09/05/2024
Latest:
საზოგადოება

„რაც ერი, ის – ბერი, რაც ხალხი, ის – მისი პოლიტიკური პარტიები“

საარჩევნო კამპანია ოფიციალურად არ გახსნილა თუმცა, დაპირისპირებულ მხარეთა შორის პოლიტიკური „შეტაკებები“ სულ უფრო ხშირდება და მწვავდება. ექსპერტი, ვაჟაბერიძე, რომელიც მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე გვესაუბრება ამ ყველაფერს უფრო მეტად დემოკრატიულ საარჩევნო გარემოს უკავშირებს და აღნიშნავს, რომ დღეს დემოკრატიის ელემენტები მეტია ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ ან შევარდნაძის მმართველობის დროს იყო.

ვაჟა ბერიძე: საარჩევნო კამპანია დაწყბულია, ფორმალური მხარე, ანუ როდის გამოცხადდება ოფიციალურად არჩევნების თარიღი, არაფერს ცვლის – საარჩევნო წელია, მოვლენების განვითარება ემორჩილება წინაასაარჩევნო განწყობას, სტრატეგიას, მანევრებს და ეს უკვე ფაქტია.

რაც შეეხება ამ პროცესის კონკრეტულ შინაარსს, ამ ეტაპზე ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების, დემოკრატიის ელემენტები მეტია, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს იყო. მეტია, ვიდრე იყო შევარდნაძის პერიოდში და აქედან გამომდინარე, საარჩევნო გარემო უფრო თავისუფალია, რაც განაპირობებს იმას, რომ პოლიტიკური სუბიექტები უფრო მკაფიოდ, ღიად და ობიექტურად წარმოაჩენენ საკუთარ ხედვებს, ორგანიზაციულ და პიროვნულ თვისებებს. ამიტომ გარკვეული დრამატიზმი ამ პროცესის არ უნდა გაგვიკვირდეს. არ უნდა მივიღოთ უჩვეულოდ და არ უნდა შევშფოთდეთ – რაც ერი, ის – ბერი, რაც ხალხი, ის – მისი პოლიტიკური პარტიები – როდესაც ვუსმენ მოქალაქეებს, სწორედ ამაში ვრწმუნდები.

მთავარია, პროცესი არ გავიდეს დემოკრატიული ჩარჩოებიდან, ყველას ჰქონდეს პოზიციის დაფიქსირების, ამომრჩევლამდე მიტანის საშუალება და ხალხს მიეცეს საკუთარი არჩევანის თავისუფლად გაკეთების შესაძლებლობა. ამასთან, არ გაყალბდეს არჩევნები, ანუ სახელისუფლებო რესურსის გამოყენების ფაქტები არ გასცდეს კანონის ფარგლებს; ხმები კეთილსინდისიერად დაითვალონ და ამ პროცესში ქართული სინამდვილისთვის ორგანული და თითქმის, ტრადიციად ქცეული არჩევნების გაყალბება თუ კულუარებში „კორექტირება“ შეწყდეს, მიუხედავად იმისა, ეს ხელს აძლევს თუ არა ჩვენს პოლიტიკურ ისტებლიშმენტს ან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს დასავლეთში, აღმოსავლეთში, სამხრეთში, თუ ჩვენს მეზობლებს ჩრდილოეთში, რომლებსაც ოკუპირებული აქვთ ჩვენი ტერიტორიები.

თუ ახლა უფრო მეტად დემოკრატიულია საქართველო, კითხვები რა მიმართულებით ჩნდება?

– თუ გვაქვს პრეტენზია, რომ გავხდეთ დასავლეთის წევრი, საქართველოშიც უნდა იყოს შესაძლებელი ის, რაც დასაშვებია დასავლეთში. მაგალითად, პატარა ჰოლანდია უარს ამბობს ევროპის ერთიან კონსტიტუციაზე, რომლის მიღებაც იგეგმებოდა. დიდი ბრიტანეთი რეფერენდუმს ატარებს, დარჩეს თუ არა ევროპულ ოჯახში, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირის მომხრეა დევიდ კემერონი – პარალელურად აშშ-დან ჩადის ობამა და სთხოვს ბრიტანელებს, რომ არ გავიდნენ ევროკავშირიდან. ლონდონის ყოფილი მერი გასვლის მომხრეა, მაგრამ ის არ არის დევნილი და რეპრესირებული ამის გამო. ეთნიკურად პაკისტანელს ლონდონი ირჩევს მერად. თუ ამ ევროპისკენ მივდივართ, სადაც ეს ყველაფერი შეიძლება ჩვენც ამ სტანდარტებს უნდა შევესაბამებოდეთ. ბრიტანელებმა რომ გადაწყვიტონ გასვლა, გავლენ და მათ ხელს ვერავინ შეუშლის. საქართველოში ხალხის ნება თუ არ დაემთხვა „ამა სოფლის ძლიერთა“ ნებას, ყველა შემთხვევაში დადგება ის შედეგი, რაც მათ უნდათ და არა ხალხს.

მაგრამ ხალხი უნდა იყოს ძალიან ფრთხილად, მისი ნება უნდა იყოს მისადაგებული ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, თვალწინ უნდა გვედგას სირიის მაგალითი, როდესაც პროდასავლურ ოპოზიციას და პროპუსულ და პროირანულ ხელისუფლებას მმართველობის 5 წლის თავზე, ვაჰაბისტებისა და ისლამისტების გავლენების ფონზე, 300 ათასამდე მოკლული ჰყავს, ხოლო უძველესი და ულამაზესი ქალაქები ნანგრევებად არის ქცეული.

რა მიმართულებით უნდა გამოვიჩინოთ სიფრთხილე?

– ისე უნდა აწარმოონ საარჩევნო კამპანია, რომ ყველა მოსალოდნელი საფრთხე ჰქონდეთ გასიგრძეგანებული. ის კი არ უნდა იძახონ, რომ მე პროდასავლელი ვარ და ამიტომ უნდა მეკითხებოდეს ყველაფერი, ან მე პრორუსი ვარ, რუსებმა დიდი სიკეთე გაგვიკეთეს და უნდა ვიაროთ მათ ჭკუაზე – ასეთი მიდგომები იქნება დამუპველი.

ან ახალი სახეების აბსურდული თემა – თითქოს სადღაც კლუბში მოუსმენ ვიღაცას და იტყვი, რომ ეს არის ახალი სახე და პოლიტიკაში კარგი იქნება. სხვა ქვეყნების პოლიტიკაში მსგავსი რამ არ ხდება, საზოგადოებრივმა პროცესმა უნდა შვას ლიდერი და არა პოპულისტი და დემაგოგი, როგორც ხშირად ხდება საქართველოში. მთლიანობაში ეს არის ამოცანა დღევანდელი საქართველოსთვის.

თითქოს, უკვე გამოიკვეთა ვინ რა ტაქტიკას ირჩევს წინასაარჩევნოდ, მაგალითად, მეჭიაურის განცხადება, რომნატოში მაინც არ გვიღებენ“, უკვე აღიქმება მმართველი პოლიტიკური ძალის პოზიციად. ეს ყველაფერი რამდენადზემოქმედებსქართული ოცნებისრეიტინგზე, განსაკუთრებით არჩევნების წინ?

– რა ვუყოთ მეჭიაურს ხომ არ დაგვეჭირა ან მოგვეკლა? – ასე არ შეიძლება საკითხის დასმა. უკვე გითხარით რაც ერი, ის – ბერი. ბატონი მეჭიაური მისთვის ხელმისაწვდომი საშუალებებით ცდილობს პოლიტიკურ არენაზე დარჩენას – ძალზე ადამიანური მომენტია. სხვა თემაა, რამდენად ესადაგება ეროვნულ ინტერესებს – მასთან აწარმოებენ პოლემიკას ძველი და კარგად ნაწრთობი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრები და ვინ მართალია, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს საარჩევნო ურნასთან. იქ მივლენ მეჭიაურიც და რესპუბლიკელებიც, „ოცნებაც“ და ნაციონალებიც – საბოლოოდ გამოჩნდება ვის უჭერს მხარს ხალხი.

თავისთავად ცხადია, რომ ყველა იყენებს პოლიტიკაში პოპულიზმს. ხალხის განწყობებზე მანიპულირება პოლიტიკისთვის დამახასიათებელია, მისი ორგანული ნაწილია. შეერთებულ შტატებშიც კი, სადაც დემოკრატიის დიდი გამოცდილებაა, დონალდ ტრამპიც კი სერიოზული კანდიდატურაა პრეზიდენტის პოსტზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ უცნაური სიმბიოზია ჟირინოვსკისა და როსპეროსი – საკმაოდ მიუღებელი იდეებიც აქვს, მაგრამ არჩევანს ამერიკელი ხალხი გააკეთებს…

უმრავლესობის ლიდერიც აცხადებს, რომ გარიცხვა და მუშტის ბრახუნი არ არის სწორი გადაწყვეტილება, მაგრამთუ მეჭიაურის განცხადებები იგივე რესპუბლიკელებს საფუძველს აძლევს, „ქართული ოცნებააკრიტიკონ, არის ესმომენტი ანგარიშგასაწევი თუ არა, თქვენ როგორ ფიქრობთ? თან მთავრობის ხელმძღვანელიც ამბობს, რომ თუ ისიქნება არჩეულიქართული ოცნებისახალ ლიდერად, გუნდში არ იქნებიან ადამიანები, რომლებსაც ექნებათ რაიმეეჭვები საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან მიმართებაში

– თუ მთხოვთ რომ შევაფასო მეჭიაურის, ვოლსკის, ბერძენიშვილის პოზიციები და ეს არის მოთხოვნადი თემა, კი ბატონო, გეტყვით, რომ არ ვეთანხმები მეჭიაურს და მიმაჩნია, რომ თანმიმდევრულად უნდა ვიაროთ ნატოსკენ, მაგრამ არ მაქვს უფლება ავუკრძალო, არ ჰქონდეს ასეთი პოზიცია. მით უმეტეს არჩევნების წინა პერიოდია და ის იმ ელექტორატზეა ორიენტირებული, რომელიც მისნაირად ფიქრობს.

რაც შეეხება თავად „ქართულ ოცნებას“ და მის რეიტინგს, მის მიმართაც მაქვს ჩემი პოზიცია – ეს არის პარტია, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა ერთიან ორგანიზმად მკაფიოდ გამოხატული იდეოლოგიით – რატომღაც, სოციალისტური იდეები მოსწონთ, ვგულისხმობ ყოფილ პრემიერს, მაგრამ რაკი დღეს სოციალიზმი არ არსებობს, რაღაც ცენტრისტულ იდეოლოგიას ქმნიან და აქაც გაუგებარია ვინ ვინ არის.

თუ პრემიერია პოლიტიკური ლიდერი – საკვირველია, ჯერ რატომ არ მოგვვლენია პოლიტიკურ ლიდერად – რაღაც ახალი სტრატეგია არ დაუსახავს, ვოლსკი ფაქტობრივად უმრავლესობის ლიდერია პარლამენტში. პარტიის თავმჯდომარე, ფაქტობრივად, მთავრობის მეთაურია – ყველაფერი გაფანტულია და ალბათ, საარჩევნოდ შეიკვრება.

არ შეიძლება როდესაც გვყავს მთავრობა, რომელსაც აქვს პარტნიორული ურთიერთობები დასავლეთთან, ხოლო ამ დროს „ქართული ოცნების“ სახე აცხადებს, რომ ნატო არ უნდა იყოს მიზანი და ა.შ… დიახ, თქვა აშშ-ს ელჩმა ნატოში, რომ ამ ეტაპზე არ იგეგმება საქართველოს გაწევრიანება, მაგრამ ჩვენი საქმეა, სისტემატურად დავაფიქსიროთ უმრავლესობის პოზიცია, რომ ჩვენ მივდივართ ნატოსკენ და თუ ვერ გვიღებენ ჯერჯერობით, რაკი ეს გაამწვავებს ურთიერთობას რუსეთთან, ეს პოლიტიკური პროცესია. არ მართებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ სახეს, აკეთოს განცხადებები, რომელიც მმართველი პარტიის კურსს სცდება.

მეორე მხრივ, რესპუბლიკელების შეშფოთებაც სწორია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რა განაცხადეს – ისინი ოპონირების რეჟიმში არიან ხელისუფლებასა და მთავრობასთან. ამასთან, ვფიქრობ ისინი ვალდებულები არიან, დატოვონ მთავრობა, რომელთანაც მწვავე ოპონირების რეჟიმში იმყოფებიან. ისეთ გამოცდილ პოლიტიკოსებს, როგორებიც არიან ბერძენიშვილი და უსუფაშვილი, ეს არ ესწავლებათ.

არაოფიციალურ დონეზე ითქვა, რომ სავარაუდოდ, ზაფხულში დატოვებენ თანამდებობებს

– ეს უკვე მათი და პრემიერ კვირიკაშვილის პრობლემაა, მათი გადასაწყვეტია რა სარგებელს იღებს აქედან ქვეყანა თუ პოლიტიკური ძალა და რაში უშლის ეს მათ ხელს.

