04/05/2024
Latest:
საზოგადოება

რას მოიცავს საპენსიო რეფორმის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები

კერძო დაგროვებითი სისტემა, კაპიტალის ბაზრის განვითარების სახით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, სახელმწიფომ საპენსიო რეფორმის მოდელი მოამზადა და მის აპრობირებას უახლოეს ხანებში აპირებს. აღნიშნული რეფორმა არაერთხელ გახდა მსჯელობის და დისკუსიის საგანი. ბუნებრივია, რეფორმის შინაარსობრივმა მხარემ,  განვითარების ეტაპზე, ბევრი შენიშნვა და ასევე, უამრავი მოწონება დაიმსახურა. სახელმწიფოს მიერ შემოთავაზებული ახალი საპენსიო რეფორმა, ძირითადად, თანამედროვე სახელმწიფოების გამოცდილებას ეფუძნება და მოძველებული, ე.წ. საბჭოთა დროინდელი საპენსიო სისტემისგან, სრულიად განსხვავეულია.

ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში საქართველოს საპენსიო სისტემამ რეფორმირების რამდენიმე ეტაპი გაიარა, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი 1995 წელს სოციალური საპენსიო სისტემის შემოღება იყო. დასაწყისში პენსიის რაოდენობა განისაზღვრებოდა მოცემული წლისათვის სახელმწიფო საპენსიო ფონდის შემოსავლების მოცულობით, რომელიც იყოფოდა პენსიონერთა რაოდენობაზე.

საპენსიო სისტემის რეფორმირების მომდევნო ტალღა 2004 წელს დაიწყო. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებები სახელმწიფო სოციალური პროგრამების დაფინანსების კუთხით განხორციელდა. 2004 წლამდე სახელმწიფო პენსია ფინანსდებოდა სოციალური უზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიერ, რომლის საშემოსავლო რესურსი დამქირავებლისა და დაქირავებულის საგადახადო შენატანებს ეფუძნებოდა.

საქართველოს ყველა მოქალაქეს საპენსიო ასაკის მიღწევისთანავე ენიშნება ასაკობრივი პენსია (სოციალური პენსია), რომელსაც სოციალური დახმარების სახე აქვს. სოციალური პენსია დამოკიდებული არ არის ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ან საპენსიო ფონდში წლების განმავლობაში განხორციელებულ ნომინალურ შენატანებზე და არც ნამსახურებ წლებზე. 2015 წლის ბოლოს საქართველოში რეგისტრირებულია 707, 709 ასაკით პენსიონერი (500,000 ქალი, 207,000 მამაკაცი).

ახალი საპენსიო რეფორმის თანახმად, შენატანების ოდენობა განაწილდება დამსაქმებელს, დასაქმებულსა და მთავრობას შორის. შემოთავაზებული კერძო საპენსიო სისტემა გავრცელდება ფორმალურ სექტორში დასაქმებული პირების მიმართ შემდეგი პრინციპით 2%+2%+2%. სისტემის სამი მონაწილე მხარე – მთავრობა, დამსაქმებელი და დასაქმებული ყოველთვიურად ახორციელებს 2%-იან შენატანს დასაქმებულის პერსონალურ საპენსიო ანგარიშზე, რაც საბოლოო ჯამში უტოლდება 6%. საპენსიო ანგარიში გაიზრდება შენატანებისა და ფონდის მოგების მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ კონტრიბუციის კოეფიციენტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გრძელვადიანი დაგროვების შემთხვევაში. ამრიგად, წახალისებული უნდა იქნას 6%-ის ზევით, დამატებითი, ნებაყოფლობითი შენატანი.

