02/05/2024
Latest:
საზოგადოება

ხელისუფლება მომავალი 4 წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურაში დამატებით 5 მილიარდი დოლარის ჩადებას გეგმავს

მომავალი 4 წლის განმავლობაში დამატებით 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურში, მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, მომავალი ოთხი წელი სწრაფი და ფუნდამენტური ცვლილებების პერიოდი იქნება.

„ჩვენ არ გვაქვს ნაპრალი მოსახლეობასთან, ჩვენ ისეთივე რიგითი ადამიანები ვართ, როგორც თითოეული თქვენგანი, ამიტომ ჩვენ კარგად ვაფასებთ ყველაფერს, რაც კეთდება ამ ქვეყანაში. ჩვენ დიდი პასუხისმგებლობით ვაპირებთ მომავალი 4 წლის გავლას და სწრაფი ნაბიჯებით, მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებებით ეკონომიკაში, განათლების სისტემაში, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციით. მომავალი 4 წლის განმავლობაში 5 მილიარდ დოლარზე მეტი უნდა დაიხარჯოს დამატებით, ვიდრე დღეს ხმარდება ინფრასტრუქტურას. ჩვენ ამას გავაკეთებთ, ეს არის შესაძლებელი და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია. არჩევნების მეორე დღიდანვე ჩვენ დავიწყებთ ამ გეგმის განხორციელებას,“ – აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაშურელებს „ქართული ოცნების“ მხარდაჭერისკენ მოუწოდა და იმედი გამოთქვა, რომ საზოგადოების კონსოლიდაციით, 4 წლის თავზე თვისობრივად ახალ ქვეყანას მივიღებთ.