ეკონომიკა

საქართველოში ტურისტულ სეზონს ჩაშლა ემუქრება

 

ბექა ციხისელის ბლოგი

 

ლარის თანდათანობითმა გამყარებამ საქართველოს შინა და გარე არაკეთილმოსურნეები გვარიანად შეაშფოთა. დესტრუქციულ ძალებს მნიშვნელოვანი კოზირი ეცლებათ ხელიდან. ლარზე საგარეო ფაქტორების ზეწოლის შემსუბუქებასთან ერთად ტურისტების ნაკადის მნიშვნელოვანი ზრდაც მოქმედებს.

თუ ტურისტული სეზონი მშვიდ ატმოსფეროში ჩაივლის, ვიზიტორთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როგორც ევროპიდან და სხვა ქვეყნებიდან, ისე განსაკუთრებით რუსეთიდან, რომლის მოქალაქეებისთვის ფაქტობრივად დაიკეტა ეგვიპტე და თურქეთი. წარმატებული ტურისტული სეზონი გამოაცოცხლებს საქართველოს ეკონომიკას, დადებითად აისახება ქვეყნის ბიუჯეტზე, რაც ხელისუფლებისთვის უპირატეს კეთილმყოფელ გარემოს შექმნის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ.

სწორედ ამ გარემოებათა გამო ბევრ ძალას არ აძლევს ხელს მშვიდი ზაფხული საქართველოში. მათ შორის, არის რუსეთი, რომელიც გაღიზიანებულია ვაზიანის სამხედრო წვრთნებში ამერიკული ტანკებისა და ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცების მონაწილეობით. ამას შედეგად მოყვა ინციდენტები სამაჩაბლოს ადმინისტრაციულ საზღვარზე – ადამიანების მოტაცება-დაპატიმრება და ახლა უკვე მკვლელობაც ხურჩაში. რუსეთის მიზანი სხვაა, შესაძლოა სხვა. მას უნდა საქართველო დასაჯოს ვაზიანის წვრთნების გამო. ამავე დროს, რუსეთი ვერ იტყვის ხმამაღლა, რომ წინააღმდეგია საქართველოში თავისი მოქალაქეების ჩამოსვლის. ამ შემთხვევაში იგი გადადგამს რუსეთის რეზერვაციად გადაქცევისკენ ნაბიჯს. ამიტომ არ არის გამორიცხული კიდევ უფრო გაამწვავოს ვითარება აფხაზეთში და შიდა ქართლში, ანუ ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ. ამჯერადაც წინა პლანზე გამოდის ძველი პარადოქსი – რუსეთს “თანამოაზრეებად” ევლინებიან ,,ნაციონალები” და სხვა რადიკალური ძალები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას. არამარტო მას, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიასაც. ეს ქმედებები, მათი აზრით, უნდა იყოს ხალხმრავალი აქციები ეგრეთწოდებულ საზღვართან, ანუ საოკუპაციო ხაზთან, უნდა გამოიხატოს არათავაზიან და აგრესიულ დამოკიდებულებაში რუსი ტურისტების მიმართ, ხულიგნურ გამოხდომებში, აგრესიულ აქციებში და ასე შემდეგ. ყველა ნაბიჯი ასეთი მოქმედებების აღსაკვეთად სამართალდამცავების მხრიდან, რადიკალური პოლიტიკური ძალების მიერ, მათთან ერთად პოლიტიკურად გაკოტრებული პარტიების მხრიდან, შეფასდება როგორც მმართველი ძალის მოღალატური საქციელი და შეიქმნება ისტერიული ფონი არჩევნების წინ, რადგან მშვიდ გარემოში ჩატარებულ არჩევნებში დისკრედიტებულ პოლიტიკურ ძალებს მიზერული შანსი გააჩნიათ.

სწორედ ამიტომ, ერთი მხრივ, რუსეთი ხოლო მეორე მხრივ რადიკალური პოლიტიკური ძალები ცდილობენ ატმოსფეროს დაძაბვას, რომლის მიზანია საქართველოში ვითარების დესტაბილიზაცია, არეულობების მოწყობა, რათა ტურისტული სეზონი ჩაიშალოს, ხოლო შემდეგ მძიმე ექსცესების ორგანიზებით საარჩევნო გარემო დამძიმდეს. ეს ხელს შეუწყობს ერთის მხრივ უპერსპექტივო ძალებს, რომლებსაც უნიადაგო და პირწავარდნილმა მედასავლეთეობამ ავტორიტეტი ვერ მოუხვეჭა და აქედან გამომდინარე, შანსიც არ აქვთ ხალხის გული მოიგონ; მეორეს მხრივ კი პრორუსულ ძალებს არენაზე გამოსვლის შესაძლებლობას გაუჩენს, ხოლო ნეიტრალურ ველში მოქმედ პარტიებს დაძაბულ ატმოსფეროში ჩატარებულ არჩევნებში შანსს მისცემს.

ახლა ჯერი ქართულ საზოგადოებაზეა. მე არ ვიტყოდი შინა და გარე მტრებს მეთქი, მაინც არ ვიტყოდი, მაგრამ ამ ძალებს არ უნდა მივცეთ სიტუაციის უმართავ პროცესად გადაქცევის შანსი ორი უმარტივესი მიზეზის გამო: პირველი, საქართველოს მომავალი მხოლოდ მაშინ ექნება თუ ჩვენ შევძლებთ ყველა პრობლემის, პოლიტიკურის და ეკონომიკურის, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, მშვიდობიანი გზით გადაჭრას. სხვა გზა, როგორც ეს 1918-1921 წლებისა და 1991-2016 წლების მოვლენებმა აჩვენა, ჩვენთვის ჩიხური და კატასტროფულია. და მეორე, თქვენ არ იცით რა სასოსოებით ელის ამ ტურისტულ სეზონს საქართველოში დარჩენილი მოსახლეობა, ტურისტული ობიექტების მეპატრონეები და თითოეული თანამშრომელი, მომსახურე ობიექტების პერსონალი, მძღოლები, ტაქსისტები, სავაჭრო ობიექტები, მთისა და ბალნეოლოგიური კურორტები, ზღვისპირეთი სარფიდან-ანაკლიამდე, თითოეული საოჯახო სასტუმროს მეპატრონე, თითოეული ,,კოიკის” გამქირავებელი სარფში, ქობულეთში თუ ურეკში, ბათუმის ბულვარი და მთელი ბათუმი…

ასე რომ, ამის შეწირვა საეჭვო ავანტიურებისთვის არ ღირს, ყველა წავაგებთ, გამარჯვებული ამ უგუნურ სტრატეგიაში არ იქნება.

მივმართავ მთავრობას, მივმართავ პოლიტიკურ ლიდერებს, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე – ეს ყველაფერი გაითვალისწინონ და ისე იმოქმედონ. ნუ გახდებიან, ნებსით თუ უნებლიედ ,,რუსეთის აგენტები”, გამოიყენონ ყველა მშვიდობიანი ფორმა რუსული თუ სხვა სახის ექსპანსიონიზმის მხილებისთვის და საქართველოს მოქალაქეების დასაცავად, მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ვიმეგობროთ და ვითანამშრომლოთ დასავლეთთან, მაგრამ ვაწარმოოთ მძიმე პირდაპირი დიალოგიც რუსეთთან.

და რაც მთავარია, უზრუნველყავით, რომ ტურისტული სეზონი არ ჩაიშალოს, ეს იქნება ყველაფრის დასასრულის დასაწყისი და ამით ვერც რუსი იხეირებს და ვერც ჩვენი უსუსური პოლიტიკოსები.