პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილებით, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე პარლამენტს კობა გვენეტაძის კანდიდატურა წარედგინება. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა.
“საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრს გიორგი ქადაგიძეს მიმდინარე წლის 25 თებერვალს უფლებამოსილების ვადა ეწურება. მნიშვნელოვანია, რომ საბჭოს ახალი წევრი უფლებამოსილების განხორციელებას დროულად შეუდგეს და ამიტომ საქართველოს პრეზიდენტმა კანდიდატი სწორედ დღეს დაასახელა.
შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურები უკვე დაწყებულია.
საქართველოს პრეზიდენტმა კობა გვენეტაძის კანდიდატურა ექსპერტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შერჩეული და შეფასებული 3 კანდიდატიდან დაასახელა.
არასამთავრობო სექტორმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით შეარჩია. ეს კრიტერიუმებია: პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა. შერჩევის პროცედურა ექსპერტებთან კონსულტაციებს და ქულების ელექტრონულად მინიჭების პროცესს ითვალისწინებდა.
კანდიდატების შერჩევის პროცესს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი ხელმძღვანელობდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის შერჩეული კანდიდატი, კობა გვენეტაძე 2015 წლის ნოემბრიდან დღემდე, კომპანია Galt and taggart-ში ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობს, ხოლო 2002-2015 წლებში მას ეკავა უფროსი ეკონომისტის თანამდებობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის შუა აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტში, ვაშინგტონში.
კობა გვენეტაძე 2001-2002 წლებში იკავებდა საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობას, ხოლო 2000-2001 წლებში იყო ფინანსთა მინისტრის მოადგილე.
1996-1998 წლებში, იგი ასევე იყო საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივი წარმომადგენლობის ეკონომისტი, ხოლო 1994-1996 წლებში კი საქართველოს ეროვნულ ბანკში ეკავა მთავარი ეკონომისტის თანამდებობა.
კობა გვენეტაძეს მიღებული აქვს ეკონომიკის მაგისტრის აკადემიური ხარისხი ამერიკის უნივერსიტეტში, ვაშინგტონში და იყო აშშ-ს მთავრობის ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამის სტიპენდიანტი. 1989-1994 წლებში მან მოიპოვა ფინანსებისა და საკრედიტო სფეროს ბაკალავრის ხარისხი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში”, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.