საზოგადოება

“ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ დამისახელებთ ბიზნესკომპანიას, რომელსაც სახელმწიფოსგან წნეხი აქვს”

დღეს უნდა შეწყდეს საუბარი იმაზე, თავისუფალია თუ არა ბიზნესი, რადგან ბიზნესი რა თქმა უნდა, თავისუფალია, – განაცხადა “თიბისი ჯგუფის” პრეზიდენტმა, მამუკა ხაზარაძემ გადაცემა 2030-ში.

“ხმამაღლა უნდა ითქვას, რომ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვერ დამისახელებთ ბიზნესკომპანიას, რომელსაც სახელმწიფოსგან წნეხი აქვს. არ მეგულება მაგალითი, როცა ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა ან ბიზნესის წართმევა მოხდა. მოგების გადასახადის გაუქმება, რომელიც ძალაში მომავალი წლიდან შედის, მობილიზაციას გაუკეთებს ძალიან დიდ შიდა რესურსს, რომ ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და სამუშაო ადგილები შეიქმნას”, –  განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, კერძო სექტორსა და მთავრობას შორის ჯანსაღი ურთიერთობაა.

“დიალოგი, რომელიც ჩვენსა და მთავრობას შორის მიდის, ყოველგვარ ფორმალობასა და უფროს-უმცროსობას მოკლებულია. ჩვენ მთავრობებისგან სხვანაირი დამოკიდებულება გვახსოვს, დღეს კი ეს დამოკიდებულება პარტნიორულია. ზოგი კარნახს მიეჩვია, როგორ გაეკეთებინა ბიზნესი. ბიზნესი კი, თავისუფალი ადამიანების გასაკეთებელი საქმეა და თუ ერთი მხრივ, სახელმწიფო არ გაწუხებს და გაქვს ინიციატივა, მაშინ დარჩა მობილიზაცია, რაც უნდა მოახდინო. სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა და რა თქმა უნდა, წინ მივდივართ”, – განაცხადა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, კვირიკაშვილი ძალიან კვალიფიციური კადრია და ის ქვეყანაში ვითარების უკეთესობისკენ შეცვლაზეა ორიენტირებული.

“მთავრობაში ბიზნესის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს სერიოზულად განიხილავენ. ძალიან ბევრ სფეროში სტაბილიზაცია მოხდა. ბოლო 1 წლის განმავლობაში, მსოფლიო კრიზისის ფონზე არსებულმა სავალუტო რყევებმა აჩვენა, რომ ქართული ეკონომიკა, განსაკუთრებით კი, საბანკო სექტორი  ძალიან მყარია და ასეთ დარტყმებს უძლებს მაშინ, როცა ბევრმა მეზობელმა ქვეყანამ ძალიან ცუდი შედეგი მიიღო”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.