დაახლოებით უკვე ცნობილია ოპოზიციური პარტიების წინასაარჩევნო სტრატეგია, სავარაუდოდ, მათი უმეტესობააპირებს სხვადასხვა საბაბით პერმანენტული გამოსვლების გამართვას. სხვა საკითხია, ვინ რამდენი ხალხისგამოყვანას შეძლებს, მაგრამ თქვენი შეფასებით, რამდენად დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოს მივიღებთ?

– საარჩევნო წელია და ყველა პარტია ცდილობს, წარმატებას მიაღწიოს, უმრავლესობით მივიდეს პარლამენტში და დააკომპლექტოს მთავრობა. წესით, ყველა პარტია ამას უნდა ცდილობდეს, მაგრამ ჩვენთან არიან პარტიები, რომლებსაც მხოლოდ რამდენიმე დეპუტატის შეყვანა უნდათ, რომ იქნებ რაიმე ხეირი ნახონ.

სტრატეგიას და ტაქტიკას თითოეული მათგანი ირჩევს თვითონ და ყველას აქვს უფლება, გააკეთოს ის, რაც კანონიერია, პერმანენტული აქციები იქნება ეს თუ სხვა. ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ ამომრჩევლის ყურადღება მიიქციონ და მიიმხრონ ამომრჩეველი, ეს ბუნებრივი პროცესია მით უმეტეს იმ დროს, როდესაც ნებისმიერი, სწორი თუ არასწორი ან ნახევრადსწორი გამოკითხვის შედეგებით მოსახლეობის 50-60% მაინც მერყეობს და ვერ გადაუწყვეტია, ვის მიმემხროს ან წავიდეს თუ არა საერთოდ არჩევნებზე.

ასეთ ვითარებაში ყველა ცდილობს შეარჩიოს მისთვის მისაღები ფორმა ამ ხალხის მისამხრობად და გადასაბირებლად ან არჩევნებზე მისაყვანად. დაძაბულობა ბუნებრივია – პოლიტიკა არის „ცხელი ოთახი“, სადაც ყოფნა რჩეულთა ხვედრია. საარჩევნო კამპანია და საარჩევნო პერიოდი არის გამოცდა ქვეყნისთვის, რამდენად მომწიფებულია დემოკრატიისთვის.

ჩვენ ვერ ვეგუებით ავტორიტარულ რეჟიმებს და ყველა ლიდერს, რომელსაც ავტორიტარული მისწრაფებები ჰქონდა, ქართველი ხალხი დაუპირისპირდა, ეს უნდა გვახსოვდეს, როდესაც გვინდა, რომ საქართველო იყოს დემოკრატიის ოაზისი რეგიონში.

ეს გამოცდაა მთავრობისთვისაც, რომლის მეთაურიც მმართველი პოლიტიკური ძალის ხელმძღვანელია და ამავე დროს, პასუხისმგებლობა აქვს ქვეყნის წინაშე.

ერთგვარი გამოცდაა დაძაბული საარჩევნო წელი, განსაკუთრებით, იმ პარლამენტში, რომელიც აკომპლექტებს მთავრობას, სადაც მმართველი კოალიცია დაიშალა და ფაქტობრივად, ქვეყნის მმართველმა ძალამ შესაძლოა, გადაწყვეტილებებიც ვეღარ მიიღოს, რადგან ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება, პარლამენტის თავმჯდომარეც კი გადადგეს და თემატური უმრავლერსობა მივიღოთ, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის თავმჯდომარე მიემხრობა გერმანულ მოდელს და მხარს დაუჭერს მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას (ეს იმ შემთხვევაში, თუ მმართველმა ვერ შეძლო მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნება).

ბევრს მიაჩნია, რომ მაჟორიტარული წესი არ ამართლებს საქართველოში და ხელისუფლების სასარგებლოდ მუშაობს, ოპოზიცია დღეს იმიტომ არის ასე გააფთრებული, რომ მისთვის სასარგებლო ინსტრუმენტი გამოაცალოს „ქართულ ოცნებას“.

ასეთი სპეციფიკური მომენტებია მნიშვნელოვანი მიმდიბარე წელს და რა თქმა უნდა, მთელი ამ კამპანიის არსი შესაძლოა, უფრო პოპულისტურ იდეებს უახლოვდება, ვიდრე ქვეყნის ინტერესებს, მიზანი მთავრობის და შესაბამისად, მმართველი გუნდის ძალის შესუსტებაა. სწორედ ამიტომ, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ ვისი პოზიცია უფრო მეტად წაადგება ქვეყანას და შევეცადოთ სწორი არჩევანი გავაკეთოთ საარჩევნო ყუთებთან.

მარიამ თოდაძე
FOR.GE