03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

ვატერლოო, მტრედები და ბანკირების ერის დასაწყისი

ვინ იყო საფონდო ბირჟებზე პირველი მაქინატორი

ბოლო დროს მსოფლიო ბირჟებზე განვითარებული სპეკულაციების შესახებ, ძალიან ხშირად ვრცელდება ინფორმაცია. მსოფლიოს ყველაზე დიდი მაქინატორები ფინანსურ მოგებასთან ერთად, საყოველთაო აღიარებას მოიპოვებენ. დღევანდელი მაქინატორების შესახებ ყველა საუბრობს, მათ მიერ მოყოლილი ისტორია იბეჭდება და ბესტსელერი ხდება, ასეთ ადამიანებზე იღებენ ფილმებს..

თუმცა, ბევრმა ალბათ არ იცის, ვინ იყო მსოფლიოში პირველი ასეთი მაქინატორი. სოციალურ ქსელში ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მჭედლიშვილი საინტერესო ისტორიას ყვება. გიორგი მჭედლიშვილის პოსტში, რომელსაც ქვემოთ უცვლელად გთავაზობთ, გაიგებთ, როგორ ჩაიგდო ხელში ბანკირმა ნათან როტშილდმა ლონდონის ბირჟის გაუფასურებული აქციები.

“1815 წლის თიბათვის 17-ს, პატარა ბელგიურ სოფელ ვატერლოოსთან მოხდა უკანასკნელი ბრძოლა”.

ორმოცდაშვიდი ათასი გვამი ეყარა ბრძოლის ველზე. იმპერიის ბედი გადაწყვეტილი იყო.

“პირველხარისხოვანი ბრძოლა იყო ვატერლოო, მეორეხარისხოვანი მხედართმთავრის მიერ მოგებული”, – იტყვის მოგვიანებით ჰიუგო.

ღამით წვიმა რომ არ მოსულიყო, ევროპის მომავალი ვინ იცის კიდევ როგორ შეიცვლებოდა…

წვიმებმა ჩარეცხეს გზები. დამბალ მიწაში ცხენებს ფლოქვები ეფლობოდათ, ცნობა იგვიანებდა, რომელსაც მოუთმენლად ელოდნენ ევროპის ხალხები. და კვლავ გამოცოცხლდნენ შაპის ტელეგრაფის ტლანქი, უზარმაზარი კოშკები. ზუსტად ასო-ასო გადასცემდნენ ისინი ცნობას, მაგრამ.. ნისლის გამო, თუ ტელეგრაფისტის დაუდევრობით – ერთი რამ უეჭველია: დეპეშამ ლონდონში სრულიად მოჩმახული ცნობა მოიტანა.

– ნაპოლეონმა გაიმარჯვა! – გამოაცხადეს ფოსტის მოხელეებმა…

თითქოს ბომბი გასკდაო, ლონდონის ბირჟის თაღებქვეშ, დაეცა მრავალრიცხოვანი სავაჭრო კომპანიების აქციების ფასი. გაცოფებული ბირჟის მაკლერები ცდილობდნენ გაესაღებინათ გაუფასურებული ქაღალდები.

ფინანსისტებისა და საქმოსნების სამყარო გუგუნებდა, მხოლოდ ერთი კაცი იყო მშვიდად და არხეინად, – ბანკირი ნათან როტშილდი, რომლის ხალხი გამალებული ყიდულობდა დაცემულ აქციებს, შეუცდომლად მოქმედებდა. მან დანამდვილებით იცოდა, რომ ვატერლოოსთან ბრძოლაში გაიმარჯვა ველინგტონმა. ის იყო გაისმა გამარჯვების ძახილი, რომ ჰერცოგის ჯარებში ბანკირის მსტოვარმა ლონდონში გაგზავნა ცნობა ნაპოლეონის დამარცხების შესახებ.

“მან, – წერს როტშილდზე მისი ბიოგრაფი ჯონ რივი, – ჩამოაყალიბა საკუთარი შტატი მოქმედი აგენტებისა და კურიერებისა, რომლებიც არმიას კუდში უნდა მიჰყოლოდნენ ან ყოფილიყვნენ სხვადასხვა სამეფო კარზე, ხარჯებს არ მორიდებოდნენ და მისთვის სისტემურად გადაეცათ ცნობები ყველაფერზე, რაც ხდებოდა. როტშილდმა მოაწყო მტრედების ფოსტა, რომლის საშუალებით ცნობები კონტინენტიდან მოდიოდა სწრაფად და ხშირად. ის უამრავ თანხას ხარჯავდა მტრედებზე და მზად იყო ძვირად ეყიდა ის ფრინველები, რომლებიც ძლიერი და სწრაფი ფრენით გამოირჩეოდნენ. არაერთხელ მიუღია მას მნიშვნელოვანი ცნობები მთავრობაზე ადრე…”

როტშილდი მოხერხებულად იყენებდა თავის საიდუმლოს და საკმაოდ კარგად ითბობდა ხელს ბირჟის პანიკით. რამდენიმე დღის შემდეგ ნაპოლეონის დამარცხების ამბავი მთელმა ინგლისმა შეიტყო, ეს ცნობა ფოსტამ მოიტანა.

ბუკის კვრით, თოფების სროლით საფოსტო დილიჟანსების კონდუქტორები ხალხს აგროვებდნენ, რათა ეცნობებინათ მათთვის სასიხარულო ამბავი. იმ წუთებში იყვნენ ისეთებიც, რომელთაც ჩამოსტიროდათ თავ-პირი. ამ ზღვა ხალხში მხოლოდ ერთი კაცი იყო, გამორჩევით ბედნიერი, რომელსაც თვით ნაპოლეონზე გამარჯვებული ველინგტონიც კი შენატრებდა, ეს იყო ნათან როტშილდი.

ასე რომ თუ რობესპიერის დროს რევოლუციას ეკუთვნოდა სიტყვა; ნაპოლეონის დროს – ზარბაზანს; ამჯერად ვატერლოომ ბანკირების დროის დადგომა გვაუწყა”.

მოამზადა ანასტასია კაპანაძემ

[wpolling id=”11″ width=”” height=””]