07/05/2024
Latest:
საზოგადოება

რუსეთის მიმართულებით მგზავრთნაკადი 92 %-ით გაიზარდა

“2015 წლის იანვარ-აგვისტოში 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთის მიმართულებით მგზავრთნაკადი 92 %-ით გაიზარდა,-‘’ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებისთვის გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, სამოქალაქო ავიაციის სფეროში ღია ცის პოლიტიკის განხორციელებამ, საქართველოს ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსვლა განაპირობა, რაც ნათლად აისახა ბოლო პერიოდში საქართველოში ტურისტული ნაკადის ზრდის ტენდენციასა და საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მატებაზე.
,,კერძოდ 2015 წლის იანვრ-აგვისტოს პერიოდში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტების მიერ გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობამ 1.501.748 მილიონი მგზავრი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე 10%-ით მეტია (1.365.213 მილიონი მგზავრი),-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.


2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში თბილისიდან – რუსეთის მიმართულებით (მათ შორის: მოსკოვი, სამარა, სანქტპეტერბურგი, როსტოვი) 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრთნაკადი 92 % გაიზარდა. ,,ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა თბილისი – მოსკოვის მიმართულებით გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობაში დაფიქსირდა- კერძოდ გვაქვს 84%-იანი ზრდა,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში ორი ქვეყნის მიერ დანიშნული ავიაკომპანიების მიერ ჯამში 179,602 მგზავრია გადაყვანილი, რაც 84 %-ით (81 776 მგზავრით) მეტია 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებთან შედარებით. თბილისი – მოსკოვის მიმართულებით რეისებს 4 კომპანია ახორციელებს. ყველაზე მეტი მგზავრი – 52 436 – „ჯორჯიან ეარვეისს“ ჰყავს გადაყვანილი, მეორე ადგილზეა „სიბირის“ ავიახაზები გადაყვანილი 50 516 მგზავრით, მესამეზე კი „აეროფლოტი“ 47 899 მგზავრით. მეოთხე და ყველაზე ნაკლები მგზავრი გადაყვანილი ჰყავს „ტრანსაეროს“ – 28 751 მგზავრი.


,,ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა, რომ სახეზე გვაქვს პირდაპირი შედეგი იმ დიდი მუშობისა რომელიც გაწეულ იქნა საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ, რათა აღდგენილიყო 2008 წლიდან შეწყვეტილი პირდაპირი რეგულარული რეისები. იყო ბევრი კრიტიკა ოპონენტების მხრიდან, თუმცა ჩვენ ვხედავთ ამ გადაწყვეტილების დადებით შედეგს, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის გარემოება, რომ ქართულ ავიაგადამზიდავს „აერზენას“ რუსეთის მიმართულებით გაეზარდა მგზავრთნაკადი დაახლოებით 32%-ით, ხოლო უშუალოდ მოსკოვის მიმართულებით 15%-ით. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად 15% გაიზარდა რუსეთიდან ვიზიტორების რიცხვი და 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში შეადგინა 642,934 ვიზიტორი. მოგახსენებთ, რომ ვიზიტორები რუსეთიდან გამოირჩევიან მაღალი მხარჯველუნარიანობით და 2015 წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში მათმა მთლიანმა დანახარჯმა ქვეყნის ეკონომიკაში 756,733,318 ლარი შეადგინა,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ბრიფინგზე რუსეთის გარდა კიდევ სხვა მიმართულებებზე ისაუბრა, სადაც ასევე, მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა. ,,შევეხები კიდევ რამდენიმე მიმართულებას სადაც გვაქვს მნიშვნელოვანი ზრდა, მაგალითად: არაბთა გაერთიანებული საამიეროების მიმართულების მგზავრთნაკადი იანვარ-აგვისტოს პერიოდში, 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 64% (54.559 მგზავრი) (33.203 მგზავრი); ასევე ზრდა გვაქვს ისრაელის მიმართულებით დაახლოებით 32 % (67.474 (2015წ) – 50.840 (2014წ); ასევე აღსანიშნავია ყაზახეთის მიმართულება, სადაც აქტიური მარკეტინგული კამპანია ჩავატარეთ და შედეგიც სახეზეა: მგზვრთნაკადი 21% -ით (33.649 (2015წ) – 27.728 (2014წ) გაიზარდა,-‘’განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.