ეკონომიკა

“სვანეთში ადგილობრივი მოსახლეობის კომპენსაციისთვის გამოყოფილი თანხა ისტორიულად მაღალია”

ტრანს ელექტრიკას” ხუდონჰესის პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი მზად აქვს. ამის შესახებ “ბიზნესკონტაქტს” ხუდონჰესის მშენებელი კომპანია “ტრანს ელექტრიკას” ტექნიკურმა დირექტორმა დავით მირცხულავამ განუცხადა და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ინვესტორი ენერგეტიკის სამინისტროსგან გაფორმებული მემორანდუმის პირობებში აღებული გარკვეული ვალდებულებების შესრულებას ელოდება, რის შემდეგაც გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის საჯარო განხილვები გაიმართება.

” – მოგეხსენებათ, რომ 2015 წლის სექტემბერში სამინისტროსთან ახალი დოკუმენტაცია გაფორმდა. მემორანდუმის ტექსტში არის ვალდებულებები, რომლებიც აქვს როგორც ენერგეტიკის სამინისტროს, ისე – ჩვენ. ეს დეტალები საჯარო არ არის. ამჯერად გარკვეული საკითხების დაზუსტება მიდის და ენერგეტიკის სამინისტროს ველოდებით. ყოველ შემთხვევაში, მე მინისტრთან რამდენჯერმე ვისაუბრე, რომელიც ამბობს, რომ ეს საკითხი უახლოეს ხანში გადაწყდება. რაც შეეხება გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტს, ის მზად არის, მხოლოდ დამატებითი სამუშაოები მიმდინარეობს, რაც ჩვენი კანონმდებლობით მოთხოვნილი არ არის, მაგრამ ჩვენ ვახორციელებთ, რადგან საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინება გვინდა”, – განაცხადა მირცხულავამ და დასძინა, რომ ეს სამუშაოები საქართველოში არცერთ ანალოგიურ ობიექტზე არ ჩატარებულა.

მისივე თქმით, როგორც კი პროექტი გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტზე დადებით შეფასებას მიიღებს, ინვესტორი ჰესის სამშენებლო ნებართვას ავტომატურ რეჟიმში მიიღებს.

რაც შეეხება სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციას მათთვის ალტერნატიული საცხოვრებელი ფართების შეთავაზების შესახებ, მირცხულავას განმარტებით, ეს პროცესი პერმანენტულად მიმდინარეობს.

“ვერ გეტყვით, რომ ეს საჯაროდ ხდება, მაგრამ გარკვეულ ნაწილთან საუბარი უკვე მიდის. მიმაჩნია, რომ ის თანხები, რაც კომპენსაციისთვის არის გამოყოფილი, საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი იქნება და საუკეთესო კომპრომისი მოიძებნება”, – განაცხადა მირცხულავამ.

შეგახსენებთ, რომ “ტრანს ელექტრიკას” პროექტი მდინარე ენგურზე 700 მეგავატიანი ჰესისა მშენებლობას ითვალისწინებს.
ხუდონჰესის პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდი დოლარია.