საზოგადოება

“კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, ძალიან ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება”

საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კვალიფიციური ხელმძღვანელობით, უკვე გეგმავს ძალიან ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც შემდეგ ოთხ წელიწადში განხორციელდება; ჩვენ არა მხოლოდ დიდად ვაფასებთ ამას, არამედ მზად ვართ, ყოველმხრივ მხარდაჭერა გაგიწიოთ ამ წამოწყებებში, როგორც სახელისუფლებლო, ისე კორპორატიულ დონეზე, – ამის შესახებ თურქეთის ელჩმა საქართველოში, ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ ქვესადგურ „მარნეული 500“-ის მშენებლობის დასრულების აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ელჩმა პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ქვესადგური საქართველოს ელექტროენერგიის შესაძლებლობებისა და სანდოობის ზრდას შეუწყობს ხელს.

„გარდა სანდოობისა, ამით გაიზრდება ელექტროსისტემის უსაფრთხოებაც, რომელიც მიუახლოვდება ხარისხის უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს, გარემოსთვის უვნებელი სუპერსტრუქტურებით. ასევე ბედნიერი ვარ თურქეთის წარმატებითაც, რადგანაც ელექტროენერგიის ეს მარაგი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება არა მხოლოდ უშუალოდ მომხმარებლებს, არამედ გაზრდის საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შესაძლებლობებსაც, მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის თურქეთში, ელექტროენერგიის გადაცემის კუთხით“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.

ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ პროექტის წარმატებით განხორციელება მიულოცა თურქულ კონტრაქტორ კომპანიას BEST/BETAS და აღნიშნა, რომ ეს არის ელექტროსისტემის პირველი პროექტი, რომელიც თურქმა კონტრაქტორმა განახორციელა საქართველოში.

„უნდა ვაღიარო, რომ ყველაზე დიდ სიხარულს მანიჭებს თურქეთ-საქართველოს თანამშროლობა და ურთიერთობები, რადგანაც ჩვენი მუშაობის მიზანი ასე შეიძლება ჩამოვაყალიბოთ – რაც სასიკეთოა საქართველოსთვის, სტრატეგიული პარტნიორისთვის, სასიკეთოა თურქეთისთვისაც და როცა ეს სიკეთე მოდის თურქული ინვესტიციებიდან თუ თურქული მხარის საქმიანობიდან, ჩვენ კიდევ უფრო ბედნიერად ვგრძნობთ თავს. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის კვალიფიციური ხელმძღვანელობით, უკვე გეგმავს ძალიან ამბიციურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც შემდეგ ოთხ წელიწადში განხორციელდება; ჩვენ არა მხოლოდ დიდად ვაფასებთ ამას, არამედ მზად ვართ, ყოველმხრივ მხარდაჭერა გაგიწიოთ ამ წამოწყებებში, როგორც სახელისუფლებლო, ისე კორპორატიულ დონეზე. ვიმედოვნებ, კიდევ ბევრი ახალი თურქული კომპანია მონაწილეობას მიიღებს საქართველოს განვითარების საშურ საქმეში“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა.