10/05/2024
Latest:
საზოგადოება

რიოს ზაფხულის ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ გაიხსნა

6 აგვისტოს, ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროში, ზაფხულის XXXI ოლიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. “მარაკანას” სტადიონზე გამართულ გახსნის ცერემონალზე ოლიმპიური ცეცხლი ბრაზილიელმა მარათონელმა ვანდერლეი კარდეირუმ აანთო.

დაგეგმილი იყო, რომ ოლიმპიური ცეცხლი ლეგენდარულ ბრაზილიელ ფეხბურთელს პელეს უნდა აენთო, თუმცა მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ცერემონიაში მონაწილეობის მიღება ვერ შეძლო.

ცერემონიის ფარგლებში “მარაკანაზე” ოლიმპიადის მონაწილე ეროვნული გუნდების აღლუმი გაიმართა. მსოფლიოს 207 ქვეყნის 12 ათას სპორტსმენთან ერთად მსვლელობაში მონაწილეობა ქართველმა ოლიმპიელებმაც მიიღეს. ქართველი ოლიმპიელების მედროშე კი, ევროპის სამგზისა და მსოფლიოს ჩემპიონი, ძიუდოისტი ავთანდილ ჭრიკიშვილი იყო.

აღლუმის დასრულების შემდეგ ბრაზილიის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა მიშელ ტემერმა თამაშები გახსნილად ოფიციალურად გამოაცხადა. თამაშების გახსნის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად დაესწრო.

რიო დე ჟანეიროს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 40 სპორტსმენით 13 სახეობაში იასპარეზებს, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სარეკორდო ციფრია.

ოლიმპიური თამაშები 21 აგვისტოს დასრულდება.