ქართულ – ირანული ეკონომიკური თანამშრომლობა
საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ირანზე სანქციების მოხსნის შემდგომ, აქტუალურია ქართულ-ირანული ეკონომიკური თანამშრომლობა. განვიხილოთ მოცემული ორი ქვეყნის სავაჭრო ურთიერთობების სტრუქტურა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაეროს მონაცემების თანახმად (იხ. ცხრილი 1).
დიაგრამა 1. ქართულ-ირანული ვაჭრობა (2011-2015 წწ) (მილიონი აშშ დოლარი)
აღსანიშნავია რომ ქართულ ირანული ეკონომიკური ურთიერთობების და თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორიის მიუხედავად, ვაჭრობა ამ 2 ქვეყანას შორის მხოლოდ ბოლო წლებში გაძლიერდა და პირველად 2012 წელს გადააბიჯა 100 მილიონიან ნიშნულს. სამწუხაროდ, ძირითადად საქართველოში ირანული იმპორტის და არა ირანში ქართული ექსპორტის ზრდის ხარჯზე. 2013 წელს ქართულ ირანულმა ვაჭრობამ ოფიციალური სტატისტიკის თანახმად პიკს მიაღწია და 177 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, 2014 და 2015 წლებში კი ვაჭრობამ იკლო და შესაბამის პერიოდებში 151 და 128 მილიონს გაუტოლდა, რაც ძირითადად ირანიდან საქართველოში იმპორტის კლებით იყო განპირობებული.
საინტერესოა, რომ აშშ დოლარში გამოსახული ირანული პროდუქციის იმპორტის ზრდის მიუხედავად, პროდუქციის ჩამონათვალი საკმაოდ მწირია და ძირითადად 5 წამყვან პროდუქციაზე მოდის. უფრო მეტიც, ამ 5 ძირითადი პროდუქტის საერთო ღირებულება ბოლო 5 წლის განმავლობაში, მთლიანი იმპორტის დაახლოებით 2/3-ს შეადგენდა (იხ. დიაგრამა 2).
დიაგრამა 2. ქართული იმპორტი ირანიდან (2011-2015 წწ) (ათასი აშშ დოლარი)
კერძოდ, ბოლო წლების განმავლობაში ირანიდან საქართველოში განხორციელებული იმპორტის წამყვანი ხუთეული პრაქტიკულად უცვლელია და შემდეგი პროდუქტებისგან შედგება: 1. მინერალური საწვავი, ზეთები, გამოხდის პროდუქტები; 2. კერამიკული პროდუქტები; 3. პლასტმასი და მისი ნაწარმი; 4. მინა და მინის ნაწარმი; 5. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქცია (იხ. ცხრილი #1). როგორც ჩამონათვალიდან ჩანს საქონელბრუნვის ძირითადი ნაწილი ნაკლებადაა დაკავშირებული თანამედროვე ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან.
რაც შეეხება საქართველოდან ირანში განხორციელებულ ექსპორტს, სამწუხაროდ არც ამ მხირვ გაგვაჩნია განსაკუთრებული მრავალფეროვნება და წამყვან პროდუქტთა ნომენკლატურა სულ რამდენიმე ერთეულით შემოიფარგლება. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის მაჩვენებელს თუ გამოვრიცხავთ (47 მილიონი აშშ დოლარი), ქართული ექსპორტი ირანში სტაბილურად იზრდება და 2015 წელს 36 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია (იხ. დიაგრამა 3).
დიაგრამა 3. ქართული ექსპორტი ირანში (2011-2015 წწ) (ათასი აშშ დოლარი)
პროდუქციის ჭრილში კი ქართული ექსპორტი შემდეგი პროდუქტებისგან შედგება: 1. ავტომობილები; 2. ხე და ხის მასალები; 3. ელექტრო მოწყობილობები და სხვა (იხ. ცხრილი 2). აღსანიშნავია საქართველოდან ირანში ავტომობილების ექსპორტი, რომელმაც ბოლო 3 წლის განმავლობაში თითქმის 30 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია და რაც იგივე პერიოდში საქართველოდან ჯამში ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების 2%-ს შეადგენდა.
ბოლო წლებში საქართველოდან ირანში განხორციელებულ ექსპორტში მნიშვნელოვანი წილი რე-ექსპორტირებულ პროდუქციას ეჭირა, რომელიც 2013 წლამდე საკმაოდ უმნიშვნელოდ იყო წარმოდგენილი.
დიაგრამა 4. საქართველოდან ირანში განხორციელებული ექსპორტი და რეექსპორტი (მლნ დოლარი)
საქართველოდან ირანში რე-ექსპორტირებული პროდუქციათა ჩამონათვალში შედის 1. ავტომობილები; 2. არაორგანული ქიმიკატები, ძვირფასი მეტალის ნაერთები, იზოტოპური; 3. ფარმაცევტული პროდუქცია; 4. ოპტიკური დანადგარები; 5. სხვადასხვა ქიმიური პროდუქტები და ა.შ.
მიუხედავად ზემოთ მოყვანილი მონაცემებისა, რომელიც ცხადყოფს რომ ქართულ ირანული ვაჭრობა არადივერსიფიცერებული და არც თუ ისე ძლიერია, თანაც ნაკლებად ტექნოლოგიატევადი დარგებით წარმოდგენილი, შეიძლება ითქვას რომ ახალი რეალობის გათვალისწინებით (ირანზე საერთაშორის სანქციების მოხსნა) ქართულ-ირანულ ეკონომიკურ თანამშრომლობას საკმაოდ საინტერესო პერსპექტივა გააჩნია, როგორც მინიმუმ ნახშირწყალბადის რესურსების მოწოდების დივერსიფიცირების და ერთობლივი სატრანზიტო კორიდორების ამოქმედების თვალსაზრისით. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია ამ მიმართულებების პოლიტიკური მხარეც, რომელიც ცალკე განხილვის საგანს წარმოადგენს.
ვახტანგ ჭარაია
თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი