05/05/2024
Latest:
მსოფლიო

აზერბაიჯანში უცხოური ვალუტის დეფიციტია

ბანკებმა დოლარის და ევროს გაყიდვა შეწყვიტეს

აზერბაიჯანის უმსხვილესმა ბანკებმა ფაქტობრივად შეწყვიტეს დოლარის და ევროს გაყიდვა, რის მიზეზადაც უცხოური ვალუტის დეფიციტს ასახელებენ.

ფინანსური ბაზრის რამდენიმე წარმომადგენლის ინფორმაციით, პრობლემები დაკავშირებულია ბანკების მიერ ვალუტის დარეზერვებასთან, დოლარსა და ევროში მოქმედ დეპოზიტებზე მოთხოვნის შემთხვევისთვის.

„დოლარი და ევრო გაიცემა მხოლოდ და მხოლოდ დეპოზიტებზე მოთხოვნით, რომლებიც აღნიშნულ ვალუტებშია გახსნილი. გაცვლითი ოპერაციები ჯერჯერობით არ ხორციელდება,“ – განაცხადეს რამდენიმე ბანკში.

ფინანსური ბაზრის მოთამაშეები ამბობენ, რომ ეს პირდაპირ უკავშირდება ცენტრალური ბანკის მხრიდან კომერციული ბანკებისთვის უცხოური ვალუტის მიყიდვის შეჩერებას, რის შედეგადაც ბაზარზე ვალუტის დეფიციტი გაჩნდა.

7 იანვარს მანათის კურსი დოლართან მიმართებაში 1,5626–ით განისაზღვრა, ერთი  ევრო კი 1,6913 მანათს გაუტოლდა.

გარდა ამისა, გუშინ ამოქმედებული ცვლილების თანახმად, 500 დოლარზე მეტი ეკვივალენტის თანხის გადაცვლისას აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა. მანამდე ეს ზღვარი 5 ათას დოლარზე იყო დაფიქსირებული.

commersant.ge