სავალდებულო დაზღვევის სახეობები მოსახლეობის სოციალური დაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმია
დღესდღეობით საქართველოში არ მოქმედებს სავალდებულო დაზღვევის პრაქტიკულად არც ერთი ფორმა, რადგან არც ერთი ხელისუფლების დროს ამ მიმართულებით ან არ არსებობდა ინიციატივა ან მოქმედებდა სავალდებულო დაზღვევის მანკიერი პრაქტიკა, რაც თითქმის გამორიცხავდა კონკურენციას და იწვევდა სისტემის დისკრედიტაციას.
სწორი, გამართული და მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტები ის ინსტრუმენტია, რომელიც იცავს მოსახლეობას შესაძლო ფინანსური ზარალისგან და ეკონომიური ცხოვრებაშიც აქტიურად მონაწილეობს.
სადაზღვეო კომპანია ,,არდი“ მიმართავს პრემიერს, მთავრობას და მმართველ გუნდს, მოსახლეობისა და ბიზნესის დაცვის მიზნით, ამოქმედდეს სავალდებულო დაზღვევის სახეობები.
ბოლო პერიოდში გახშირდა უბედური შემთხვევების გამო ქონების დაზიანების ფაქტები, თბილისში მოხდა დამანგრეველი სტიქია, რამაც საკმაოდ დიდი ზარალი მოუტანა ცალკეულ მოქალაქეებს, ბიზნესსა და ზოგადად ეკონომიკას.
მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ ხანძრისგან დაზიანების 30-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, ხშირ შემთხვევაში სრულად განადგურდა სხვადასხვა ბიზნეს საწარმო და ათეულობით ადამიანი უმუშევარი დარჩა.
ბოლო ასეთი შემთხვევა, ერისთავის ქუჩაზე მდებარე ქარხანაში მოხდა. დაიწვა ავეჯისა და რკინის საამქროები, ასევე ქარხნის ტერიტორიაზე არსებული სასაწყობე ნაგებობები. ზარალს ჯერ კიდევ ითვლიან.
სამწუხაროდ, მსგავს უბედურ შემთხვევებს ვერც მომავალში ავცდებით, რაც ბევრისთვის აუნაზღაურებელი ზარალი იქნება.
სახელმწიფო ვალდებულია, მაქსიმალურად შექმნას ისეთი ინსტრუმენტები და სტიმულები, რომლებიც დაიცავს მოქალაქეებს სტიქიური უბედურებებისგან თუ სხვა უბედური შემთხვევებისგან მიყენებული ზიანისგან. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სწორედ ასეთი მექანიზმია სავალდებულო დაზღვევის სახეობები.
სავალდებულო დაზღვევის აუცილებლობა ნათლად გამოჩნდა 13 ივნისს. სვანიძის ქუჩაზე მომხდარი სტიქიური უბედურების დროს მოსახლეობას ქონება დაზღვეული რომ ყოფილიყო, ზარალს კერძო სადაზღვევო კომპანიები გადაიხდიდნენ, როგორც ეს მოხდა კიდეც იმ პირების მიმართ, ვისაც ქონდა დაზღვევა.
ანალოგიური ვითარებაა ავტომფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევასთან დაკავშირებით, რაც ასევე ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში და ყველა ჩვენს მეზობელ ქვეყანაში სავალდებულოა. ეს პროდუქტი არის მძღოლის სამოქალაქო პასუხისმგებლობის მართვის საუკეთესო მექანიზმი, რადგან სადაზღვევო შემთხვევის დროს მძღოლი / ავტომფლობელი თავისუფლდება ავტომობილის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისგან და ვალდებულება სადაზღვევო კომპანიაზე გადადის. მხოლოდ დაზღვევის ეს სახეობა ასეულობით სამუშაო ადგილს შექმნიდა.
წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა შემომსვლელი ტურისტებისთვის გადაუდებელი სამედიცინო დაზღვევის სავალდებულოობის შემოღება. ამით ქართული სადაზღვევო კომპანიები მიიღებდნენ დამატებით შემოსავალს, რომელიც ისევ ეკონომიკაში ჩაბრუნდებოდა, ხოლო სახელმწიფო გათავისუფლდებოდა იმ გადაუდებელი სამედიცინო დანახარჯებისგან, რომლებიც ჭირდებათ ვიზიტორებს. არც ერთ ტურისტს ან ვიზიტორს არ დააფრთხობდა მსგავსი დაზღვევა, რადგან ის ბევრ ქვეყანაშია სავალდებულო და გარდა ამისა ძალიან ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოგზაურისთვის.
ახალი ხელისუფლების პირობებში, კერძოდ 2014 წლიდან, დაიწყო აგრო დაზღვევის საპილოტე პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო აგრო სექტორის განვითარებისთვის. 2015 წელს მომხდარმა არაერთმა სქტიქიურმა მოვლენამ ასეულობით ათასი ლარის ზარალი გამოიწვია, რომელიც სადაზღვევო კომპანიებმა გადაიხადეს. ფერმერს აუნაზღაურა ზიანი, რომელიც წინა წლებში მის ფინანსურ დანაკარგად დარჩებოდა ან სახელმწიფოს მოუწევდა კომპენსაციის გაცემა. ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს, პროგრამა დაიხვეწოს და პერმანენტური ხასიათი მიიღოს, რათა სადაზღვევო კომპანიებმა მეტი ინვესტიცია ჩადონ ამ პროექტში.
,,არდი“ მოუწოდებს მთავრობას შემოიღოს სავალდებულო დაზღვევის პრაქტიკა, რომელიც მხოლოდ წაადგება ქვეყნის განვითარებას.
commersant.ge