საზოგადოება

პოპულიზმი საარჩევნო დაპირებებში

არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სწრაფი ტემპებით იზრდება პოლიტიკური ტემპერატურა და, შესაბამისად, პარტიებიც ეკონომიკურ თუ სხვა სახის დაპირებებში ერთმანეთს აქტიურად „ეჯიბრებიან“. უხვად გაცემული დაპირებები, ხშირ  შემთხვევაში მხოლოდ საარჩევნო პროგრამის ფურცლებზე რჩება და მოსახლეობაც შეუსრულებელი დაპირებების გამო, იმედგაცრუებული რჩება.

სხვადასხვა პარტიების მხრიდან გაცემული ეკონომიკური დაპირებები, ხშირად ექცევა როგორც პოლიტიკოსების, ისე ეკონომისტებისა თუ უბრალოდ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრების ყურადღების ცენტრში. შესაბამისად, მუდმივად განიხილება, თუ სად არის პოპულისტურ და პრაგმატულ ეკონომიკურ დაპირებებს შორის არსებული „ოქროს შუალედი“. წინამდებარე სტატიაში, შეძლებისდაგვარად დასაბუთებული ფორმით, წარმოგიდგენთ სხვადასხვა პარტიების მიერ გაცემულ, ერთი შეხედვით პუპულისტური დაპირებების ნუსხას.

სტატიაში განხილული არ არის „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, ვინაიდან ოფიციალური დოკუმენტი ჯერ არ გამოქვეყნებულა.

„ნაციონალური მოძრაობა“

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი, პარტიის მიმართ, მკაცრი კრიტიკის საფუძველი არაერთხელ გამხდარა. რა თქმა უნდა, ხშირ შემთხვევაში, აღნიშნული კრიტიკა საფუძვლიანი და ობიექტურია.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროგრამის თანახმად, მათი საგადასახადო ინიციატივების შედეგად, 2017 წელსვე 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც ამდენივე ოჯახის, ანუ მინიმუმ 150 ათასამდე ადამიანის კეთილდღეობას გააუმჯობესებს. მომდევნო წლებში კი, ბიზნესისთვის და მოქალაქეებისთვის აღნიშნული დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილი შეიქმნება. დაპირება ნერბისმიერი მოქალაქისთვის მისასალმებელია, თუმცა რამდენად რეალურია და შეძლებს თუ არა ენმ-ს ეკონომიკური გუნდი ამის განხორციელებას ეს უკვე სხვა საკითხია. ინფორმაციისთვის, 2015 წლისათვის საქართველოში 241 ათასი უმუშევარი გვყავს. ენმ-ს პროგრამით 2017 წელს 45, ხოლო მომდევნო 3 წელიწადში კიდევ 90 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება, რაც უხეში გათვლებით უმუშევართა რაოდენობის 241-დან 106 ათასამდე შემცირებას ნიშნავს. ანუ, უმუშევრობა მომდევნო 4 წელიწადში 56%-ით შემცირდება და თუ 2015 წელს ის იყო 12%, ენმ-ს გათვლებით, 2020 წელს 5%-მდე შემცირდება, რაც ბევრი განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი, საოცნებო მაჩვენებელია.

გარდა ამისა, დასაქმებულთა რიცხვის ზრდის მოდელი, რომელიც პირველ წელს 45,000, ხოლო შემდგომ წლებში 30,000 სამუშაო ადგილის შექმნას გულისხმობს, აბსოლუტურად გაუგებარი და მიუღებელია. რამდენადაც, წესით, სამუშაო ადგილების რაოდენობის და, შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პირობებში დასაქმების ტემპმა არათუ უნდა დაიკლოს არამედ უნდა გაიზარდოს.

რაც შეეხება გადასახადების კლებას, აღსანიშნავია, რომ საშემოსავლო გადასახადის შემცირება 20-დან 15%-მდე, საბიუჯეტო შემოსავლების 500 მილიონი ლარით შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ამას თუ დავუმატებთ, 25%-ით აქციზის გადასახადის შემცირებას ნავთობპროდუქტებზე, ალკოჰოლურ სასმელებზე, ასევე გადასახადის გაუქმებას საპროცენტო შემოსავალზე და უძრავი ქონების გასხვისებაზე, ბიუჯეტის შემოსავლები კიდევ დაახლოებით, 1 მილიარდი ლარით შემცირდება.

აქვე აღსანიშნავია, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) ზედა ზღვრის აწევა 100-დან 200 ათასამდე მეტ თანხას კი არ ტოვებს ეკონომიკაში, არამედ პირიქით ეკონომიკიდან ბიუჯეტში მეტი თანხების შედინებას იწვევს (ეს ყველა აუდიტორმა იცის.).

