06/05/2024
Latest:
საზოგადოება

2016 წლის ივლისიდან თბილისს ახალი, 12–მეტრიანი ავტობუსები ექნება

2016 წლის ივლისიდან თბილისს ახალი ავტობუსები ეყოლება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ გაცადემა “20/30″–ში საუბარში გააკეთა. მისი თქმით, მიმდინარე წლის დეკემბერში EBRD-ის დახმარებით თბილისის მერია ავტობუსების პარკის გასაახლებლად საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. გამარჯვებული კომპანია კი თებერვალი გახდება ცნობილი.

„თავდაპირველად, 200 ცალ 12–მეტრიან, ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტობუსს შემოვიყვანთ, რაც ეკონომიური და ეკოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია. ასევე, EBRD-ი მოგვეხმარება ახალი სამარშრუტო სქემის შედგენაში და იმ კვლევის მომზადებაში, რომელმაც უნდა გვიკარნახოს, მომავალში ეს სექტორი თბილისში როგორ უნდა განვითარდეს. საუბარია იმაზე, რომ ტრანსპორტი იყოს მერიის შემადგენლობაში თუ იყოს კერძო სექტორთან თანამშრომლობის პროექტი”-აცხადებს ლექვინაძე.

მერის მოადგილე დედაქალაქში არსებულ საცობების თემაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მერიას აქვს ანალიზი იმისა, თუ რა იწვევს საცობებს. ეს არის ავტომობილების მზარდი რაოდენობა, მოუწესრიგებელი მძღოლი და ქვეითად მოსიარულე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ლექვინაძის განცხადებით, თბილისში, ისევე, როგორც მთელს საქართველოში, მანქანების რაოდენობა იზრდება და 500 ათასამდე ავტომობილს, რომელიც ქალაქში მოძრაობს, ინფრასტრუქტურა, ბუნებრივია, უფრო რთულად ატარებს, ვიდრე წლების წინ, როცა მათი რაოდენობა ნაკლები იყო.

მისი თქმით, ამის აღმოსაფხვრელად იგეგმება სარეაბილიტაციო სამუშაოების დროულად დასრულება, დამატებითი მონაკვეთების მშენებლობა, პიკის საათებში, დასუფთავების მანქანების მოძრაობის შეზღუდვა, საქალაქო ტრანსპორტის განახლებას და სხვა ღონისძიებები. გარდა ამისა, მიდის ისეთ პროექტებზე მუშოაბა, რომელიც მოქალაქეების ცნობიერების ამაღლებაზე იქნება მიმართული.