შემოთავაზებული რეფორმის მიხედვით, საპენსიო სისტემაში, როგორც შენატანები, ისე ამონაგები და გასაცემი საპენსიო თანხები, დაბეგვრისაგან გათავისუფლებული იქნება. მთავრობის მიერ განხორციელებულ 2%-იან შენატანებთან ერთად, ასევე დამსაქმებლის შენატანებიც გადასახადებისაგან სრულად გათავისუფლდება. საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, საპენსიო სარგებელი, უმეტეს შემთხვევაში, დასაბეგრი შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, თუმცა შემოთავაზებული მოდელი ამ კომპონენტის მხრივაც დამატებით მასტიმულირებელია.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ საქართველოს მსგავსი სოციალური ტიპის საპენსიო სისტემა ბევრ ქვეყანაში ფუნქციონირებს. აღნიშნული სისტემა არის ინკლუზიური, რომელიც ყველა მოქალაქეს უზრუნველყოფს გარკვეული დონის საპენსიო შემოსავლით, რაც საპენსიო ასაკში სიღარიბესთან ბრძოლის კუთხით ძლიერ მექანიზმს წარმოადგენს. საქართველოში საპენსიო ასაკში მყოფი მოსახლეობის 95%-ზე მეტი სარგებლობს სოციალური პენსიით, რაც საერთაშორისო სტანდარტის მიხედვით, დაფარვის დიდ მაჩვენებელს წარმოადგენს.

როგორც აღინიშნა, მოქალაქის მხრიდან, კერძო დაგროვებითი საპენსიო სისტემის გამოყენება, ნებაყოფლობითი მონაწილეობის საფუძველზე მოხდება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სავალდებულო პრინციპიც იარსებებს დამსაქმებელსა და სახელმწიფოს მიმართ. კერძო დაგროვებით საპენსიო სისტემაში მონაწილეობის სტიმულირება მხოლოდ ნებაყოფლობითი პრინციპიდან გამომდინარე პრობლემატურია განვითარებული ქვეყნებისთვისაც კი. მითუმეტეს, საქართველოში, სადაც მოსახლეობის ფინანსური განათლების და შემოსავლების დონე შედარებით დაბალია. ამას ემატება, 90-იან წლებში დანაზოგების დაკარგვის ფაქტი, რომელიც ჯერ კიდევ კარგად ახსოვს მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს. შესაბამისად, წმინდა ნებაყოფლობითი მიდგომა საკმარისი ვერ იქნება დასაქმებული მოქალაქეების დიდი ნაწილის სისტემაში გასაწევრიანებლად. ასევე აღსანიშნავია, რომ სისტემის დანერგვის მომენტში ყველა დასაქმებული მოქალაქე ავტომატურად გაწევრიანდება საპენსიო ფონდში, თუმცა მოქალაქეს მონაწილეობაზე უარის თქმის და სისტემის დატოვების სრული უფლება აქვს.

ახალი საპენსიო სისტემა განსაზღვრული შენატანის პრინციპს დაეფუძნება. ასეთი სისტემის თანახმად, კერძო საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხა დამოკიდებულია ინდივიდუალურ შენატანებზე, საპენსიო ფონდის ამონაგებსა და დასაქმების ხანგრძლივობაზე (რაც უფრო დიდი ხნის მანძილზე მოხდება პორტფელში ინვესტირება, მით უფრო მაღალი ფინანსური შედეგი დადგება).

 განსაზღვრული შენატანების პრინციპის თანახმად, მოქალაქის მიერ სამომავლოდ მისაღები სარგებელი, პირდაპირ დაკავშირებულია პირის მიერ, წლების განმავლობაში გამომუშავებულ ხელფასსა და შენატანებზე. ამრიგად, კერძო საპენსიო სისტემა ბევრად უფრო სამართლიან მიდგომას სთავაზობს მოქალაქეებს.

დასკვნის სახით, უნდა ითქვას, რომ საპენსიო რეფორმას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ეკონომიკის სტიმულირების კუთხით. კერძო დაგროვებითი სისტემა, კაპიტალის ბაზრის განვითარების სახით, ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას. ასევე, ხაზგასასმელია დანაზოგების ზრდის ფაქტორიც, რაც ადგილობრივ ვალუტაში გრძელვადიანი ფინანსური რესურსის შექმნას ნიშნავს. აკუმულირებული თანხები, კაპიტალის ბაზრის მეშვეობით ეკონომიკაში ინვესტირდება, რაც ბუნებრივია, ხელს შეუწყობს ფასიანი ქაღალდების, კორპორატიული ობლიგაციების და სხვა საინვესტიციო ინსტრუმენტების შექმნას. გარდა ამისა, გაიზრდება მოთხოვნა ფინანსური აქტივების პროფესიულად მართვის კუთხით, რაც საბოლოო ჯამში კიდევ უფრო ხელს შეუწყობს აქტივების მართვის ინდუსტრიის განვითარებას და შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტების გაძლიერებას.

ანდრო ღამბაშიძე