გადახასადების შემცირება რა თქმა უნდა, მისასალმებელია, ისიც, რომ სახელმწიფო აპარატის ხარჯების შეკვეცის პირობას დებენ, თუმცა ამის პარალელურად, დიდი მოცულობის სოციალური დაპირებების გაცემა, რბილად რომ ვთქვათ, არარეალურია. ანუ, ორივე ერთად, გადასახადების შემცირება, ბიუჯეტის შემოსავლების შემცირება და სოციალური ხარჯების გაზრდა წარმოუდგენელია. თუნდაც მხოლოდ პენსიის გაზრდა 50 ლარით დაახლოებით, 450 მილიონი ლარის დამატებითი ხარჯია, ამასთან, სოციალურად დაუცვლეთათვის დახმარებების ზრდა კიდევ მეტ ხარჯს ნიშნავს. შესაბამისად, რამდენად რეალურია „ნაციონალური მოძრაობის“ დაპირებები, ამომრჩეველმა უნდა გადაწყვიტოს.

ენმ-ის პროგრამაში, ასევე მითითებულია, რომ უნდა მოხდეს ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და საგადასახადო ამნისტიის შემოღება. რა თქმა უნდა, ერთი შეხედვით, ასეთი პირობა საკმაოდ მიმზიდველად და ერთმნიშვნელოვნად, მისაღებად ჟღერს. თუმცა, რამდენად აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ ასეთი დაპირების გაცემის მორალური უფლება ეს სხვა საკითხია. ამას ემატება ისიც, რომ იქვე აღნიშნულია ფინანსური პოლიციის გაუქმების დაპირება. მსუბუქად რომ ვთქვათ, ასეთი დაპირებები ძალიან ურცხვი და მიუღებელია იმ პარტიის მხრიდან, რომლიც საზოგადოების გარკვეულ წრეებში, ბიზნესის ტერორის სიმბოლოდ არის ქცეული. გარდა ამისა, კარგად გვახსოვს კონკრეტული ფაქტები თუ როგორ ხდებოდა ჩინოვნიკების პირადი თუ პოლიტიკური სურვილების ახდენა, სწორედ ფინანსური პოლიციის გამოყენებით. ასევე აღსანიშნავია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის სრულად გაუქმება, ეკონომიკური დანაშაულის წამახალისებელიც შეიძლება იყოს. რამდენადაც მეწარმეების მხრიდან, დაუსჯელობის სიდრომის არსებობის შემთხვევაში, გაიზრდება დანაშაულის ჩადენის რისკი.

პროგრამაში, ასევე ერთ-ერთ მთავარ მესიჯად გამოტანილია საფოსტო გზავნილებზე დაუბეგრავი მინიმუმის აწევა 300 ლარიდან 1,500 ლარამდე. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ზღვარი 1,500 ლარი იყო და სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს შემცირდა 300 ლარამდე. გარდა ამისა, ასეთი უმნიშვნელო საკითხის მთავარ „მესიჯებში“ ჩასმა, ერთმნიშვნელოვნად პოპულისტური დაპირების შთაბეჭდილებას ტოვებს.

„გირჩი“

ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების პროგრამა ამ ეტაპზე „გირჩს“ აქვს გამოქვეყნებული. რამდენად შეიცვლება აღნიშნული პროგრამა სხვადასხვა პარტიებთან გაერთიანების გამო ჯერ დაუზუსტებელია.

„გირჩის“ პროგრამაში მითითებულია, რომ მთავრობა ვალს არ აიღებს. რასაკვირველია, აღნიშნული დაპირება პოპულისტურად ჟღერს იმდენად, რამდენადაც „გირჩის“ წარმომადგენლების და პარტიის ლიდერების მხრიდან, არაერთელ გაჟღერებულა, რომ მთავრობისთვის საგარეო ვალის აღება პრობლემა არ არის. გარდა ამისა, გაუგებარაია რატომ უნდა შეიზღუდოს მთავრობამ ვალის აღების საშუალება იმ შემთხვევაში თუ მთავრობას კონკრეტული და მიზნობრივი ხარჯვითი პოლიტიკა ექნება.

