მსოფლიო

ბრაზილიის ეკონომიკაში პრობლემებია – რა იწვევს კრიზისს

ბრაზილიის ამჟამინდელ ღრმა ეკონომიკურ რეცესიასა და პოლიტიკურ შფოთვაში უჩვეულო არაფერია, თუკი, მხედველობაში მივიღებთ მსგავს მოვლენებს ქვეყნის უახლეს ისტორიაში, რომელშიც უხვადაა ეკონომიკური და პოლიტიკური არასტაბილურობის პერიოდები. ასე იწყება ,,უოლ-სტრიტ ჯორნალის” ბოლო ნომერში გამოქვეყნებული სტატია გაზეთის მიმომხილველის გრეგ იპის ავტორობით.

ისევე როგორც ბევრი სხვა განვითარებადი ეკონომიკა 80-იანსა და 90-იან წლებში, ბრაზილია განიცდიდა იმას, რასაც ბევრი ეკონომისტი უწოდებს ,,უეცარ გაჩერებას”. ჭარბად გაძლიერებული ადგილობრივი ვალუტა და მაღალი ინფლაცია ძირს უთხრიდა ქვეყნის პროდუქციის კონკურენტ-უნარიანობასა და ასევე ახალისებდა უცხოეთიდან ვალების აღებას. შემდგომში, უცხო კაპიტალი ქვეყნიდან გარბოდა, ადგილობრივი ვალუტა უეცრად ეცემოდა. შედეგად, მთავრობები, ბანკები და კომპანიები ვეღარ ფარავდნენ უცხოურ ვალებს. ხდებოდა მასიური დეფოლტი მტკიცე ვალუტაში აღებულ ვალებზე.

მაგრამ, რაც დღეს ბრაზილიაში ხდება, განსხვავებულ სურათს იძენს. ბრაზილიის ვალუტას მცურავი გაცვლითი კურსი აქვს და არაფერი უჭირს. ინფლაცია 10 პროცენტს არ აღემატება და მცირდება კიდეც. ვალებიც მეტწილად ადგილობრივ ვალუტაშია აღებული. ბანკები ფინანსურად ჯანსაღია და სახელმწიფო რეზერვებიც საკმაოდაა მომარაგებული უცხო ვალუტით. ცნობისთვის, რეზერვების მოცულობა 370 მილიარდ დოლარს აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ზემოხსენებული ,,უეცარი გაჩერების” არავითარი ნიშნები არ ჩანს, მიმდინარე ეკონომიკური კრიზისი შედეგია მრავალწლიანი პროტექციონიზმის, ჭარბი რეგულირებისა და არასაკმარისი ინვესტიციების. ამ პრობლემებს დიდ ყურადღებას არ აქცევდნენ სანამ აღმავლობას განიცდიდა ნედლეულის ბაზარი დღეს რომ სერიოზულადაა დაცემული.

რაც შეეხება პოლიტიკურ შფოთვას, ამ უკანასკნელს ბიძგი მისცა კორუფციულმა სკანდალმა, რომელიც მოიცვა სახელმწიფო ნავთობის კომპანია ,,პეტრობასი”. მაგრამ უფრო დიდ აღშფოთებას იწვევს ის გარემოება, თუ რაოდენ მცირე სარგებლის მომტანია მოსახლეობისთვის ქვეყნის ნავთობის ინდუსტრია. თანდათან ეცემა ერთ სულზე რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი. ეს მაჩვენებელი თუ 1980 წელს 38 პროცენტს აღწევდა შეერთებული შტატების შესაბამის მონაცემთან მიმართებაში, დღეს იგი მხოლოდ 27 პროცენტს შეადგენს.

უნდა ითქვას, რომ ბრაზილიის ეკონომიკურ კრიზისს მსგავსად განიცდიან სხვა ქვეყნებიც, მაგალითად რუსეთი და სამხრეთი აფრიკა, რომლებიც თავის დროზე აღმავლობის გზაზე იდგნენ, როცა ნედლეულზე მოთხოვნილების გლობალურ ბუმს ჩინეთის ეკონომიკა გენერირებდა. ბევრში მოწონებას პოულობდა და მიმბაძველად მიაჩნდა კიდეც ეკონომიკური მენეჯმენტი, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებდა. ამავე დროს, მხედველობიდან რჩებოდათ ჩინეთის ძალისხმევა, რომელიც მიმართულია მაღალ ინვესტიციებსა და მანუფაქტურული ნაწარმის ექსპორტისკენ, რაც სინამდვილეში მეტად საჭიროა წარმოების პროდუქტიულობისა და ზრდისთვის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, ნედლეულის ექსპორტზე ორიენტირებულ ქვეყნებში დიდი არაფერი ყურადღება ექცეოდა იმ გარემოებას, რომ ხსენებული ექსპორტის ბუმის წლებში, სხვა სექტორების პროდუქტიულობა რეალურად არ გაზრდილა.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩინეთში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, სახელმწიფო და კერძო ინვესტიციების მოცულობა 43-ამ პროცენტს აღწევს. რა თქმა უნდა ამას გარკვეული უარყოფითი მხარეებიც გააჩნია, როგორიცაა მაგალითად, ჭარბი წარმოება და ვალები. მიუხედავად ამისა, ამგვარ პოლიტიკას შედეგად მოჰყვა წარმოების შთამბეჭდავი ზრდა. ჩინეთისგან განსხვავებით, ბრაზილიაში მცირე ინვესტიციები ხორციელდება. ამ უკანასკნელის ჯამური მოცულობა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში მხოლოდ 17 პროცენტია. ასეთი მონაცემით ბრაზილია ჩამორჩება სამხრეთ ამერიკის ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩილე, კოლუმბია და მექსიკა.

ბრაზილიის ამჟამინდელი გრძელვადიანი პროგნოზით, წლიური ეკონომიკური ზრდა 2 პროცენტის მაჩვენებელს დიდად არ აღემატება. ასევე მოელიან, რომ ინფლაციამ შესაძლოა 20-ც პროცენტსაც კი გადააჭარბოს. ამასობაში აპირებენ გადასახადით დაბეგვრას სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავლების, რაც განსაკუთრებით საზიანო იქნება ბრაზილიის ვალის მყიდველებისთვის. მართალია, ამჟამინდელი კრიზისი შორსაა ეკონომიკური კოლაფსისგან, მაგრამ იგი არანაკლებ მტკივნეულია ქვეყნისთვის, რამეთუ წინა კრიზისებისგან განსხვავებით, ამჟამინდელს გრძელვადიანი ხასიათი აქვს.