02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 450 მილიონ ევროს გამოუყოფს

ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს 450 მლნ ევროს გამოუყოფს. პროექტების დაფინანსებაზე  ხელშეკრულება 9 დეკემბერს გაფორმდება.

მოზიდული დაფინანსება მიემართება საქართველოს საავტომობილო ინფრასტრუქტურის, აგრეთვე სოფლის მეურნეობისა და აგრომრეწველობის განვითარებაზე.

ამ და სხვა საკითხებზე  ისაუბრეს პირველი ვიცეპრემიერის, ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და  ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცეპრეზიდენტ იან ვაპავუორის შეხვედრაზე.

პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა რეგიონული ოფისი თბილისში გახსნა და ამით ხელი შეუწყო როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში დამატებითი საინვესტიციო პროექტების მოზიდვას. მან იმედი გამოთქვა, რომ ბანკის საინვესტიციო საქმიანობა მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა სტუმარს გააცნო საქართველოს მთავრობის რეფორმების   4-პუნქტიანი გეგმა და მისი ძირითადი მიმართულებები.

წყარო: GBC