პარტიის პროგრამაში, ასევე აღნიშნულია საკმაოდ პოპულისტური „სანდო ფულის“ დაპირება, სადაც მითითებულია, რომ მოხდება ეგრეთწოდებული ფიქსირებული კურსის შემოღება. დღეის მდგომარეობით, საქართველოში მართვადი მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი მოქმედებს, რომლის პირობებში გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხდება საბაზრო ძალების მიხედვით მოთხოვნა-მიწოდების ურთიერთქმედებით. ღსანიშნავია, რომ ფიქსირებული გაცვლითი კურსის პირობებში, ფერხდება ეფექტური და დამოუკიდებელი მონეტარული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იმპორტის და ექსპორტის ურთიერთობებს ბევრ ქვეყანასთან ავრცელებს, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა ვალუტები და გაცვლითი კურსის რეჟიმები. შესაბამისად, ლარის კურსის დოლარზე მიბმა გამოიწვევს მის ფიქსირებას ერთი ვალუტის მიმართ და დარჩება ცვალებადი სხვა ვალუტების მიმართ. აქედან გამომდინარე ლარის კურსის დაფიქსირება პრაქტიკულად შეუძლებელია.

გარდა ამისა, სხვა ქვეყნების გამოცდილება, რომელმაც საქარტველოს მსგავსად ღია ტიპის მცირე ეკონომიკა აქვს, აჩვენა რომ მცურავ გაცვლით კურსის რეჟიმს მეტი უპირატესობა გააჩნია, ვიდრე ფიქსირებულ რეჟიმს. მაგალითად, შეიძლება მოვიყვანოთ აზერბაიჯანის მოვლენები, სადაც ფიქსირებული კურსის რეჟიმი იყო, თუმცა არსებული ეკონომიკური სიატუაციიდან გამომდინარე, გარდაუვალი გახდა კურსის მცურავ რეჟიმში გადაყვანა, რამაც ძალიან დიდი პრობლემები შექმნა ეკონომიკაში.

„ლეიბორისტული პარტია“

„მშრომელთა პარტიას“ პროგრამა გამოქვეყნებული არ აქვს. თუმცა, ცნობილია მათი წინასაარჩევნო დაპირებების ძირითადი მესიჯები. „ლეიბორისტების“ დაპირებები ძირითადად, ემოციური ასპექტებით არის ნაკარნახევი და კონკრეტული ეკონომიკური გათვლებისგან საკმაოდ შორს დგას. რამდენადაც, პარტიას არ წარმოუდგენია თავიანთი დაპირებების დასაბუთებული ანალიზი.

მაგალითდ, „მშრომელთა პარტიაში“ ამბობენ, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და პენსიაზე გასვლა 55 წლის ქალებს და 60 წლის კაცებს უნდა შეეძლოთ. რა თქმა უნდა, ასეთი დაპირება ერთმნიშვნელოვნად, გაუაზრებელია იმ შესაძლებლობებთან შედარებით, რაც საქართველოს ბიუჯეტს გააჩნია. საპენსიო ასაკის დაწევა, რასაკვირველია, იქნება საკმაოდ მძიმე ფისკალური ტვირთი. გარდა ამისა, სატელევიზიო რეკლამების მეშვეობით გაჟღერდა, რომ პენსიონერი მიიღებს მე-13 პენსიას დაბადების დღეზე. აღნიშნული დაპირების პოპულისტურ საფუძვლებს ერთი მხრივ, უკვე მოცემული არგუმენტი ადასტურებს (ფისკალური ტვირთი), ხოლო მეორე მხრივ, დაბადების დღეზე გაცემული მე-13 ხელფასი უბრალოდ კომიკურად ჟღერს.

გარდა ამისა, „მშრომელები“ ყოველ 80 წელ გადაცილებულ პენსიონერს, 100 ლარიან დანამატს პირდება და 100 წელს მიღწეულ პენსიონერ ამომრჩეველს 2000 ლარიანი პენსით აწონებს თავს. აღნიშნული დაპირების რეალურობა ამომრჩევლების შესაფასებელია.

„პატრიტთა ალიანსი“

როგორც სხვა პირტიების შემთხვევაში, ისე „პატრიოტთა ალიანსის“ დაპირებები, შორს დგას კონკრეტული ეკონომიკური ანალიზისგან. ძირითადად, პარტიის სამოქმედო გეგმაში გამოტანილია ისეთი საკითხები, რომლებიც საზოგადოების წრეებში საკმაოდ აქტუალურია. მაგალითად, „ალიანსი“ გვპირდება, რომ საბჭოთა ანაბრების დასაბრუნებლად შეიქმენება 10 წლიანი გრაფიკი. აღნიშნული დაპირება წინასაარჩევნოდ საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუმცა, ასეთი დაპირების საბჭოტა მეანაბრეების უმრავლესობას უკვე აღარ სჯერა. რამდენადაც, ერთი მხრივ, აღნიშნული თანხების დაბრუნება ძალიან დიდ ფისკალურ რესურსებს მოითხოვს, ხოლო მეორე მხრივ, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას საბჭოთა ანაბრების დაბრუნების კონკრეტული სამართლებრივი გზები.

