“ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირადღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას”
ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინსიტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოში იწყება იშვიათი, ძვირადღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელება, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს.
”ჩვენს ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იწყება – დღეს საფუძველი ეყრება ტექნოლოგიური ინსტიტუტის მშენებლობას.
ტექნოლოგიური ინსტიტუტი ეპოქალური მნიშვნელობის პროექტია ჩვენი ქვეყნისათვის და მივესალმები ყველას, ვინც ახლა ჩვენთან ერთად არის და იზიარებს ამ დიდ სიხარულს.
მივესალმები და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი პატივცემულ სტუმრებს, სახელოვან მეცნიერებს, რომლებიც სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.
როგორც იცით, ამ რამდენიმე ასეული მილიონი ევროს ღირებულების პროექტს აფინანსებს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“, მინდა მივესალმო და განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ამ კიდევ ერთი საშვილიშვილო საქმის წამოწყებისთვის.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინსტიტუტი გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში.
განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, ამ პროექტის ყველაზე მთავარი კომპონენტის – ნაწილაკთა ამაჩქარებლის მშენებლობის მნიშვნელობა. ფართო წრეებში „კოლაიდერად“ ცნობილი ნაწილაკების ამაჩქარებლის კომპლექსის მეშვეობით ქართველ მეცნიერებს და მეცნიერთა ახალ თაობებს შეეძლებათ უმნიშვნელოვანესი კვლევების ჩატარება, მათ შორის მედიცინის, კერძოდ კი, ონკოლოგიის „ადრონული თერაპიის“ მიმართულებით. ამ მხრივ ჩვენი ტექნოლოგიური ინსტიტუტი იქნება მსოფლიოში მეხუთე იტალიის, შვეიცარიის, იაპონიისა და ავსტრიის შემდეგ”,- განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობამ ექსპერიმენტული კვლევითი ბაზის მშენებლობისა და შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში გამოცდილების გაზიარების მიზნით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მსოფლიოში წამყვან ისეთ ცენტრებთან, როგორიც არის CERN (ბირთვულ კვლევათა ევროპული ცენტრი), CNAO (ადრონული თერაპიის ეროვნული ცენტრი), INFN (იტალიის ბირთვული ფიზიკის ეროვნული ინსტიტუტი) და სხვა.
”სწორედ მათთან ერთად ხორციელდება ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი. მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება გამორჩეულად სასარგებლო და ნაყოფიერი.
ნაწილაკების ამაჩქარებლის მშენებლობის დასრულების შემდეგ ამ ინსტიტუტს ექნება მსოფლიო დონის მასშტაბური კვლევითი ცენტრის დანიშნულება. იგი იმუშავებს ადრონული თერაპიის მიმართულებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მსოფლიოში სიმსივნის მკურნალობის ეს უახლესი მეთოდი წარმატებით დაინერგება ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი მიზანია, ეს ინსტიტუტი გახდეს წამყვანი უმაღლესი კვალიფიკაციის მეცნიერების თავშეყრის ადგილი.
მინდა გითხრათ, რომ ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი ჩვენი ქვეყნის კვლევითი პოტენციალის განვითარებისა და ინტელექტუალურ-საგანმანათლებლო დონის ასამაღლებლად. აქ განხორციელდება სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, სამეცნიერო კვლევები ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, მათემატიკის, კომპიუტერული ტექნოლოგიებისა და ინჟინერიის მიმართულებით; აქ იქნება უნიკალური ექსპერიმენტული ბაზა თანამედროვე კვლევებისათვის.
ჩვენს სტუდენტებს ექნებათ საშუალება, აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო სამეცნიერო კვლევებში. მინდა ხაზი გავუსვა, სტუდენტების სწავლას და პარტნიორ ორგანიზაციებში მათ მივლინებებს მთლიანად დააფინანსებს ფონდი „ქართუ“, რაც მართლაც უდიდესი და უპრეცედენტო მხარდაჭერაა. სასიხარულოა, რომ ინსტიტუტის სტუდენტები თვითონ მიიღებენ მონაწილეობას ექსპერიმენტული ბაზის მშენებლობასა და მის ექსპლუატაციაში გაშვებაში. ეს მათ დამატებით გამოცდილებას შესძენს.
დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან მალე დავამტკიცებთ, რომ შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა მეცნიერების და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების საქმეში.
ჩვენ ვიწყებთ იშვიათი, ძვირადღირებული, ძალიან პერსპექტიული პროექტის განხორციელებას, რაც დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ისე მთელ რეგიონს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.