03/05/2024
Latest:
ეკონომიკა

7 თვეში საქართველოს ეკონომიკა 2,6 პროცენტით გაიზარდა

წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის ივლისში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 3,0 პროცენტი, 2015 წლის II კვარტალის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,1 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი შვიდი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 2,6 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, იანვარ-ივლისში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 14 პროცენტით შემცირდა, აქედან ექსპორტმა 23 პროცენტით იკლო, იმპორტმა კი 10 პროცენტით. ივლისში ექსპორტმა 187 მილიონი დოლარი შეადგინა, იმპორტმა კი 662 მილიონი დოლარი.

ივლისში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდამ 7,4 პროცენტი შეადგინა, რაც ივნისთან შედარებით, 2,9 პროცენტით შემცირებული მაჩვენებელია. ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა კი წინა წელთან შედარებით, 8,2 პროცენტით გაიზარდა.

რაც შეეხება საბიუჯეტო მაჩვენებლებს, ივლისში საბიუჯეტო შემოსავლები 785 მილიონი ლარით განისაზღვრა, ხარჯები კი 776 მილიონი ლარით, რაც ივნისის თვესთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.