აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი დახვდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვდება ამერიკის სახელმწიფო მდივანს ჯონ კერის. შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველო-ამერიკის სტრატეგიული ქარტიის პლენარული სხდომა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი უხელმძღვანელებენ. აღნიშნული ქარტია მოიცავს თანამშრომლობის ფართო სპექტრს სხვადასხვა სფეროში. შედგება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონია.
დღესვე, 15:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სახელმწიფო მდივნის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან.