04/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“აზერბაიჯანი ყიდულობს გაზს რუსეთისგან იაფად და გვაწვდის ჩვენ შედარებით ძვირად”

“სოკარის” მიერ კომერციული სექტორისთვის მიწოდებული გაზი არის ძალიან ძვირი”

უნდა დათანხმდეს თუ არა საქართველო გაზპრომის მოთხოვნას  ტრანზიტის საფასურად გატარებული გაზის მონეტიზაციაზე, რაზე ესაუბრება საქართველოს ხელისუფლება “გაზპრომს” და  გაზპრომის გაზი საქართველოსთვის ნიშნავს თუ არა ენერგოდამოუკიდებლობის დაკარგვას, –  ამ და გაზმომარაგებასთან დაკავშირებით მიმდინარე თემებზე ენერგეტიკის ტრანზიტის საკითხებში სპეციალისტ ლიანა ჯერვალიძეს ვესაუბრეთ.

– თუ არის თქვენთვის ცხადი, რაზე ესაუბრება საქართველოს ხელისუფლება და ენერგეტიკის სამინისტრო “სოკარს” და “გაზპრომს”?

– “სოკართან” მოლაპარაკებები უკვე კარგა ხანია მიმდინარეობს. შარშან გაზაფხულიდან, როგორც კი ლარის კურსი მნიშვნელოვნად დაეცა, ენერგოკომპანიებმა დაიწყეს მოლაპარაკებები საქართველოს ხელისუფლებასთან. მათ, რასაკვირველია, დოლარში დაანგარიშებული შემოსავლები ძალიან შეუმცირდათ არსებული ტარიფით და მოითხოვეს ტარიფების გადასინჯვა. რასაკვირველია, ეს ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაგრამ გართულდა მოლაპარაკებები იმ მხრივ, რომ კომერციულ სეგმენტში შენარჩუნდა ძალიან მაღალი ფასი გაზზე, რაც არ ასახავს საერთაშორისო ბაზარზე არსებულ მდგომარეობას არანაირად. კითხვები იყო ასეთი: თუ იგივე ფასი გვაქვს ჩვენ გაზზე, რა ფასიც გვქონდა, როდესაც ერთი ბარელი ნავთობის ფასი საერთაშორისო ბაზარზე იყო 110 დოლარი და მასზე მიბმული გაზის ფასი იყო 450 დოლარი. როდესაც ნავთობის ფასი ჩამოვიდა 40 დოლარზე, მერე 35 დოლარზე, ახლა 30-ზეა ჩამოსული, როგორ შეიძლება, ჩვენ გაზზე ასეთი მაღალი ფასი გვქონდეს? კომერციულ სექტორზეა საუბარი.

– რამდენად ყიდულობს კომერციული სექტორი გაზს “სოკარისგან”?

– ეს არის ინდივიდუალური კონტრაქტები – 3-6 თვიანი, მაგრამ ამბობენ, რომ გაზგასამართ სადგურებზე, რომელზეც მოხმარება ძალიან გაიზარდა იმიტომ, რომ მოსახლეობამ ავტომობილები მასიურად გადაიყვანა გაზზე. იქ გაზის ფასი არის სადღაც 350 დოლარი. ეს გაუგონარი ფასია. დღეს რუსეთი უკრაინას სთავაზობს 230 დოლარად და უკრაინა არ იღებს, უფრო დაბალი ფასი უნდათ. თქვენ წარმოგიდგენიათ, 350 დოლარი რა ფასია?

– ამის გამო დაიწყო საქართველოს ხელისუფლებამ მოლაპარაკებები “გაზპრომთან”?

– გაზაფხულიდან მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები სოკართან გაზის ფასის შესახებ. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ. ჩვენი კომერციული პარტნიორები არიან პატარა კომპანიები. საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით დიდებიც კი ძალიან პატარები არიან. ისინი რომ სოკარს დაელაპარაკებიან ინდივიდუალურად, წარმოგიდგენიათ, რა შედეგი დადგება? სამინისტრო მოწოდებულია, რომ შექმნას ამისთვის წინაპირობები და ეს მხარეები, რომლებიც ძალიან დიდები არიან თვითონ საქართველოს ეკონომიკასთანაც კი, გარკვეულ დათმობებზე წამოიყვანონ იმისთვის, რომ კომერციული სეგმენტისთვის მისაღები გახდეს და მოხდეს ფასების სტაბილიზაცია. მე ამაში გაურკვეველს და არაბუნებრივს ვერაფერს ვხედავ.

– ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ “გაზპრომთან” მოლაპარაკებები იმიტომ დაიწყო ხელისუფლებამ, რომ ამით ევაჭრება რეალურად “სოკარს”. თქვენ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

– მე ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ მონოპოლისტი მომწოდებელი, ვინც არ უნდა იყოს, რამდენად კეთილგანწყობილი მეზობელიც არ უნდა იყოს, მონოპოლისტის თამაშის წესები არის იმგვარი, რომ ის მაქსიმალურად სარგებლობს თავისი პოზიციით. როდესაც არის ორი ან სამი მიმწოდებელი, რასაკვირველია, კონკურენციის მეტი შანსია და მეტი შესაძლებლობა არის იმისა, რომ ფასზე წარმატებული მოლაპარაკება მოხდეს.

–  ასევე, გაზაფხულზე დაიწყო “გაზპრომთან” მოლაპარაკებებიც?

– გაზპრომთან მოლაპარაკებები აპრილიდან მიმდინარეობს, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ტრანზიტიური სომხეთისთვის და ყოველი წლის ბოლოს დგინდება კომერციული კონტრაქტი გაზის გატარების შესახებ. ამ კონტრაქტის დადებას წინ უძღვის გარკვეული შეხვედრები, სადაც მხარეები ლაპარაკობენ გარკვეულ თემებზე, რომელიც არის წმინდა კომერციული და ამ მოლაპარაკებებს მსოფლიოში წინსწრებით არავინ აცხადებს და არავის აფრთხილებს. კომერციული მოლაპარაკებების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი მოლაპარაკებების შედეგები ცხადი ხდება მას შემდეგ, რაც მხარეები ერთმანეთს მოელაპარაკებიან, კონსესუსს მიაღწევენ და შედეგს დადებენ.

– “გაზპრომს” სურს, რომ ამ ტრანზიტის 10%-ის მონეტიზაცია მოახდინოს. თქვენი აზრით, უნდა დათანხმდეს თუ არა “გაზპრომის” ამ მოთხოვნას საქართველო?

– მე არ მომწონს ეს მოთხოვნა. საქართველოს მოუწევს მონეტიზაციაზე წასვლა იმიტომ, რომ ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა. გაზის რესურსის მიღება ევროკავშირის სივრცეში, საითაც ჩვენ მივდივართ, საერთოდ არ არსებობს. იქ არის მხოლოდ გაზის ტრანსპორტირების და ტრანზიტის დანახარჯების, რომელსაც ზედ ედება მოგების მასა. ჩვენ ამ სისტემაზე გადასვლა მოგვიწევს, მაგრამ ჩვენთვის უფრო მომგებიანია ის ფორმატი, რომელიც დღეს გვაქვს.

ჩვენ ვხდებით “ენერჯი ქომუნითის” წევრი. ეს არის ენერგეტიკის გაერთიანება. ამ ორგანიზაციაში წევრობით ჩვენ უნდა მოვაწესრიგოთ ჩვენი ენერგეტიკული სექტორი იმისათვის, რომ ის სრულ შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირში არსებულ წესრიგთან. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანების მოლაპარაკებები მიმდინარეობს ახლაც. ჩვენ როდესაც ხელშეკრულებას დაგვიდებენ, ამ ხელშეკრულების ვალდებულებები ჩვენზეც გავრცელდება. მაგრამ ვიდრე ჩვენ ეს ვალდებულებები აგვიღია ჩვენს თავზე, უმჯობესია და საქართველოსთვის მომგებიანია ის ფორმატი, რომელიც დღეს გვაქვს.

“გაზპრომის” მხრიდან არის გარკვეული დათმობითი შემოთავაზებები, კონსესუსის მისაღწევი წინადადებები. ჩემი აზრით, 10% გატარებული გაზის არის ძალიან მაღალი. ჩვენ შაჰდენიზის შეთანხმებითაც გვაქვს ხელშეკრულება მხოლოდ 5%-ზე. ყველაზე მაღალი არსებული საერთაშორისო გამოცდილებით იყო 7%. ჩვენ რუსეთთან მივაღწიეთ 10%-ს. ზოგადად, მონეტიზაციაზე არის ლაპარაკი გამომდინარე იქიდან, რომ ეს ძალიან მაღალი პროცენტია. შესაბამისად, “გაზპრომის” აქვს სურვილი, რომ ეს კონტრაქტი და პუნქტი საერთაშორისო სტანდარტს მიუახლოვოს თავის სასარგებლოდ. 

მონეტიზაციაზე თუ გადავიდა, ესეც მისთვის სასარგებლო გადასვლა იქნება, იმიტომ, რომ მონეტიზაციით ჩვენ 10%-ის ღირებულების გაზს ვეღარ მივიღებთ. ეს სეროზული ჭიდილის საგანია. ხელისუფლებამ ძალა არ უნდა დააკლოს იმას, რომ ჩვენ ერთი-ორი წლით კიდევ, სანამ საერთაშორისო ვალდებულებების ფორმატში აღმოვჩნდებით, ეს შევინარჩუნოთ.

– მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანას შეიძლება რუსეთიდან დამატებით გაზის მოცულობის შემოტანა დასჭირდეს, იმის გარდა, რასაც უკვე იღებს ტრანზიტის საფასურად. ამის მიზეზად დაასახელა ის, რომ 2015 წელს გაზზე მოთხოვნა წინა წელთან შედარებით გაიზარდა და 2016 წელს უფრო მეტად არის მოთხოვნის გაზრდა მოსალოდნელი?

– ჩვენთან გაზის მოთხოვნა ნამდვილად გაიზარდა. ჩვენ 2015 წლის ბოლოს და ალბათ ახლა, იანვარში, მოქმედებაში შევიყვანთ ახალი გაზის გენერაციის ობიექტს, 230-მეგავატიანს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაზზე გენერაცია უნდა გავზარდოთ.

– ამ დეფიციტის შევსება რატომ არ არის შესაძლებელი აზერბაიჯანული გაზით?

საქმე ისაა, რომ ჩვენი გაზის მოხმარების პიკი არის ზამთარში. ასევე, აზერბაიჯანში გაზის მოხმარების პიკი არის ზამთარში. როცა ჩვენ ბევრი გვჭირდება, მათაც ბევრი სჭირდებათ. აზერბაიჯანში გაზის მოპოვება არის ლიმიტირებული. არ არის დიდი რაოდენობის მოპოვება. თვითონაც რომ წარმოიდგინოთ, აზერბაიჯანში 29 მილიარდი კუბური მეტრის გაზი მოიპოვება. აქედან 11-12 მილიარდს მოიხმარს თვითონ აზერბაიჯანი. დაახლოებით 8 მილიარდი ნავთობის მოპოვების მიზნით რეზერვუარებში ტვირთავენ წნევის გასაზრდელად. დანარჩენი ნაწილის გაფრქვევა ხდება ჰაერში ან ტოქშერებზე დაწვა იმის გამო, რომ ეს არის მცირე რაოდენობის გაზის გაპარვა. იმის ინფრასტრუქტურა არ არსებობს, რომ სოკარმა ამ გაზის აღება მოახერხოს და თბილისში კომერციალიზაცია უღირდეს. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ზაფხულში აზერბაიჯანს ზედმეტი გაზი აქვს, ზამთარში – ყიდულობს რუსეთიდან გაზის მიწოდების დასაბალანსებლად. შემოდგომაზე “სოკარმა” თვითონ იყიდა 2 მილიარდი კუბური მეტრი გაზი რუსეთისგან.

– ორი დღის წინ და გუშინაც “სოკარის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ასრულებენ ხელშეკრულებით გათვალიწინებულ პირობებს საქართველოსთან.

– კი, რასაკვირველია, ისინი შეასრულებენ ხელშეკრულების პირობებს, თუ იყიდიან რუსეთისგან იაფად და მოგვყიდიან ჩვენ. შენ, როგორც ქვეყანას, რა გირჩევნია: პირდაპირ იყიდო მომწოდებლისგან იაფად, თუ გადაყიდული იყიდო მცირე რაოდენობით?

– რა რაოდენობაზეა საუბარი?

– ლაპარაკი არის 250-300 მილიონ კუბურ მეტრზე წელიწადში, ზამთრის პერიოდში დასაბალანსებლად, როდესაც ჩვენ ბევრი ელექტროენერგიის და მეტი გაზის მოხმარება გვაქვს. რა გვირჩევნია – ეს გაზი ვიყიდოთ პირდაპირ მომწოდებლისგან, თუ ვიყიდოთ გადამყიდველისგან? ეს ჩემი პირადი ლოგიკიდან გამომდინარეობს. თუ “სოკარმა” დასაბალანსებლად გაზი იყიდა “გაზპრომისგან”, ესე იგი მე მიბალანსებს ამით იმიტომ, რომ თავისი გაზი არ აქვს.

–  თუ თქვენს ლოგიკას მივყვებით, თუ უკეთესი ტარიფი შესთავაზა “გაზპრომმა” საქართველოს, შეგვიძლია, ვთქვათ, გაზის 100% რუსული კომპანიიდან ავიღოთ.

– არა. გაზის 100%-ს “გაზპრომისგან” ვერ წამოვიღებთ იმიტომ, რომ სოციალური გაზის ძირითადი ნაწილი “სოკართან” დაკონტრაქტებული არის 28-30 წლამდე. ამას ვერაფერი შეცვლის. ეს არის მყარი, ხანგრძლივი კონტრაქტი. ჩემი ინფორმაციით, 2028 წლამდე (ახლა ამბობენ 2030 წლამდე). აქ არაფერი შეიცვლება. ჩვენ ლაპარაკი გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ დამატებით გაზზე, რომელიც ჩვენ გვჭირდება ელექტროენერგიის გენერაციისთვის. დღეს თუ ჩვენ ამას ვყიდულობთ რუსეთისგან, როდესაც შაჰდენიზის მეორე ფაზა ამოქმედდება 2019 წელს, გაზის გენერაციის ობიექტი გვექნება და ჩვენ შეგვიძლია ის ვიყიდოთ უკვე დამატებით აზერბაიჯანის შაჰდანიზის მეორე ფაზისგან. ეს ობიექტი უკვე არის. დღეს თუ იძულებული ვართ, რომ ზამთრის პერიოდში რუსეთისგან ვიყიდოთ გაზი, შემდეგ აზერბაიჯანს უფრო მეტი გაზი ექნება და შეგვეძლება, რომ არჩევანი გავაკეთოთ და რომელიც უკეთეს ფასს შემოგვთავაზებს, იმის გაზი ვიყიდოთ. რა არის ამაში ცუდი?

– გაზის მთლიანი მოხმარების 87% აზერბაიჯანზე მოდის. თუკი საქართველო “გაზპრომთან” გააფორმებს ხელშეკრულებას დამატებით მოცულობაზე, ეს თანაფარდობა როგორ შეიძლება შეიცვალოს?

– გააჩნია, რა რაოდენობაზე იქნება, მინდა გითხრათ, რომ “სოკარისგან” გაზის მოწოდების პრობლემა არის გაზსადენის გამტარობის შეზღუდულობის გამოც. სოკარის გაზსადენი, აზერბაიჯანი-საქართველოს დამაკავშირებელი გაზსადენი, რომლის გამტარობაც იყო 5 მილიონი კუბური მეტრი დღიურად, არ არის საკმარისი საქართველოს გაზრდილი მოხმარებისთვის. ქართულმა მხარემ არაერთხელ სთხოვა აზერბაიჯანს, რომ გაკეთებეინათ აღდგენითი სამუშაოები იმისათვის, რომ მილსადენის გამტარობა გაზრდილიყო 7 მილიონ კუბურ დღეში. იმისთვის, რომ ეს მოხდეს, უნდა აშენდეს დამატებით კომპრესორის სადგური.

ვიღაცები გამოვიდნენ და თქვეს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ეს რატომ არ გაითვალისწინა წინასწარო. ჩვენ “სოკარი” როგორ უნდა ვაიძულოთ, რომ 40 მილიონი დოლარი ჩადოს და ახალი საკომპრესორო სადგურის მშენებლობა დაიწყოს საკუთარ ტერიტორიაზე. მოთხოვნა რამდენჯერმე იქნა წაყენებული, რომ გთხოვთ გაზარდოთ, ვინაიდან მოხმარება გვეზრდება. ახლა გაუზრდიათ ერთი მილიონით და ექვს მილიონამდე აუყვანიათ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. შვიდ მილიონამდე უნდა ავიდეს, რომ ჩვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდეს. როდესაც გაზსაცავი გვექნება, ჩვენ უკვე მეტი მოქნილობა გვექნება. ზაფხულში ვიყიდით აზერბაიჯანში ან რუსეთში გაზს, ამას ჩავტვირთავთ გაზსაცავში და შეგვიძლია ზამთარში გაზის მოხმარება თვითონ დავაბალანსოთ. ეს არ იქნება 2019 წლამდე, მაგრამ ჩვენ აქამდეც დავაგვიანეთ. ახლა თუ იქნება, 2019 წელს მაინც, ძალიან კარგი.

– ახლა რამდენად რეალისტურად გეჩვენებათ ეს?

– აბსოლუტურად რეალისტურად გვეჩვენება იმიტომ, რომ გაზის დაბალანსებასთან დაკავშირებით ჩვენს პარტნიორებთან მოლაპარაკებების პროცესში იმდენად გადაიღალა, აშკარად მივიდა სახელმწიფო იმ დასკვნამდე, რომ ერთადერთი გამოსავალი, ხვეწნა-მუდარა და მუხლზე დაჩოქება არ დაგვჭირდეს ზამთარში, არის გაზსაცავი.

– 43% მოდის ამჟამად კომერციულ სექტორზე ბუნებრივი აირის ჯამურ მოხმარებაში. თქვენ ისაუბრეთ ტარიფებზე და აღნიშნეთ, რომ კომერციული სექტორისთვის აზერბაიჯანული გაზი არის საკმაოდ ძვირი. თუ თეორიულად შეიძლება გაზის 43%  მივიღოთ “გაზპრომისგან”?

– ეს გამორიცხულია, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ძალიან პატარა კომერციული სექტორი და პატარა კომპანიები. ყველაზე დიდი, რაც კი ჩვენთან არსებობს, არის “აზოტი”. ამის გარდა დიდი კომპანია არ გაგვაჩნია. ერთადერთი არის “აზოტი” და ისიც შემცირებული სიმძლავრით მუშაობს. ამიტომ ის, რომ ჩვენი კომერციული გაზის სექტორი ვინმემ მთლიანდ ჩაიგდოს ხელში, დარეგულირებულია. კომპანიებს შეუძლიათ წავიდნენ და თვითონ დადონ კონტრაქტები.

– თუკი კომერციული სექტორი თვითონ დადებს ხელშეკრულებას “გაზპრომთან”, ამ შემთხვევაში როგორ არ მივიღებთ?

– მე არ ვიცი. თუ “გაზპრომმა” ისეთი პირობები შესთავაზა “აზოტსაც”, თბილისში კომერციულ ობიექტებს, საცხობებს, აბანოებსაც, მე არ ვიცი, როგორ შეიძლება ეს მოხერხდეს, რომ ყველამ ასე ერთბაშათ “გაზპრომთან” გააფორმოს ხელშეკრულება. “სოკარმა” არაერთხელ თქვა, რომ კომერციულ სექტორში ჯანსაღი კონკურენციისთვის “გაზპრომთან” მზად ვართო. მეტი სხვანაირად როგორ უნდა თქვას? თუ ისინი ამ კონკურენციაში შევლენ, რა თქმა უნდა, ეს ხელს შეუწყობს გაზის ფასის ქვევით დაწევას.

მომზადებულია ნეტგაზეთის მასალების მიხედვით