07/05/2024
Latest:
ეკონომიკა

თემურ ბასილია: საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობაში პრობლემები აქვს

ინტერვიუ ეკონომიკის ექსპერტ თემურ ბასილიასთან.

– თურქული მხარის მიერ რუსული ბომბდამშენის ჩამოგდებამ მსოფლიოში პოლიტიკური ვითარება მკვეთრად დაძაბა. კონკრეტულად ვისაუბროთ იმ რისკებზე, რომლებიც შექმნილ ვითარებაში საქართველოს ემუქრება ეკონომიკური კუთხით. 

– უმთავრესი პრობლემაა საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობა, რაც შეიძლება გაართულოს რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გამწვავებამ. ის, რომ რუსეთმა გადაწყვიტა საპასუხო ზომები მიეღო თურქეთის მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებაზე, საფრთხის წინაშე აყენებს რუსეთ–თურქეთის ურთიერთობის ამჟამინდელ მდგომარეობას. არადა ამ ორ ქვეყანას შორის 31 მილიარდი დოლარის საქონელბრუნვაა გასული წლის მაჩვენებლით, მიმდინარე წლის 9 თვეში კი დახლოებით 19 მილიარდია, საიდანაც 70% არის რუსული ექსპორტი. რუსეთი თურქეთს ძირითადად აწვდის ხორბალს, ასევე გაზს, თურქეთიდან კი საყოფაცხოვრებო პროდუქციას იღებს – კვების პროდუქტებს, ტანსაცმელს და ა.შ. ამით იმის თქმა მსურს, რომ ორივე ქვეყნის ეკონომიკა ერთმანეთთან მჭიდროდაა მიბმული. ამოქმედებულია ეკონომიკური ბერკეტები და ეს, ბუნებრივია, გავლენას მოახდენს საქართველოს ეკონომიკაზე, რადგან ორივე ქვეყანა – როგორც თურქეთი ასევე რუსეთი არის საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორი. იქიდან ჩვენ ვღებულობთ პროდუქციას, ასევე საქართველოდან გადის საექსპორტო პროდუქცია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის არის უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვანი წყარო და თუ ამ ქვეყნებში ეკონომიკური სტაბილურობა დაირღვევა – და როგორც ჩანს, სწორედ აქეთკენ მიდის საქმე – ეს აისახება საქართველოზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს მთავრობამ უნდა შეიმუშაოს გარკვეული ღონისძიებები, რომ შეაფასოს ეს რისკები – რა გავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაზე ეს პროცესები.

– ანალიზთან ერთად, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ? თქვენ თუ გაქვთ კონკრეტული რეკომენდაციები ამ მიმართულებით? 

– თუ რუსეთისა და თურქეთის ეკონომიკას პრობლემები შეექმნება და საქართველოში ვერ განხორციელდება იმ რაოდენობის პროდუქტების შემოტანა, მაშინ საქართველომ უნდა იფიქროს, საიდან შეიძლება ამ პროდუქტების შემოტანა. ასევე საქართველოდან გადის პროდუქცია რუსეთსა და თურქეთში და თუ რუსეთი და თურქეთი ვერ შეძლებენ ამ პროდუქციის შეძენას, რა შეიძლება იყოს ალტერნატიული ბაზრები. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, თუ შემცირდა ამ ქვეყნებიდან უცხოური ვალუტის შემოდინება, ეს საფრთხის წინაშე დააყენებს ქართული ლარის სტაბილურობას, ასეთ პირობებში უნდა დავფიქრდეთ, როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს  ეროვნულმა ბანკმა, რომ ფინანსური სტაბილურობა ან შეინარჩუნოს, ან ნეგატიური გავლენა მინიმალური იყოს. ლარის დევალვაციის დროს მოქმედებდა როგორც რეგიონული, ისე შიდა ფაქტორები, იყო შეცდომები როგორც მთავრობის, განსაკუთრებით ეროვნული ბანკის მხრიდან, რამაც სტიმული მისცა ლარის კურსის შემცირებას. მინიმუმ, ეს შეცდომები არ უნდა გამეორდეს შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ უნდა მოხდეს ალტერნატიული ბაზრების მოძებნა გარეთ – ალტერნატიული ბაზრებისა და საიმპორტო ქვეყნების მოძიება და მაკროეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა. ესაა სამი ძირითადი მიმართულება, რომლებზეც, ჩემი აზრით,ხელისუფლებამ უნდა იმუშაოს.

– გაქვთ საფუძველი იფიქროთ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში მუშაობენ ამ თემაზე და მოსალოდნელი საფრთხეების დასახვედრად ემზადებიან?

– სამწუხაროდ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, განსაკუთრებით ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით, მაინცდამაინც ოპტიმისტური განწყობა მე პირადად არ მაქვს. იმ პერიოდში არ გადადგმულა ისეთი სერიოზული ნაბიჯები, რაც ქვეყანას ააცილებდა საფრთხეებს, იყო გარე ფაქტორები, მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა, იყო შიდა ფაქტორები, რამაც ლარის დევალვაცია გამოიწვია.

– შესაძლოა თუ არა, ლოკალურ, დარგობრივ დონეზე, საქართველომ სარგებელი ნახოს რუსეთ–თურქეთის სავაჭრო ომიდან. მაგალითად, რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ ქვეყნებს შორის, რომლის პროდუქციამაც შესაძლოა თურქული ციტრუსი ჩაანაცვლოს, საქართველოც დაასახელა.

– ეს მომენტი შესაძლოა ცალკეულ სფეროებში იყოს და შესაძლებელია, ქართულმა მხარემ ითანამშრომლოს რუსეთის შესაბამის უწყებებთან, რომ ქართული პროდუქციის ექსპორტი განხორციელდეს რუსეთში. ახლა ქვეყნებს შორის რთული ვითარებაა, მაგრამ საქართველო კარგად უნდა დაფიქრდეს, რა არის მისთვის სასარგებლო.

– ზოგადად, რუსეთ–თურქეთის სავაჭრო კონფლიქტის განვითარების როგორი პროგნოზი გაქვთ?

– პირველ რიგში დარწმუნებული ვარ, რომ არანაირი სამხედრო კონფლიქტი არ იქნება რუსეთსა და თურქეთს შორის. ეს არცერთ ქვეყანას არ აწყობს და არ აწყობს ძირითად მოთამაშეებს. ამიტომ ყველანაირად შეეცდებიან, რომ ეს კონფლიქტი ყველანაირად შემცირდეს. თუმცა ეკონომიკური კონფლიქტი იქნება. საფრთხის წინაშე დგება სერიოზული მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები.

– გარდა რუსეთ თურქეთის ეკონომიკური კონფლიქტისა, რა ძირითად გამოწვევებს ხედავთ დღეს საქართველოს ეკონომიკისთვის განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ წინ საარჩევნო წელია?

– საქართველოს ეკონომიკა მყიფე მდგომარეობაში იმყოფება მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად სხვა ინფორმაცია ვრცელდება. თუ ჩვენ შევაფასებთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მასალებს, ვნახავთ, რომ მთავარი გამოწვევა იქნება მაკროეკობნომიკური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ინფლაციის დონის შენარჩუნება და ლარის გაუფასურების შეჩერება. საგარეო ფაქტორები არის ერთერთი სერიოზული მიმართულება, რაც გავლენას მოახდენს ეკონომიკაზე. ამ ვითარებაში, ჩემი აზრით, მთავრობამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იგივე სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევრობანკთან, აზიის განვითარების ბანკთან,რათა მაქსიმალურად შეძლოს ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, გაითვალისწინოს მათი რეკომენდაციები.  ეს საფინანსო ინსტიტუტები არის ქვეყანაში იაფი ფინანსური რესურსების შემოდინების უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც შეიძლება მოხმარდეს არა მხოლოდ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას, არამედ სხვა პროექტებს. იქნებ საქართველოს მთავრობამ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას ამ ორგანიზაციებთან ურთიერთობაში. მე ძალიან კარგი კონტაქტები მაქვს სავალუტო ფონდთან და მსოფლიო ბანკთან და ვიცი რეალური მდგომარეობა… ამის შესახებ საქართველოში არ საუბრობენ, მაგრამ   ამ მიმართულებით სერიოზული ხარვეზები და გარკვეული პრობლემებია.

წყარო: commersant.ge