნება უაღრესად მნიშვნელოვანი. ეს პროექტი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი, სწორედ ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოებისთვის კეთდება. მე ამას ასეც დავარქმევდი – „კანონი თქვენი უსაფრთხოებისთვის,“
– აცხადებს მინისტრი.
“პრაიმტაიმი”