„პატრიოტთა ალიანსი“, ასევე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა შექმნას სპეციალური ფონდი, რომელიც ბიზნესის ნულიდან დაწყებაში ყოველწლიურად, დაახლოებით, 8000 ოჯახს დაეხმარება.

„თუ კაცს აქვს საინტერესო იდეა, მან უნდა მიმართოს ფონდს. ფონდმა უნდა გამოუყოს ბუღალტერი, იურისტი, ეკონომისტი, თანამმართველი, საჭირო ფართი და რაც მთავარია, ყოველგვარი გირაოსა და გარანტიის გარეშე გამოუყოს სესხი 20-დან 80 000 ლარამდე. სესხი უნდა დაბრუნდეს 8 წლის განვალობაში. ეს უნდა იყოს ან უპროცენტო სესხი, ან ძალიან დაბალპროცენტიანი წლიური 2 ან 3 %“, – ნათქვამია „პატრიოტთა ალიანსის“ დაპირებაში. უნდა ითქვას, რომ ასეთი გათვლები საკითხის სკეპტიკურად შეფასების საშუალებას ნამდვილად იძლევა. რამდენადაც, არ არსებობს არანაირი დასაბუთება აღნიშნული მოსაზრებების დასამტკიცებლად. გარდა ამისა, ნახსენები 2-3% არალოგიკური საპროცენტო განაკვეთია და, შესაბამისად, ეს კიდევ უფრო აღრმავებს ამ დაპირების პოპულისტურად შეფასების საფუძველს.

გადასახადების ნაწილში „პატრიოტები“ ამბობენ, რომ საქმიანობის გეოგრაფიული არეალიდან გამომდინარე, მეწარმე მხოლოდ ერთ გადასახადს უნდა იხდიდეს,  არ უნდა იყოს სავალდებულო სალარო აპარატის ფლობა, წვრილ მეწარმეებს საერთოდ არ უნდა უწევდეთ დოკუმენტაციის წარმოდგენა და ა.შ. აღსანიშნავია, რომ ასეთი ტიპის „საგადასახადო ოაზისი“ თავიდან ბოლომდე თავდაყირა აყენებს არსებულ საგადასახადო მოდელს და საერთოდ არ შეესაბამება საგადასახადო სისტემების თანამედროვე სტანდარტებს.

იპოთეკარების პრობლემის მოგვარებას პარტია, ბიჯეტიდან, გრძელვადიანი უპროცენტო სესხების გაცემით აპირებს. რა თქმა უნდა, ეს თემა და ზოგადად, უპროცენტო სესხი პოპულიზმის მტავარი საშუალებაა.

ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში, „პატრიტთა ალიანსი“ კერძო ფასიანი საავადმყოფოებთან ერთად, უფასო საავადმყოფებს გვპირდება. რასაკვირველია, სახელმწიფოს მხრიდან, ნებისმიერი „უფასო ბიზნესის“ კეთება პირდაპირ „ურტყამს” კერძო ბიზნესს და, რა თქმა უნდა, ამ პირობებში წარმოუდგენელია კერძო სექტორის განვითარება.

მოკლედ, „პატრიოტთა ალიანსის“ დაპირებები არარეალურად და, მსუბუქად რომ ვთქვათ, საკმაოდ გაუაზრებლად გამოიყურება.

„თავისუფალი დემოკრატები“

ალასანიას პარტიის დაპირებების ეკონომიკური ნაწილი, ერთი შეხედვით, უტოპიურად გამოიყურება. მაგალითად, არ გაჟღერებულა ბიუჯეტის ოთხ მილიარდიანი ზრდის კონკრეტული გეგმა. ასევე, მიუღებელია მათი დაპირება მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით. დღეს შრომის ბაზარზე ხელფასები წესდება მოთხოვნა-მიწოდების პრინციპზე დაყრდნობით. შესაბამისად, მინიმალური ხელფასის მკაცრად დადგენილი ფორმა, გამოიწვევს შრომის ანაზღაურების დიდი ნაწილის ჩრდილში გადანაცვლებას და ეს საკითხი გახდება სხვა კანონდარღვევის საფუძველი. რაც შეეხება ალასანიას დაპირებას მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებით, ზემოთ მოყვანილი ფისკალური ტვირთის არგუმენტიდან გამომდინარე, საკმაოდ ბუნდოვანია.

რაც შეეხება მმართველ პარტიას, აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, მათი ეკონომიკური პროგრამა გამოქვეყნებული არ არის და, შესაბამისად, შეფასება შეუძლებელია.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის

ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანი